Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კაბალის ხევის გაწმენდას ითხოვს


სტიქიის შედეგად განადგურებული მოსავალი
სტიქიის შედეგად განადგურებული მოსავალი

10 მაისის სტიქიამ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 200 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა, თუმცა ჯერ არ არის დათვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იმ საკარმიდამო ნაკვეთების ფართობი, სადაც მოსახლეობას სათბურები აქვს და ადიდებულმა კაბალის ხევმა ნარგავები და მოსავალი გაანადგურა. თავად მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი დიდია. სოფელში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კაბალის ხევის გაწმენდას ითხოვს.

ველიევ ისაოღლი სოფელ კაბალში ცხოვრობს. ამბობს, რომ წელს 7 ჰექტარ ფართობზე სიმინდი დათესა, მაგრამ დაიტბორა და ახლად ამოსული ნათესების დიდი ნაწილი წყალმა წაიღო. ფერმერის თქმით, მინიმუმ 15 ათასი ლარით დაზარალდა. ველიევ ისაოღლი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ, უკვე წლებია, კაბალის ხევის სათავე არ გაწმენდილა, რამაც მათთვის სავალალო შედეგი მოიტანა:

ველიევ ისაოღლი
ველიევ ისაოღლი

„შვიდი ჰექტარი სიმინდი სტიქიამ გამიფუჭა. უკვე ამოსული სიმინდი იყო. მე აქ, ათწლეულებია, ვმუშაობ და კაბალის ხევში არ მინახავს ტრაქტორი, რომელიც ხევს გაწმენდდა. ახლა მიწები დაბლა მდებარეობს, ხევი კი მაღლიდან არის მოქცეული. ჩემი ზარალი მინიმუმ 15 000 ლარია. ვინმე დამეხმარება? იმედი არ მაქვს“...

დაზარალებულთა შორის არის რამიზ ჰაჯიევიც. მას საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში 10-მდე სათბური აქვს, სადაც კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნისა და ლობიოს ადრეული მოსავალი მოჰყავს. ფერმერის თქმით, წყალდიდობის შემდეგ, როდესაც მზე გამოვა, მოსავალი მთლიანად გაფუჭდება. რამიზ ჰაჯიევის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა, უკვე წლებია, კაბალის ხევის გაწმენდას ითხოვს, მაგრამ მათი თხოვნა არავინ გაითვალისწინა:

რამიზ ჰაჯიევი
რამიზ ჰაჯიევი

„ჩვენ მთავრობისგან მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ მდინარე კაბალი გაიწმინდოს. საქმეს არავინ აკეთებს, მხოლოდ ლაპარაკი არ გვშველის. სტიქია იყო და ამ დრომდე არავინ მოსულა და არ უკითხვას, როგორ ხართო. იქნებ დავიხოცეთ? მოვიდეს მთავრობა და ხევის სათავე გააკეთოს. ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ. ბევრი ფული გვაქვს დახარჯული და ახლა ვეღარაფერს ავიღებთ“.

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი, იყო ჩასული. მან, მოსახლეობის ნაწილის მსგავსად, ადგილობრივი ხელისფლება დაადანაშაულა. თქვა, პრევენციული ღონისძიებები რომ ადრე გაზაფხულზე ჩატარებულიყო, სტიქია მოსახლეობას ვერ დააზარალებდაო.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კაბალის ხევის გაწმენდას ითხოვს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00

„ყველამ კარგად ვიცით, კაბალში და მიმდებარე სოფლებში სტიქია ადრეც ყოფილა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. წლები ისე გადის, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ არ გაწმენდილა მდინარე კაბალის ხევი, რომელიც არის ღვარცოფული მდინარე. და რა ხდება დღეს? ის ფული, რომელიც გამოყოფილია მდინარეების გასაწმენდად, მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში, ხოლო ფული, რომელიც მოსახლეობის ჯიბეში უნდა შევიდეს და იმით უნდა იცხოვრონ ამ ადამიანებმა, წყალმა წაიღო“.

10 მაისის სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი კაბალი დააზარალა. ამ სოფელში იყო ჩასული კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი. ჩვენ ვკითხეთ, მას, ბოლოს როდის გაიწმინდა კაბალის ხევის სათავე, მაგრამ მან ამ შეკითხვას არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ გასულ წლებში რეგიონში მდინარეებზე ჩატარებულმა ნაპირსამაგრმა სამუშაოებმა შედეგი ვერ გამოიღო და ამიტომ ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, ამ კუთხით უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ. ქადაგიშვილი ამბობს, რომ საფრთხის შემცველი მდინარეებია შრომისა და ლაგოდეხის ხევებიც, რომლებიც ასევე დროულ გაწმენდას საჭიროებენ.

ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი

რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას და ზარალის ანაზღაურების საკითხს, ქადაგიშვილის თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტს მოსახლეობის პირდაპირი დახმარების არც საშუალება აქვს და არც უფლება. სახელმწიფო რწმუნებული ფერმერებს ურჩევს, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლონ და მათ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს:

„აგროდაზღვევა - ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სტიქიური მოვლენების გამო ერთწლიანი ნარგავები დაგიზიანდება, 70 პროცენტს გინაზღაურებს სახელმწიფო. ანუ, აგროდაზღვევის შემთხვევაში, თანხის 70 პროცენტი არის სახელმწიფოსი. აქ არის ერთადერთი გამოსავალი ის, რომ ხალხმა, რომელმაც ეს კარგად იცის, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიმართოს აგროდაზღვევის ამ ყველაზე ეფექტურ პოლიტიკას, სხვანაირად, რამდენი წვიმა მოვა და სხვა სტიქია მოხდება, არ აქვს მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ზარალი აანაზღაუროს. ასეთი შესაძლებლობა სხვა ქვეყნებსაც არ აქვთ“.

მდინარე კაბალი
მდინარე კაბალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დღეს მძიმე ტექნიკა მუშაობს. სოფელში შიდა გზებს წმენდენ, კაბალის ხევში კი სათავეს ასუფთავებენ. კაბალის ხევი ღვარცოფული მდინარეების კატეგორიას მიეკუთვნება და ის სოფლის მოსახლეობას დროგამოშვებით აზარალებს ხოლმე. როდის დაიწყებს მთავრობა მდინარის კალაპოტის მასშტაბურ გაწმენდას და დამცავი გაბიონების მშენებლობას, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG