Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა - გამოძიება დაიწყო

ამასთან, სუსმა რადიო თავისუფლებას განუცხადა: „თქვენ მიერ დასმული კითხვებისა და საკითხების წამოწევა აქტუალიზებას უკეთებს თემებს, რომლებიც არ შედის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში“.
ამასთან, სუსმა რადიო თავისუფლებას განუცხადა: „თქვენ მიერ დასმული კითხვებისა და საკითხების წამოწევა აქტუალიზებას უკეთებს თემებს, რომლებიც არ შედის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში“.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყეს და „ავტორების მოტივაციას“ იკვლევენ.

მანამდე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „დანაშაული“ უწოდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე საქართველოში ირანის სავარაუდო გავლენის შესახებ საუბარს და თქვეს, რომ საჭიროა გამოძიება.

„ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ პოლიტიკოსების, თინა ხიდაშელისა და გიორგი კანდელაკის შესახებ, - პირველს სატელევიზიო ეთერში გაკეთებული ნათქვამისა და კვლევის გამო ედავებიან, მეორეს კი - კვლევის თანაავტორობის გამო.

ორი კითხვა სუსს

რადიო თავისუფლება სუსს 6 მარტს დაუკავშირდა სტატიისთვის, რომელიც საქართველოში ირანის რბილი ძალის სავარაუდო კვალს ეხება.

სტატია სათაურით, „მზად ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდე?” - ირანული რბილი ძალის კვალი საქართველოში“, პარასკევ საღამოს, 6 მარტს, გამოქვეყნდა.

ჩვენ უწყებას ორი კითხვა დავუსვით:

  • პირველი კითხვა ეხება 2026 წლის 3 მარტს საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან (თანაც, ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო ერთ წელიწადში, როცა საბერძნეთში ირანის ან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქეები);
  • მეორე შეკითხვა ეხებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში კადრების „რეკრუტინგის“ პროცესს;

კითხვები ასეთი იყო:

  1. არის თუ არა სუსი ჩართული ამ [ევროპაში ჯაშუშობისთვის ბრალდებულთა საქმეების] გამოძიებებში და თუ ფლობს ინფორმაციას დაკავებულების საქმეების შესახებ;
  2. გვაინტერესებდა, როგორ აკონტროლებს თუ მართავს სუსი ამ [უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის საკუთარი მოქალაქეების გადაბირების] პროცესს და გამოუვლენია თუ არა „რეკრუტინგის“ მცდელობის შემთხვევები.

„არსებულ პერიოდში თავი შეიკავეთ ტირაჟირებისგან“

სუსის პრესცენტრის გამოგზავნილი პასუხის თანახმად, „სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას, ფლობს და შესაბამისი პროტოკოლით ამუშავებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს“.

რადიო თავისუფლების კითხვების ნაწილზე პირდაპირი პასუხი არ გასცეს, თუმცა შეაფასეს თავად კითხვები და რედაქციას მოუწოდეს, ეს საკითხები „არსებულ პერიოდში“ არ გაეშუქებინა:

„თქვენ მიერ დასმული კითხვებისა და საკითხების წამოწევა აქტუალიზებას უკეთებს თემებს, რომლებიც არ შედის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში, ამიტომ მოგიწოდებთ, არსებულ პერიოდში თავი შეიკავოთ ისეთი თემების ტირაჟირებისგან, რომლებიც კონტრპროდუქტიულია ამ ინტერესებთან მიმართებით“.

2025 წლის 3 სექტემბრის შემდეგ სუსის უფროსი არის მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი.

„დაწყებულია გამოძიება“

ამასთან, სუსმა საკუთარი ინიციატივით მოგვწერა თავისი რეაქცია „ბოლო დღეებში სხვადასხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების ხსენებული თუ მინიშნებული მიზნებით რეკრუტირების შესახებ“.

უწყება ამბობს:

  • „ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში“;
  • სუსის განცხადებით, ისინი ამ ყველაფერს აკვირდებიან და სწავლობენ „განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე“;
  • უწყება ასევე ამბობს, რომ „ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია“.

„დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, - განგვიცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„უნდა მოჰყვეს რეაგირება“ - კალაძე

გუშინ და დღეს, 5 და 6 ივნისს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მწვავედ გააკრიტიკა ყოფილი პოლიტიკოსები, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი, - ერთი ირანის გავლენებზე საუბრის, მეორე კი - კვლევის თანაავტორობის გამო.

„ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა“, - თქვა კალაძემ 5 მარტს ხიდაშელზე და ოდესღაც თავის თანაგუნდელს უწოდა „სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანი“, რომელიც „მტრულ საქმიანობაშია შემჩნეული“.

„ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“, - თქვა მან ხუთშაბათს.

პარასკევს კი ახლა უკვე გიორგი კანდელაკზე, - ირანის გავლენებზე კვლევის თანაავტორზე, - თქვა:

„ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულები. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან... იმ მოცემულობაში, რაც დღეს ხდება რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში რამდენად დაძაბული და რთული ვითარება არის, ამ ტიპის განცხადებები არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა“.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ“.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა, მათ შორის გია ვოლსკიმ და არჩილ გორდულაძემ.

რა წერია კვლევებში?

„ჰადსონის ინსტიტუტის“ 3 მარტს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, - რომლის თანაავტორები გიორგი კანდელაკი და ლუკ კოფი არიან - ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.

  • ლუკ კოფი არის „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი; გეოპოლიტიკის ექსპერტი, რომელიც წლების წინ საუბრობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ ჩანაწერის) დროებით გაუვრცელებლობის დაშვებით, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.
  • გიორგი კანდელაკი არის „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ წევრი. ამჟამად ის „სოვლაბის“ პროექტების მენეჯერია.

ავტორების თქმით,„თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს, „შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი“.

„ეს აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ძირს უთხრის დასავლეთის გავლენას და აძლიერებს რეჟიმს, რომელიც ერთგულია 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის ექსპორტისა“, - წერია კვლევაში.

ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალზე

ამავე კვლევაში ნახსენებია აშშ-ს მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას „საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფილიალი საქართველოში, რომელიც 15 წელია ფუნქციონირებს, თუმცა არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია; მას აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული „ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის“.

4 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელი, - საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-16 წლებში, - სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ამ უნივერსიტეტზე საუბრობდა.

„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავითარი უნივერსიტეტი არ არის, ეს არის ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ ადამიანებს „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ სულისკვეთებით“, - თქვა ხიდაშელმა.

ამასთან, თინა ხიდაშელის დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, „სამოქალაქო იდეის“ კვლევის თანახმად:

  • 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ განახორციელა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი;
  • „მაშინ, როდესაც აიათოლას რეჟიმი აგრძელებს დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობას, ... „ქართული ოცნება“ საჯარო სიმბოლური ნაბიჯებით გამოხატავს დიპლომატიურ მხარდაჭერას ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ“.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა ორგანიზაციის, „ფონდი დემოკრატიის დასაცავად“, მკვლევრის, ქეთი ქორქიას მოსაზრება სათაურით: „საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრი ხდება“. მოსაზრების სვეტში ავტორი „სამოქალაქო იდეის“ კვლევასაც ციტირებს.

მოგვიანებით, 5 მარტს, კალაძის განცხადებაზე პასუხად თინა ხიდაშელმა განაცხადა:

„მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ოდნავ მაინც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რომ სინამდვილეში პრობლემით დაინტერესდეს და არა იმით, ვისი განცხადება მოსწონთ და ვისი არა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG