Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სულაც არაა სასაცილო“: როგორ გაიგეს პომპეოს კომენტარი აშშ-ის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, როგორც აშშ-ის უმაღლესი რანგის დიპლომატი, სხვა ქვეყნებს მოუწოდებს ხოლმე, დაიცვან დემოკრატიის პრინციპები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. პომპეოს ერთი კომენტარი, შესაძლებელია ხუმრობაც, რომელიც, ჩანს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ აყენებს, შეიძლება არასწორად გაიგონ უცხოეთის ქვეყნებში.

მაიკ პომპეო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი, მოვალეა, პოპულარიზება გაუკეთოს დემოკრატიულ ფასეულობებს.

ამიტომაა, რომ მისი კომენტარი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად არჩევის ეჭვქვეშ დაყენების შესახებ, დაბნეულობას იწვევს და ბევრს უჩენს შეკითხვას, რა შეიძლება ასეთმა კომენტარმა აფიქრებინოს მსოფლიოს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვაშინგტონში ათ ნოემბერს პომპეოს ჰკითხეს, თანამშრომლობდა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბაიდენთან, რათა, სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, ძალაუფლების გადაცემა დაუბრკოლებლად მომხდარიყო. პომპეოს პასუხი ასეთი იყო: მოველით ძალაუფლების დაბრკოლებების გარეშე „გადაცემას ტრამპის მეორე ადმინისტრაციისთვის“.


პომპეომ ეს კომენტარი გააკეთა მანამ, სანამ მოგზაურობას დაიწყებდა უცხოეთის ქვეყნებში, მათ შორის, ვიზიტს საქართველოში, სადაც ოპოზიციური პარტიების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა დარღვევები, გაყალბება და ამის გამო იმართება საპროტესტო გამოსვლები.

თავისი მოგზაურობისას, სხვათა შორის, თურქეთში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პომპეო შეხვდება პოლიტიკოსებს, რომლებმაც უკვე მიულოცეს ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა. საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბაიდენს, ასევე არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

მიუხედავად ფაქტისა, რომ 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულად მედიის მიერ გამოცხადდა ბაიდენი, რომელმაც შტატებში ხმების დათვლის შედეგად პრეზიდენტად არჩევისთვის საარჩევნო კოლეგიის ხმების საკმარისი რაოდენობა მოაგროვა, ტრამპი და მისი საარჩევნო შტაბი გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომ მოხდა გაყალბება და სასამართლოების გზით ცდილობენ შედეგების შეცვლას.

პომპეომ „სასაცილო“ უწოდა მოსაზრებებს იმაზე, რომ ტრამპის დაუსაბუთებელი განცხადებები არჩევნების შედეგების ფართომასშტაბიანი გაყალბების შესახებ ავნებს აშშ-ის ავტორიტეტს უცხო ქვეყნების არჩევნების შეფასების დროს და კვლავ ამტკიცებდა, რომ ტრამპმა ამ არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვოს. „ჩვენმა ოპონენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ვართ მზად, ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მუშაობას იანვრამდე. შემდეგ, 20 იანვარს, გვექნება ძალაუფლების გადაცემა ან ტრამპის ადმინისტრაციისთვის, ტრამპის მეორე ადმინისტრაციისთვის, რომელზეც დღეს ვთქვი, ან ადმინისტრაციისთვის, რომლის სათავეში იქნება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი“, თქვა კონსერვატული რადიოს წამყვან ტონი პერკინსთან ინტერვიუში პომპეომ.

თავის სხვა, Fox News-თან, ინტერვიუში 10 ნოემბერს პომპეომ გააფრთხილა ბაიდენის გუნდი, რომ უადგილო იქნებოდა უცხოელ ლიდერებთან საუბარი და გაახსენა მათ აშშ-ის 1799 წელს მიღებული ლოგანის კანონი, რომელიც უკრძალავს კერძო პირებს აშშ-ის სახელით წარმართონ საგარეო პოლიტიკა. „თქვენ იცნობთ ლოგანის კანონს. მე ვიცნობ ამ კანონს. იმედი მაქვს, ყველა ის, ვინც ახლა ამ საუბრებს წარმართავს, არ არღვევს ამ კანონს. დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტრო გულმოდგინედ აკვირდება მათ“.

ტრამპის ადმინისტრაციის უარის გამო, აღიაროს ამ ეტაპზე არჩევნების შედეგები, ბაიდენს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, რაც ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის საშუალებით ხდებოდა ხოლმე, ულოცავენ სხვა გზებით.

მარკ ტაკანო, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი კალიფორნიიდან, თვლის, რომ უცხოეთში ბევრი შეაშფოთა პომპეოს განცხადებამ და მან პომპეოს კომენტარს უწოდა აშშ-ის დემოკრატიული პროცესის დაცინვა.

ბაიდენმა საჯაროდ მაინც განაცხადა, რომ „არ არსებობს არავითარი მტკიცებულება“, რაც დაასაბუთებდა კენჭისყრის გაყალბებას. მან ტრამპის უარს, არ აღიაროს შედეგები, უწოდა „სირცხვილი“, რომელიც საპრეზიდენტო მემკვიდრეობას არ წაადგება“.

სხვებმა, კონგრესის წევრების ჩათვლით, პომპეოს დაფიქრებისკენ მოუწოდეს. ელიოტ ენგელი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს ახლა, აცხადებს, რომ „პომპეო არ უნდა გაერიოს გასული კვირის არჩევნების ლეგიტიმურობის დაუსაბუთებელ და საშიშ შეტევებში“.

ენგელმა, რომელმაც ხმამაღლა გააკრიტიკა პომპეო, დასძინა, რომ „საგარეო საქმეთა უწყება არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების გადასაბარებლად უნდა იწყებდეს მზადებას“.

ამერიკელი ვეტერანი დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ ჰაასი ამბობს, რომ ამ დროს და ამ ვითარებაში პომპეოს ნათქვამი „სულაც არ არის სასაცილო“.

„სხვა კონტექსტში, სხვა სამყაროში, სხვა დროს პომპეოს კომენტარი „ტრამპის მეორე ადმინისტაციისთვის“ ძალაუფლების გადაცემაზე, შეიძლებოდა სახალისო ყოფილიყო, მაგრამ ახლა სასწორზე ბევრი რამაა, ჩვენი დემოკრატია და ჩვენი ავტორიტეტი“, დაწერა მან ტვიტერით.


ევროკავშირის პარლამენტის ლიბერალი წევრი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გი ფერფოფსტადტი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ახსენებს და პომპეოს ადანაშაულებს, რომ უსინდისოდ ამზადებს საფუძველს „პუტინის სტილის ავტორიტარიზმისთვის“.

მაიკ პომპეომ არ მოიწონა ჟურნალისტის კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღეს უცხოეთში ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების უარყოფა.

„სასაცილოა და თქვენ იცით, რომ ეს არის სასაცილო, და თქვენ ეს მკითხეთ, რადგან იცით, რომ არის სასაცილო“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტს, რომელმაც ტრამპის პოზიციის გამო აშშ-ის ავტორიტეტისთვის ზიანის შესაძლებელ მიყენებაზე ჰკითხა.
ეს უწყება მართლა ზრუნავს იმისთვის, რომ არჩევნები მთელ მსოფლიოში იყოს უსაფრთხო, თავისუფალი, სამართლიანი და ჩემი თანამშრომლები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ ამის უზრუნველსაყოფად, თქვა პომპეომ.

ახლახან პომპეომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატეს დარღვევების შესახებ არჩევნებზე არაერთ ქვეყანაში, ტანზანიიდან და კოტ-დ’ივუარიდან ბელარუსამდე.
ალექსანდრ ლუკაშენკა ოფიციალურად გამოცხადდა ბელარუსში 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად, მაგრამ შედეგები ოპოზიციამ და დასავლეთმა უარყვეს. დასავლეთმა, აშშ-ის ჩათვლით, ლუკაშენკა არ ცნო ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად, ბელარუს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესეს არჩევნების გაყალბებასთან კავშირის, ასევე დემონსტრაციების ჩახშობაში მონაწილეობის გამო.
„ჩვენ გვსურს ბელარუსი ხალხისთვის კარგი შედეგი და შესაბამის ზომებს მივმართავთ“, უთხრა პომპეომ რადიო თავისუფლებას პრაღაში 12 აგვისტოს.

ოქტომბრის თვეში მან Fox News-ს უთხრა, რომ აშშ ლუკაშენკას მიერ საკუთარი თავის კვლავ პრეზიდენტად გამოცხადებას არ ეთანხმება.

ახლა 66 წლის ლუკაშენკა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლაპარაკობს. მისი სიტყვებით, დემოკრატიის ბასტიონში ამ დემოკრატიის დაცინვა ხდება. „ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება ეუთოს და როგორ მოითხოვს გერმანიის პარლამენტი განმეორებით არჩევნებს ამერიკაში. იქ კი უკვე საჭიროა განმეორებითი არჩევნების მოთხოვნა, რადგან დაირღვა ყველაფერი, შიდა კანონმდებლობაც“, უთხრა ლუკაშენკამ ატომური ელექტროსადგურის გახსნისას ჟურნალისტებს. ლუკაშენკა თვლის, რომ „არც ფრანგები და არც გერმანელები“ და არც „ანგლო-საქსები“ არ მოითხოვენ განმეორებით არჩევნებს აშშ-ში, რადგან, მისი თქმით, „შეეშინდებათ“.

2019 წლის იანვრის ანგარიშში, რომელიც შეეხებოდა ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს, რომლის პრეზიდენტად არჩევა 2018 წელს არ იქნა აღიარებული აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა: „10 იანვარს ყოფილ პრეზიდენტ მადუროს ვადა გაუვიდა. ის ისწრაფოდა, ძალაუფლება შეენარჩუნებინა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საფუძველზე. არჩევნები ფართოდ იქნა მიჩნეული, როგორც არათავისუფალი და არასამართლიანი. მისი მოთხოვნა არ მიიღო დემოკრატიულად არჩეულმა ეროვნულმა კრებამ“.

არათანმიმდევრულია ტრამპის ადმინისტრაცია უცხოეთის ქვეყნების არჩევნების შეფასებაში. ტრამპმა 2018 წელს კვლავ არჩევა მიულოცა ვლადიმირ პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიფინგის ჩანაწერში მითითებული იყო: „არ მიულოცოთ“.

ტრამპმა 2017 წელს „მშვიდობიან, სამართლიან და გამჭვირვალე პაექრობაში“ გამარჯვება მიულოცა კენიის მოქმედ პრეზიდენტს, უჰურუ კანიატას, თუმცა კენიის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა შედეგები.
ტრამპის ადმინისტრაციამ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ასევე ჰონდურასის პრეზიდენტს, ხუან ორდანდო ერნანდეს, რომელიც კვლავ გახდა პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია მეორე ვადით არჩევას კრძალავდა.

თავისი მომავალი მოგზაურობისას, სხვათა შორის, მაიკ პომპეო ეწვევა საქართველოს, სადაც ოპოზიცია გამოთქვამს ბრალდებას, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრის დროს მოხდა გაყალბებები.
თავისი შეხვედრებისას საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან პომპეო გამოხატავს აშშ-ის მხრიდან „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ სრულ მხარდაჭერას, და მოუწოდებს დემოკრატიული რეფორმების გატარებაში წინსვლისკენ“, წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG