Accessibility links

ტახტისძირელების პრობლემები. მიწადაკარგულთა მოთხოვნები


საოკუპაციო გამყოფი ზოლი

აპრილის შუა რიცხვებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ადგილობრივი მოქალაქეების მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს.

საოკუპაციო ძალებმა ადგილზე ძელები და ღობეები მიიტანეს და ტახტისძირელების ნაკვეთები შეღობეს. ისინი სოფელში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გარსევან სტეფნაძეს მიწის ფართი დასათესად უკვე გამზადებული ჰქონდა, მაგრამ ეს ვეღარ მოახერხა, რადგან მისი მიწა საოკუპაციო ძალებმა მიისაკუთრეს.

„უნდა დაგვეფარცხა და დაგვეთესა. ლობიო უნდა დამეთესა და მაგის მეტი ნაკვეთი არა მაქვს. ახლა მთლიანად შემოღობეს. რომ გადავიდე ჩემს ნაკვეთში, დამიჭერენ და წამიყვანენ. ამ მინდვრებში 12 ოჯახი ათ ჰექტარზე მეტ მიწას ვფლობდით“.

წინა შემოღობვის დროს ჯერ 2 ჰექტარზე მეტი დაიკავეს, შემდეგ კიდევ 5 ჰექტარი და ახლა კიდევ 10-15 ჰექტარს იკავებენ.
კაკო ბარამაშვილი

ტახტისძირს დასავლეთით ოსური სოფელი გვირგვინა ესაზღვრება. საოკუპაციო ძალები სწორედ ამ სოფლიდან გამოჩნდნენ. გვირგვინასა და ტახტისძირს შორის ქედზე არსებულ მიწის ნაკვეთებს ტახტისძირელები დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ მიწას ნელ-ნელა ართმევენ.

ეს არ არის ამ სოფლის მიწის ფართობების მცოცავი ოკუპაციის პირველი შემთხვევა. 2011 წლიდან, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან დღემდე, ათობით ჰექტარი მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა, უკვე მიტაცებულია. ტახტისძირის მცხოვრები კაკო ბარამაშვილი ამბობს, რომ მესაზღვრეები სოფლის მინდორში პერიოდულად სულ ჩნდებოდნენ და მიწას იტაცებდნენ:

„წინა შემოღობვის დროს ჯერ 2 ჰექტარზე მეტი დაიკავეს, შემდეგ კიდევ 5 ჰექტარი და ახლა კიდევ 10-15 ჰექტარს იკავებენ. კამაზის მარკის მანქანით შემოვიდნენ, მოიტანეს ბოძები და დაიწყეს ჩვენი ნაკვეთების შეღობვა. გვეუბნებიან, ჩვენიაო. არადა, მამაპაპისეული ნაკვეთია, ოდითგანვე ვამუშავებდით და როგორ გახდა მაგათი? ქერის, ხორბლისა და ლობიოს მოსაყვანად ვიყენებდით მაგ მიწას“.

აბა, ნაკვეთს რომ წაგართმევენ, რაღა უნდა ჭამო?! კაკალი, ვაშლი და სხვა ხილი სულ იქა მაქვს, მდინარე ფრონეს გაღმა.
თამაზ კობერიძე

მიწის ნაკვეთი წაართვეს თამაზ კობერიძესაც. მიწადაკარგული გლეხი ამბობს, რომ მიწის გარეშე სოფელში ცხოვრებას აზრი არა აქვს:

„აბა, ნაკვეთს რომ წაგართმევენ, რაღა უნდა ჭამო?! კაკალი, ვაშლი და სხვა ხილი სულ იქა მაქვს, მდინარე ფრონეს გაღმა. სხვა არაფერი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. თუ ხაზს ტახტისძირიდან დირბისკენ გაჰყვნენ, ალბათ, საბოლოოდ, 50 ჰექტარამდე მოექცევა ღობეებს იქით“.

საქართველოს ხელისუფლებამ კი სამდღიანი დაგვიანებით მისცა რეაქცია ტახტისძირში დაწყებულ ბორდერიზაციის პროცესს. აპრილის შემდეგ სოფელში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ უნახავთ.

ტახტისძირში ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდნენ და ამის შესახებ ანგარიშიც მოამზადეს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაკარგეს წვდომა მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ტახტისძირში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ და მოჰყავდათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნო კულტურები, სრულად მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ეს მიწის ნაკვეთები იყო ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო. უფლებადამცველების ინფორმაციით, ტახტისძირელებმა ბორდერიზაციის ფაქტამდე, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, მიმართეს საჯარო რეესტრს, მაგრამ უარი ეთქვათ რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტაზე იმ მიზეზით, რომ მიწა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობდა. „ოჯახებისთვის სახელმწიფოს არ შეუთავაზებია სხვა სანაცვლო მიწა ან კომპენსაცია დაკარგულ მიწასთან დაკავშირებით“, - წერია უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, ლექსო მერებაშვილის, თქმით, სახელმწიფომ ოკუპაციის ხაზთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს და მიწადაკარგულ ოჯახებს კომპენსაცია ან ალტერნატიული მიწა შესთავაზოს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სამართლებრივი დახმარებაც სთხოვა დირბისა და ტახტისძირისათვის მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მოსაპოვებლად. მერებაშვილის აზრით, ადგილობრივ მოსახლეობას აუცილებლად უნდა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას:

• შეიმუშაოს თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებთან შესაბამისი პოლიტიკა საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით;

• ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწით დაუბრკოლებლად სარგებლობას;

• საკუთრებაში დაურეგისტრიროს ადგილობრივ მცხოვრებლებს კუთვნილი მიწის ნაკვეთი;

• იმ შემთხვევებში კი, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უკანონო ბორდერიზაციით არის მიტაცებული, უზრუნველყოს დაზარალებულები ალტერნატიული ფართით სხვა ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG