Accessibility links

logo-print logo-print

სხვანაირი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, თანაც გადადგა არჩევნებიდან სულ რაღაც სამი თვის თავზე. გიორგი გახარიას ეს გადადგომა ყველაზე მეტად ჰგავდა ნამდვილ გადადგომას, რომელსაც ვერ შევადარებთ მისი ვერცერთი წინამორბედის გადადგომას, რომლებიც უფრო „თანამდებობიდან მოხსნა“ იყო, ვიდრე პოლიტიკური ვითარების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯი.

რას ცვლის გახარიას „სხვანაირი“ გადადგომა?

გიორგი გახარიას გადადგომამ უკვე შეცვალა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გეგმები. გადადგომის პირველი ეფექტი სახეზეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ერთწინადადებიანი განცხადება: „პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო“.

გიორგი გახარიას გადადგომამ, რასაც ოპოზიცია საკუთარი დარაზმულობისა და ბრძოლის შედეგად მიიჩნევს, მეტი მუხტი და დამაჯერებლობა შესძინა მოთხოვნას, განახლდეს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად.

გიორგი გახარიას გადადგომამ მმართველი პარტიის წინაშეც დააყენა გადაუდებელი რიგის ამოცანა, დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომლის მოვალეობას ამჟამად პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ასრულებს.

ღარიბაშვილი მეორედ

„ირაკლი ღარიბაშვილი პირველად მოსვლისას თუ ასავალი იყო, ახლა იქნება დასავალი“, - ასე იხუმრა კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა და პოლიტიკის ექსპერტმა დავით ზურაბიშვილმა, როცა გიორგი გახარიას შემცვლელის გამოცნობას ცდილობდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო პრემიერმინისტრობის კანდიდატად, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დაასახელებდა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, - უთხრა დავით ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას, - ივანიშვილს სჩვევია ასეთი სიურპრიზები. როგორც ჩანს, დაუბრუნდა თავის ჩვეულ როლს. გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვინმეს მიეღო ეს გადაწყვეტილება, პრინციპულად გამორიცხულია!“

დავით ზურაბიშვილის თქმით, ღარიბაშვილი არის ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც „ოცნების“ ყველაზე რადიკალურ მომხრეების მხარდაჭერით სარგებლობს.

რადიო თავისუფლება: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება?

დავით ზურაბიშვილი: რა თქმა უნდა! ირაკლი ღარიბაშვილის - „გარეჯისაქართველოას“ შემოქმედის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად საერთოდ არაფერში არ ჯდება. ერთ-ერთი ყველაზე უარესი ვარიანტია!

რას გვეუბნება კონსტიტუცია?

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა შეიძლება დასრულდეს ვადამდელი არჩევნებით, თუკი პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

ნდობის მისაღებად კი საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ X მოწვევის პარლამენტში 90 მანდატს ფლობს, თუმცა, თუ გადამდგარი გახარიას მხარდაჭერის ნიშნად დეპუტატების ნაწილი ისე მოიქცევა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ ეყოფა ხმები ნდობის გამოსაცხადებლად, გაჩნდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„პარლამენტი კიდევ ერთ ორკვირიან ვადას იძლევა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარსადგენად. თუ ამ ორი კვირის ვადაშიც ვერ მოხერხდა ნდობის გამოცხადება, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია, ერთი კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, რომელიც ასევე ამბობს:

1. კონსტიტუციის არსებული რედაქციით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30 (ჩამკეტით) სისტემით 1%-იანი ბარიერით;

2. რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, ჩატარდება მინიმუმ 24 აპრილს - მაქსიმუმ 25 მაისს (1-2 დღის ცდომილებით);

3. სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად გამარჯვებული პოლიტიკური ერთობა ახალ მთავრობას დაამტკიცებს, მანამდე მოვალეობას არსებული კაბინეტი შეასრულებს.

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

თუმცა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „მმართველი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი და, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცება პრობლემას არ წარმოადგენს“.

ნიკა მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის 100%-იანი მხარდაჭერა, რასაც პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს მთელი საქართველო, არანაირ საფუძველს არ იძლევა ეჭვი შევიტანოთ პარლამენტის თავმჯდომარის მოლოდინში: ირაკლი ღარიბაშვილი იქნება „ქართული ოცნების“ რიგით მე-6 პრემიერ-მინისტრი.

არ მიდიოდა, მაგრამ წავიდა. რატომ?

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეცვალა. ირაკლი კობახიძე იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი და ირაკლი კობახიძეა მოქმედი კონსტიტუციის ავტორიც.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან „მართლა წასვლის“ ფონზე მმართველი პარტიის ბოლო ყრილობაზე ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, პარტიამაც და საზოგადოებამაც აღიქვა როგორც ძალაუფლების სადავეების კობახიძისათვის გადაცემა. ამ აღქმას პერიოდულად კვებავდა და აძლიერებდა ხელისუფლებიდან გამოსული ხმები გიორგი გახარიას მოსალოდნელი გადადგომის შესახებ. ბოლოს ასეთი ხმების საფუძვლიანობა გიორგი გახარიამ ერთი კვირის წინ, 12 თებერვალს უარყო, როცა განაცხადა:

„წელიწადზე მეტია, უკვე ეს კითხვები, "როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ თუ გუშინ ხო არ წახვედით" [ისმება]. ჯერჯერობით მოვდივარ, ხო ხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომლებიც უკვე გახდა მოსაბეზრებელი“.

ამგვარი განცხადებების მიუხედავად მაინც ყველა ელოდა გახარიას გადადგომას, თუმცა არავინ ელოდა მის ასეთ გადადგომას, რომელმაც აშკარად დაასუსტა მმართველი პარტიის პოზიციები. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს თვითონ ირაკლი კობახიძე, რომელიც ირწმუნება, რომ ნიკა მელიას პატიმრობის საკითხმა მხოლოდ დროში გადაიწია და ეს მოხდა გიორგი გახარიას პოზიციის გამო:

„გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი“.

როგორ გაბედა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები აფექტის მდგომარეობაში მუშაობენ ისე, რომ ვერ აკეთებენ გრძელვადიან გათვლებს, რითაც სახელმწიფოს უქმნიან სერიოზულ საფრთხეებს.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

„გიორგი გახარიასთან ბევრს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ საღად აზროვნების უნარს ვერავინ დაუკარგავს. შესაბამისად, გახარიამ გადადგა აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი ნაბიჯი. ამით ირიბად ისიც დამტკიცდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია სროლის ბრძანება. ეს იყო სხვისი გადაწყვეტილება, რომელიც „ჩაუდეს“. ეს გვაჩვენა 18 თებერვლის გადაწყვეტილებით“, - უთხრა გიორგი ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შეძლებდა თუ არა გიორგი გახარია ამგვარი ნაბიჯის გადადგმას, ბიძინა ივანიშვილი რომ დარჩენილიყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ?

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელში გახარია ასე მარტივად და ასეთ დროს ვერ გადადგებოდა:

„აშკარაა, რომ გუნდი არ არის მონოლითური. შიდაკავშირებიც, ბიძინას წასვლის შემდეგ, ვეღარ არის ძლიერი. ბიძინა რომ არ წასულიყო, ცხადია, ვერ გაბედავდა გახარია ასე წასვლას. გაჩნდა შესაძლებლობების ფანჯარა და წავიდა. თან, ეტყობა, რომ 20 ივნისის პასუხისმგებლობაც არასამართლიანად აჰკიდეს მას. დრო იხელთა, როცა გორდებოდა ახალი, გაუგებარი კრიზისი და გადადგა. მელიას დაჭერა რომ არ მოენდომებინათ, არაფერი არ მოხდებოდა. „ქართულ ოცნებას“ მოგებული ჰქონდა ეს პოლიტიკური რაუნდი. გაუგებარია, რატომ გაამწვავა „ოცნებამ“ ეს სიტუაცია. გახარიამ ჩათვალა, რომ ეს იყო უაზრო გამწვავება, რომელიც დააზარალებდა როგორც „ოცნებას“, ასევე ქვეყანას. და კიდევ, სხვისი გადაწყვეტილება არ აიკიდა საკუთარ მხრებზე“.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

ბიძინა ივანიშვილის წასვლა „მართლა წასვლად“ არ მიაჩნია კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრსა და პოლიტიკის ექსპერტს, დავით ზურაბიშვილს, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის წასვლა სინამდვილეში გულისხმობს კონტაქტების რაოდენობის შემცირებას.

„ხელისუფლებაში ერთ-ორ პერსონასთან აქვს კავშირი, დანარჩენებთან არ კონტაქტობს. ეს პერსონა ალბათ არის ირაკლი კობახიძე და მისი მსგავსი ერთი-ორი. გიორგი გახარია ამ ხელისუფლებაში გამოირჩეოდა იმით, რომ იყო შედარებით უფრო რაციონალური და ჰქონდა დამოუკიდებელი რეიტინგი. ამ ვითარებაში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არაფრისგან შექმნა კრიზისი და საქმე წაიყვანა მეტი პოლარიზაციისკენ, ბუნებრივია იფიქრა, 20 ივნისი რომ შევიტენე, ეგეც მეყოფაო და განერიდა ამ არასასიამოვნო ამბავს, რომელსაც ცუდი შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის“.

რა იქნება, არჩევნები?

„გიორგი გახარია იყო შედარებით კონსტრუქციული და ადეკვატური. უფრო ხისტი და შეურიგებელი კანდიდატის დასახელება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს“, - ამბობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილზე მმართველი პარტიის არჩევნის შეჩერება იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს და არც დაპირისპირების ტემპერატურის დაგდებას. ზურაბიშვილის ვარაუდით, „ოცნებას“ არჩევნების ჩატარებას ვერც ოპოზიცია აიძულებს:

„ერთი პრობლემაა „ოცნების“ უუნარობა და არაკომპეტენტურობა ქვეყნის შენების საქმეში, მაგრამ მეორე პრობლემაა ის, რომ ოპოზიციას კი ჰყავს ბევრი ამომრჩეველი, მაგრამ არა იმდენი, რომ ვთქვათ, მთელი საქართველო ფეხზე დგასო. ამიტომ პოლიტიკურ პროცესში უნდა გაჩნდეს რამე ისეთი, რომელიც ვითარების შეცვლის მოთხოვნაში მიიმხრობს „ოცნების“ მხარდამჭერების რაციონალურ ნაწილს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს რიგგარეშე არჩევნების პერსპექტივა ან პარლამენეტში უნდა აბუნტდნენ დეპუტატები, მაგრამ, ყველამ ვნახეთ, 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი ნიკა მელიას დაპატიმრებას. ამიტომ პარლამენტიდან არაფერს არ ველოდები“.

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილის თქმით, ასევე არსებობს ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედების საერთაშორისო ფაქტორი.

„თუ დაიწყო ლაპარაკი ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებაზე, მაშინ ივანიშვილი დაიხევს უკან. დარწმუნებული ვარ, რომ მელიას დაპატიმრების ამბავი პირადად მისგან მოდის“, - ამბობს ზურაბიშვილი.

გია ხუხაშვილი კი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, შიშის დასაფარად, ერთმანეთს ეჯიბრებიან რადიკალიზმში:

„ერთმანეთს უმტკიცებენ, რა მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ ბიჭობანას თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ბუჩქებში ჯდომის მეტს არაფერს აკეთებდნენ, ერთი დღე არ უბრძოლიათ. შინაგანი სისუსტის დემონსტრირების შიში, მათ აიძულებთ, ითამაშონ მაგარბიჭობანა. ასეთი ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.

რონდელის ფონდის წევრსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოში საქართველოს ყოფილ ელჩს გიორგი ბადრიძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ახლაც იმას აკეთებს, რაც აქამდე უკეთებია:

გიორგი ბადრიძე
გიორგი ბადრიძე

„ქართული ოცნება“ დამოკიდებულია საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, ძალოვანი სტრუქტურებისა და კონტროლირებადი მართლმსაჯულების უტიფრად გამოყენებაზე, რაც ქვეყნის რეპუტაციისათვის უკიდურესად ნეგატიური შედეგების მომტანია. შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ საქართველოსა და ბელორუსიაში არსებული ვითარებები. ბელორუსიაში არჩევნების შედეგებს არ ცნობს არცერთი ოპოზიციური პარტია, ყველა ოპოზიციის ლიდერის მიმართ არსებობს სამართლებრივი დევნა, ყველა დამოუკიდებელი ტელევიზია არის წნეხის ქვეშ, იდევნებიან მათი მფლობელები. ასეთი არასახარბიელო სურათი იქმნება „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში დარჩენით. საქართველოსთვის ეს კარგად არ დასრულდება“, - ამბობს გიორგი ბადრიძე, რომელიც ვერ ხედავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და ვითარების განმუხტვის პერსპექტივას:

„ის ლოგიკა, რითაც ხელმძღვანელობენ „ოცნების“ ლიდერები და პარტიის შიგნით ძალაუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ასეთ პერსპექტივას გამორიცხავს. ეს იქნებოდა ბუნებრივი და სწორი გამოსავალი, მაგრამ ამას სჭირდება რაციონალური მოქმედება და ეროვნული ინტერესების საკუთარ ინტერესებზე მაღლა დაყენება“.

როგორია გახარიას მომავალი?

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ისედაც სუსტი ლეგიტიმაცია, გახარიას გადადგომით, კიდევ უფრო შემცირდება.

„რას დაეყრდნობა ეს გუნდი?“ - კითხულობს ხუხაშვილი, რომელიც „აფექტის მდგომარეობაში მყოფი მმართველი პარტიისგან“ ყველაფერს ელის, - „ძნელია იმის თქმა, რას იზამენ, მათ შორის გახარიას მიმართებითაც“.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებას“ უდავოდ დაასუსტებს, მაგრამ თუ გახარია წავა სახლში და არაფერს არ გააკეთებს, მისი მხარდამჭერები ან კვლავ „ოცნებასთან“ დარჩებიან, ან ნეიტრალურ პოზიციაზე გადავლენ, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციას არ მიემხრობიან, - ასე ფიქრობს დავით ზურაბიშვილი, რომლის თქმითაც, გაცილებით სერიოზული ამბავი იქნება, თუ გახარია თავის პარტიას შექმნის:

„მას ჰყავს მხარდამჭერები. უნდა ვივარაუდოთ, რომ 3 პროცენტზე მეტი ექნება რეიტინგი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG