Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეალურად, ეს პოზიცია მინიმუმ მოაზრებული იყო კონკრეტული ადამიანისთვის"


სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე
სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე

11 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა ლონდა თოლორაიას კანდიდატურას.

საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე გახლდათ იმ კომისიის წევრი, რომელსაც უნდა შეერჩია სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატები. ის იმ ეტაპზე გამოეთიშა პროცესს, როცა ჩათვალა, რომ კომისია არსებული დებულების შესაბამისად არ მოქმედებდა. ამის თაობაზე ის გადაწყვეტილების მიღებამდეც წერდა. მოგვიანებით პროცესის მიმართ კრიტიკული პოზიცია გამოხატა კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის.

10 ივნისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორიდან ერთ კანდიდატს - ლონდა თოლორაიას.

სულხან სალაძე თვლის, რომ მმართველი ძალისთვის თავიდანვე ცხადი იყო, ვინ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორი:

“ეს უფრო ფორმალური კონკურსი იყო, ვიდრე რეალური. გუშინ კომიტეტზე პრაქტიკულად მეორე კანდიდატს კომიტეტის არცერთმა წევრმა უმრავლესობიდან მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციას საერთოდ არც ერთისთვის დაუჭერია მხარი. მგონი, არც იმყოფებოდა სხდომაზე. მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, რომ რეალურად ეს პოზიცია მინიმუმ მოაზრებული იყო კონკრეტული ადამიანისთვის“.

სულხან სალაძე პრობლემად თვლის იმასაც, რომ ლონდა თოლორაია დღემდე შსს-ს თანამშრომელი იყო, ანუ ერთ-ერთი იმ უწყებისა, რომელიც მომავალში უნდა აკონტროლოს.

საია-ს თავმჯდომარე კანონის ერთ-ერთ ხარვეზად თვლის იმასაც, რომ მასში არ არის იმ ტიპის შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატს აუკრძალავდა სამართალდამცავ სტრუქტურებთან შემხებლობას პოსტზე არჩევამდე გარკვეული ხნის განმავლობაში (მაგალითად, ერთიდან სამ წლამდე პერიოდში).

კრიტიკის მთავარი საგანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის მიღებისას იყო ისიც, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის სასამართლოში წარდგენის საკითხს კვლავ პროკურატურა გადაწყვეტს და არა სახელმწიფო ინსპექტორი. ამ მოცემულობაში სულხან სალაძე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს - ვინ არის სახელმწიფო ინსპექტორი და რამდენად შეძლებს ის საჭიროების შემთხვევაში პროკურატურის გადაწყვეტილებაზე მკვეთრი პოზიცია გამოხატოს, „თავზეც გადაახიოს“ საქმე პროკურატურას. სულხან სალაძე დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უწოდებს „პოლიციის პოლიციას“ და სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება:

„მაგალითად, პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევას თუ ავიღებთ, ამ ტიპის საქმეებს გამოიძიებს არა სიტემა, არამედ სისტემის გარეთ მდგომი სისტემა. ამიტომ, აქ, ცხადია, მნიშვნელოვანია ვინ იქნება ინსპექტორი. რა მასშტაბის და წონის გავლენა ექნება მას და შეძლებს თუ არა თავზე გადაახტეს პროკურატურას“.

„დილის საუბრების“ სტუმარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ ხელისუფლების ფორმალური დამოკიდებულების კიდევ ერთ დასტურად თვლის დაფინანსების საკითხის დღემდე მოუგვარებლობას:

„ის, რომ სახელმწიფო ფორმალურად უყურებს ამ პროცესს, გამოჩნდა დაფინანსების საკითხშიც. პრაქტიკულად არაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დეპუტატები კანდიდატებს ეკითხებოდნენ ამას. ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. თვე არაა გასული, რაც 12 მაისს მილიონი ლარი გამოყვეს გაუგონარი ღონისძიებების დასაფინანსებლად. ფინანსური პრობლემა გამოგონილია. სახელმწიფო ინსპექტორს არც გამომძიებლები ჰყავს, არც ფინანსურად არის გამართული და არც არავინ გადამზადებულა“.

სულხან სალაძე ხელისუფლებას შეახსენებს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საჭიროება საზოგადოებამ განსაზღვრა:

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ინსტიტუტი არ იყო „ქართული ოცნების“ ამოჩემება და მისი მოგონილი ამბავი. ეს იყო ჩვენი მხრიდან ფორსირებული პროცესი და მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაწყებული პროცესი. პროცესი უკვე დაზიანდა იმით, რაც მოხდა საკონკურსო პროცესში“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG