Accessibility links

"დანაშაული მოხდა თუ არა, ეს უნდა დავადგინოთო. ვეკითხები, მაკო გომურს რომ თვალი არ აქვს, ეს დანაშაული არის თუ არა? ძალიან მარტივი კითხვაა!"


სულხან სალაძე, საიას თავმჯდომარე

„სახელმწიფო, როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა, გვეუბნება - მაკო გომურმა თვალი რომ დაკარგა, ეს დანაშაული არ არის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ გიორგის [სულაშვილი] მაგალითზე, როცა ათეულობით ოფთალმოლოგიური და ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა 20-21 ივნისის მოვლენების ღამეს... ხელისუფლების მიერ ათეულობით მოქალაქისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იქ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი იყო დანაშაული“, - აცხადებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე რადიო თავისუფლების ეთერში. ის ასახელებს მეორე მიზეზსაც, რატომაც, მისი აზრით, ხელისუფლებას არ უნდა, 20-21 ივნისს დაზარალებულ ათეულობით ადამიანს მიანიჭოს პროცესუალური სტატუსი:

„დაზარალებულის სტატუსი, სხვა უფლებების პარალელურად, მოიცავს ასევე, რომ პირს ენიჭება უფლება გაეცნოს საქმის მასალებს. ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მაკო გომურმა, ირაკლი ხვადაგიანმა და ძალიან ბევრმა რომ ჩაიხედონ ამის შემდეგ საქმეში და აღმოჩნდეს, რომ ფურცელი ფურცელზე არ არის დადებული და ერთი ჩანაწერი არ არის ეფექტური გამოძიების მიმართულებით, ვინ დაარღვია კანონი ამ ადამიანებთან მიმართებით. ეს ხომ უკვე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს ამ საქმის გამოძიება“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებს, რომ როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა უკანონოდ აჭიანურებენ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას. საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 ოქტომბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფ 16 პირს უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. საია ამ უარს დაუსაბუთებლად თვლის, რადგან სადავო არ არის ის გარემოება, რომ ამ პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან სტატუსის მინიჭებაზე უარის საფუძველს, საიას შეფასებით, სასამართლოს განმარტება „წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა“. ორგანიზაციის განცხადებაში მოყვანილია სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების ნაწილი:

„დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობის მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ 29 ოქტომბერს რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა:

„ურთიერთგამომრიცხავ რამეს ამბობს სასამართლო აქ. ერთგან ამბობს, რომ თანაბარი სტანდარტია და მერე ამბობს, რომ [ბრალდებული] პირის კონკრეტული იდენტიფიცირება არ არის საჭირო, მაგრამ დანაშაული უნდა იყოს ჩადენილიო და დანაშაული რომ ჩადენილია, ეს სადავო არ არის... ფიზიკურ დაზიანებაზე ვლაპარაკობთ ამ ეტაპზე ჩვენ. ეს ხომ ძალიან ცალსახაა! პრაქტიკულად ყველა ადამიანს დასკვნა აქვს სამედიცინო, რომ მათ დაზიანებები აქვთ მიღებული. ორი ტიპის დაზიანებაზე ვლაპარაკობთ: ერთზე, რომელიც რეზინის ტყვიებით არის მიყენებული და მეორეზე, რომელიც პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული... ვლაპარაკობთ იმაზე, რაც უფრო მკაფიო იყო ვიზუალურად.

წარმოიდგინეთ, 170-ზე მეტ პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, დახმარება. ამ დროს ხელისუფლება გელაპარაკება მხოლოდ 4 ადამიანზე, ვისაც მიანიჭა ეს სტატუსი. როცა 60-ზე მეტ სამართალდამცავს ანიჭებ ამ სტატუსს და ამბობ, რომ ძალიან მარტივი იყო ეს პროცესი... პოლიტიკური ნების თემაა. ამას ვამბობ. თამარ ბაღაშვილს რომ დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს, რად უნდა ამას იმის დადგენა, ვინ ესროლა?! შეიძლება ეს ვერც ვერასდროს დაადგინო. ცოტა დანაშაული ვიცით ამ ქვეყანაში, როცა დამნაშავის იდენტიფიცირება ვერ ხდება?!“.

სულხან სალაძის განმარტებით, სახელმწიფოსგან იმის აღიარება, რომ ათეულობით მოქალაქე დაზარალებულია, კონკრეტული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს გაამყარებდა - „და, ამ დროს მინისტრი დღეს არის პრემიერმინისტრი. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამას არავინ გამოიძიებს სინამდვილეში!.. სტატუსი თუ მიანიჭე, ნიშნავს, რომ დანაშაული მოხდა. მერე სადღაც, რაღაც ეტაპამდე უნდა მიხვიდე და შეიძლება თქვა, რომ ვერ გამოიძიე. ესენი არც ანიჭებენ და არც იძიებენ“.

რა ხდება შემდეგ? რა გზა რჩებათ 20-21 ივნისს დაზარალებულ მოქალაქეებს?

„თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს პროცესი მთავრდება ახლა და აქ, სასამართლოში, არ მთავრდება, რა თქმა უნდა. სამართლებრივად ქვეყნის შიგნით, კი, ბატონო: ანუ, ერთხელ მიდიხარ პროკურატურაში, მერე ზემდგომ პროკურორთან ასაჩივრებ და შემდგომ ერთჯერადად მიმართავ სასამართლოს. მივმართეთ სასამართლოს და თქვა, რომ არა, არ ვანიჭებ სტატუსს.

ამის შემდეგ, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ვადის ათვლა. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით საქმიანობას. თუ ჩვენ მყარად შევაგროვებთ არგუმენტებს, რომ გამოძიება ჭიანურდება დაუსაბუთებლად, ცხადია, მივმართავთ უკვე ქვეყნის გარეთ სხვა ინსტანციებს, რაც უფრო ძვირია პოლიტიკურად ხელისუფლებისათვის, ვიდრე ის, რომ აქ სტატუსი მიანიჭოს და ეფექტური გამოძიება წარმართოს“.

ნოემბრის მეორე ნახევარში საია 20-21 ივნისის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG