Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა დისტანციურად: თუ არც კომპიუტერი გაქვს, არც მობილური, არც ინტერნეტი და არც სტრატეგია


რაჭაში არის ერთი კარგი და მშვენიერი სოფელი, სახელად ველევი, რომელშიც არის ერთი საჯარო სკოლა და ამ საჯარო სკოლაში სწავლობს სულ 5 მოსწავლე. ისინიც, როგორც ყველა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახლა სახლში არიან, მაგრამ მათი თანატოლებისგან განსხვავებით, ონლაინგაკვეთილები არ უტარდებათ.

ამ ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერები. და ვერც უცებ ყიდვას შეძლებენ.

მათი ოჯახების შესაძლებლობა კი მხოლოდ იმას სწვდება, რომ დროდადრო მასწავლებლისგან ტელეფონით ან მესინჯერით დავალება მიიღონ, შეასრულონ და მერე როგორმე უკან დაუბრუნონ. მაგრამ ეს „როგორმე“ ბევრი ტექნიკური პრობლემისგან შედგება.

თუ სხვები ვირტუალურ კლასებში ასე თუ ისე ახერხებენ სწავლის გაგრძელებას, მსგავს სკოლებში ეს პროცესი პრაქტიკულად გაჩერებულია. და ველევისნაირი ბევრი სოფელი და ბევრი სკოლაა საქართველოში.

„ეს ჩვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ბავშვებთან კონტაქტი არ გავწყვიტოთ, დავალებები გავუგზავნოთ. მაგრამ ფაქტია, არც მზად ვიყავით და არც ვიცოდით, რა უნდა გვექნა“, - გვითხრა ველევის სკოლის პედაგოგმა და დირექტორმა ეკა ჭიჭინაძემ:

კერძო სკოლების ნაწილმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა საკუთარი რესურსებით მალევე შეძლო და განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პროგრამებს (მაგალითად, Microsoft Teams) არ დალოდებია. ზოგმა Zoom -ის გამოყენებით, ზოგმა სხვა საკომუნიკაციო პროგრამით გააგრძელა სწავლა. ამაზე რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მოგითხრობდათ:მანამდე კი, იცით, როგორ მიდის დისტანციური სწავლება საქართველოს სკოლებში, რომლებიც თვეზე მეტია დაკეტილია? - სხვადასხვანაირად, ვინც როგორ შეძლო.

ვირტუალური გაკვეთილი - ალუდა ქეთელაური
please wait

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00

საჯარო სკოლებს სწავლის გასაახლებლად მეტი დრო დასჭირდათ.

თუმცა დღემდე რჩება სკოლები, სადაც პირველი ონლაინგაკვეთილის ჩატარება სულ ორიოდე დღის წინ სცადეს. მანამდე სასწავლო პროცესი ცალკეულ საგნებში დავალებების გაგზავნით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, თბილისის მე-60 სკოლაში ამ დრომდე პროგრამის გამართვას ცდილობდნენ.

„შეიძლება იმის ბრალია, რომ ჩემი მასწავლებლების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და ცოტა გაუჭირდათ პროგრამაში გარკვევა“, - გვითხრა ამ სკოლის მოსწავლემ, 15 წლის სალიმ.

12 წლის ლიზის, რომელიც ახალციხის სოფელ კლდეში ცხოვრობს და სკოლაშიც იქვე დადიოდა, ახლა დღეში ერთი გაკვეთილი უტარდება. ერთ დღეს ქართული, მეორე დღეს მათემატიკა, მესამე დღეს სამოქალაქო განათლება და ა.შ.

კვირაში 2 დღე 20-წუთიან გაკვეთილებს ატარებს დუშეთის რაიონის სოფელ ჭართლის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო წიკლაური. მათ სკოლაში სულ 61 მოსწავლეა, მაგრამ მათ ნაწილს ინტერნეტი მხოლოდ მაშინ აქვთ, თუ ბალანსის შევსებას შეძლებენ.

ვისაც ინტერნეტი არა აქვს, მათ ნინო ტელეფონით ურეკავს ხოლმე და ასე უხსნის გაკვეთილებს. საამისოდ კვირაში, სულ მცირე, 10 ლარი უნდა ჩაირიცხოს მობილურის ბალანსზე საკუთარი ხარჯით. აქამდე ამას ახერხებდა - მარტის ხელფასი ჩაერიცხათ მასწავლებლებს. აპრილისა ჯერ არა.

ზოგჯერ, თუ რომელიმე მოსწავლემ რამე ვერ გაიგო, ახსნილ გაკვეთილს ფურცელზე წერს, ფოტოს უღებს და მესინჯერში უგზავნის.

„ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვისაც რა და როგორ შეუძლია, ასე ვმუშაობთ, სხვა გზა არ არის. კიდევ, მშობლებს დავავალე, რომ აუცილებლად აყურებინონ შვილებს ტელეგაკვეთილები“, - გვითხრა ნინომ.

სოფელ ჭართლის სკოლის პედაგოგი ნინო წიკლაური დისტანციურ სწავლებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

აი, ამ ვიდეოში გიორგი კვანტრიშვილი ჰყვება, რომ საქართველოში დაახლებით 70 000 მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი.

სხვათა შორის, „ჩართე“ ერთ-ერთი კერძო ინიციატივაა, რომელიც სამი წლის წინ შეიქმნა და როგორც მისი თანადამფუძნებელი, რუუდან ჯაყელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ დრომდე დაახლოებით 690 უფროსკლასელ მოსწავლეს აჩუქეს კომპიუტერი და ჩაურთეს ინტერნეტი.

„ჩართე“ ცოტა ხნის წინ, პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების საკითხსაც გამოეხმაურა და ფულის შეგროვებაც დაიწყო იმ სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, ვისაც დღესაც არა აქვს ხელმისაწვდომობა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. მარტში მათ 68 უფროსკლასელი „ჩართეს“, ხოლო აპრილში - 102.

„დღესაც, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უფროსკლასელი მოვამარაგოთ ინტერნეტითა და ლეპტოპით პანდემიის პერიოდში“, - გვითხრა რუსუდანმა.

მასწავლებლები არ მალავენ, რომ მათაც ძალიან გაუჭირდათ.

ზოგი დისტანციური სწავლების, როგორც მათთვის სრულიად ახალი გამოწვევის წინ, მარტო დარჩა. ზოგმა აღმოაჩინა, რომ მისი მოსწავლეების უმრავლესობას საერთოდ არა აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი.

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანის სკოლის ქართულის მასწავლებელმა ზვიად ფიფიამ, პირველივე დღეებში, როცა სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ფეისბუკზე 11-პუნქტიანი სია ჩამოწერა, თუ რის გაუმჯობესებას ისურვებდა სკოლებში პანდემიის ჩავლის შემდეგ.

11-ვე პუნქტი იყო იმაზე, რომ სკოლებს ჰქონდეს უკეთესი ინტერნეტი, კომპიუტერები, რომ ისტ-ი სავალდებულო საგანი გახდეს, რომ მოსწავლეებისთვის კომპიუტერის კლასის კარი გაიღოს... ეს სტატუსი არ იყო შემთხვევითი, რადგან კვირაზე მეტი მან და მისმა მოსწავლეებმა მხოლოდ პროგრამის დაინსტალირებას და მასში გარკვევას დაუთმეს.

„არავინ არაფერი იცოდა. პაროლის შეცვლასაც ვერ ახერხებდნენ. მაგრამ რაც ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ჩემთვის, აღმოჩნდა, რომ 82 მოსწავლიდან მხოლოდ 28 ბავშვი ჩაერთო სწავლაში. დანარჩენებს არა აქვთ არც ინტერნეტი, არც კომპიუტერი“.

ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ უხსნის ზვიად ფიფია თავის აზერბაიჯანელ მოსწავლეებს გაკვეთილს.

რა სტრატეგია აქვს განათლების სამინისტროს პანდემიის პირობებში და ერთი თვის თავზე შეუძლია თუ არა პროცესის შეფასება? ამ და სხვა კითხვებზე ოფიციალური პასუხი ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ - დაგვპირდნენ, რომ მომავალ კვირაში მეტი ინფორმაცია ექნებათ.

რადიო თავისუფლებას, მაგალითად, აინტერესებს:

  • თუ არსებობს ჩამოყალიბებული სტრატეგია, დაწერილი დოკუმენტი, როგორ უნდა მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი პანდემიის პირობებში.
  • რამდენი სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლეა დარჩენილი სასწავლო პროცესის მიღმა.
  • რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე სარგებლობს „თიმსის“ პროგრამით, რომელიც მათ სახელმწიფომ შესთავაზა?
  • თუ არის ცნობილი, ვინც ვერ ატარებს და ვერ ესწრება ონლაინგაკვეთილებს, ისინი როგორ ართმევენ თავს გაკვეთილების ჩატარებას?
  • აღრიცხულია თუ არა ასეთი პედაგოგების და მოსწავლეების რაოდენობა?
  • კერძო სკოლებიდან რამდენში გრძელდება დისტანციური სწავლება შეუფერხებლად და თუ არის ისეთი კერძო სკოლები, ვინც ამ პროცესს თავი ჯერ ვერ გაართვა?
  • თუ ფასდება რაიმე ფორმით, რამდენად ჩამორჩება ან პირიქით დისტანციური საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს?
  • თუ აპირებენ სპეციალური პროგრამა გააკეთონ მათთვის, ვისაც არც ონლაინ და არც არანაირ პროცესში არ მიუღია მონაწილეობა.

რა შესთავაზა სკოლებს განათლების სამინისტრომ, ამის მოძიება ნაწილობრივ მათივე ვებსაიტიდან შეიძლება.

ერთ-ერთი პირველი, რაც მათ სწავლების ხელშესაწყობად დააანონსეს, ტელესკოლა იყო. სატელევიზიო გაკვეთილები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 30 მარტიდან ცხრილის მიხედვით გადაიცემა. მას უკვე დაემატა გაკვეთილები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ტელესკოლა - კორონავირუსის პანდემიის დროს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:58 0:00

საქართველოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (600 000-მდე მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი). თუმცა, რამდენი იყენებს დღეს ამ პროგრამას, ეს კითხვა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს შორისაა, რომელზეც განათლების სამინისტრომ უნდა გვიპასუხოს.

ხელმისაწვდომი გახდა გრიფირებული სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები.

ეს კი არის ინსტრუქცია, რომელიც სკოლებმა მიიღეს, სადაც ჩამოწერილია ინფორმაცია ელექტრონული რესურსების და, ზოგადად, მოქმედების შესახებ.

განათლების სამინისტროს ვებსაიტზე ასევე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში აძლიერებს დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას და რომ დღეისათვის უკვე შექმნილია I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი დამხმარე ელექტრონული რესურსები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით.

ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა წიგნი „გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის“, რომელიც ჟურნალ „მასწავლებლის“ გუნდმა მოამზადა.

„ეს მხოლოდ ერთ-ერთი დამხმარე რესურსია, რისი გაკეთებაც უცებ შევძელით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარმა რედაქტორმა ნატო ინგოროყვამ. მასწავლებელთა გადამზადების ცენტრმა კი, მისი სიტყვებით, პედაგოგების ონლაინგადამზადება დაიწყო.

თუმცა ნატოც შენიშნავს, რომ ამ პროცესს მიღმა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ბევრი მოსწავლე და მასწავლებელია დარჩენილი. ამიტომაც მიიჩნევს, რომ საერთო სურათის დასანახად საჭიროა ვითარების შეფასება და ზუსტად ცოდნა - ვინ ვერ სწავლობს და ვინ ვერ ასწავლის დღეს და რა მიზეზით. ვის არა აქვს ინტერნეტი.

„ამის შემდეგ უნდა დავფიქრდეთ, როგორ ჩავრთოთ ამ პროცესში ეს ადამიანები, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე“.

ნატო ფიქრობს, რომ დღეს ყველამ ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს. ვისაც არა აქვს სხვა ეკრანი, გარდა ტელევიზორის, მისთვის ტელეგაკვეთილებიც შეიძლება იყოს გარკვეული ცოდნის მიმცემი. ვისაც აქვს ტელეფონი - შეიძლება ამ გზით სცადოს სწავლა და სწავლება.

„ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მასწავლებლებმა არ იცოდნენ, როგორ გადართულიყვნენ ვირტუალურ სივრცეში განთავსებულ საკლასო ოთახებში, როგორ ემართათ კლასი, როგორ დაეყოთ ჯგუფებად ბავშვები, როგორ ეჩვენებინათ თვალსაჩინოება. ონლაინსწავლება სულ სხვა ცოდნას და უნარებს მოითხოვს. ამიტომ იყო, რომ მასწავლებლის სახლმა მაშინვე შესთავაზა მათ ონლაინვებინარები და დღემდე უხსნის, როგორი უნდა იყოს ონლაინგაკვეთილები სხვადასხვა საგანში“.

მაგრამ აქაც იგივე კითხვა ჩნდება - ყველას შეუძლია ამ ვებინარებზე დასწრება? ცხადია, არა.

თუმცა მთავარი პრობლემა, რასაც მთელ ამ პროცესში ხედავს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია, არის ის, რომ არ ჩანს, თუ რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს. ჩანს მხოლოდ ცალკეული ინიციატივები:

„ასეთი ინიციატივაა, მაგალითად, ტელესკოლა, სადაც ჩანს სატელევიზიო გაკვეთილები, მაგრამ არ ჩანს რა მეთოდოლოგიას ეყრდნობა ეს ყველაფერი. თუ ამაში ის იგულისხმება, რომ მას ადამიანმა უნდა უყუროს და ასე მიიღოს განათლება, მე ეჭვი მეპარება, რომ ეფექტიანი იყოს. კიდევ ვნახეთ, რომ გაზარდეს ხელმისაწვდომობა მაიკროსოფტის პროდუქტებზე. ხელმისაწვდომი გახდა ონლაინსახელმძღვანელოები, მაგრამ საქმე ის არის, რომ განათლების პროცესის დაგეგმვისას რესურსები არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია რას აკეთებს მოსწავლე. ჩვენ კი არაფერი ვიცით ამის შესახებ“.

ის, რაც ჩანს, სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ფრაგმენტული ნაბიჯების ერთობლიობაა და თითოეულ ამ ნაბიჯს აკლია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც უნდა ეყრდნობოდეს დისტანციური სწავლების უკვე ცნობილ მეთოდოლოგიას.

და ამის გამოცდილება, მისი თქმით, არსებობდა საქართველოშიც და, მით უმეტეს, დიდი ხანია არსებობს მის ფარგლებს გარეთ.

„ჩემი აზრით, ისიც პრობლემაა, რომ სახელმწიფო არ თანამშრომლობს ბევრ სხვადასხვა მხარესთან - უნივერსიტეტებთან, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარელად. ასეთი კრიზისის დროს, როგორც დღესაა, ერთობლივად უნდა მოიძებნოს გამოსავალი“.

და კიდევ, სიმონ ჯანაშია გვეუბნება, რომ განათლების სფეროში აქამდე ისედაც არსებული პრობლემებიც გაღრმავდება. მაგალითად, ის უთანასწორობა, რაც კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ან ქართულენოვანი სკოლებისა და არაქართული სკოლის მოსწავლეებს შორის არსებობს. რისი მკაფიო ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა.

„გასაგებია, რომ ამ პირობებში მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა რთულია, მაგრამ დაბალი ხარისხის განათლების მიღება შესაძლებელია. ჩვენთან არც ამისთვის იდგმება საკმარისი ნაბიჯები“, - უთხრა სიმონ ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას.

პს. სტატია თითქმის დამთავრებული იყო, რომ ზვიად ფიფიამ სიხარულით მოგვწერა, დღეს კიდევ 4 მოსწავლე დამემატა, შეძლეს და შემოგვიერთდნენო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG