Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტელევიზია პოლიტიკური თამაშის ნაწილია“


30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზია საგანგებო რეჟიმზე გადადის. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მიზეზად დასახელებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ხიფათი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივი რეჟიმი“, რომელიც „ძალადობას, ბიზნესის წართმევას, ტელევიზიაში შეჭრას“ ისევ „რეალობად აქცევს“.

მედიის მკვლევართა უმეტესობისთვის ტელეკომპანია „იმედის“ ეს განცხადება სიახლის შემცველი არ ყოფილა, „იმედის“ საეთერო პოლიტიკაზე დაკვირვების გამო, თუმცა ისინი, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პალარიზებულ მედიაგარემოზეც ლაპარაკობენ, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ორ კერძო ეროვნულ მაუწყებელზე დაკვირვებით. ერთი მხრივ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და, მეორე მხრივ, „იმედი“ ისედაც ღიად გამოხატავენ პოლიტიკურ სიმპათიებს - ერთი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, მიმართ, მეორე კი სახელისუფლებო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მიმართ. თუმცა ოფიციალური განცხადების ფორმით სარედაქციო პოლიტიკის გამოხატვა ბევრისგან მაინც აღქმულია, როგორც ხელისუფლების გავლენით გადადგმული ნაბიჯი.

გიორგი რუხაძე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, 2007 წელს ტელეკომპანიის თანამშრომელი იყო და კარგად ახსოვს ის პროცესები, რომლებიც 2007 წელს ტელევიზიაში იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელდა.

გიორგი რუხაძე: „ის, რაც მოხდა 2007 წელს, ეს იყო დანაშაული და სერიოზული ტრაგედია არა მხოლოდ იქ მყოფი ადამიანებისთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვის და ამან შემდეგში ძალიან ბევრი რამ შეაფერხა, თუმცა ვერ ვხვდები დღევანდელ „იმედსა“ და „იმედის“ განცხადებასთან ეს მოვლენები საერთოდ რა კავშირშია და სცდება კონტექსტს. მაშინ რაც მოხდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილიც და მისი თანამოაზრეებიც ხელისუფლებაში იყვნენ და თავისი დღის წესრიგი ჰქონდათ და დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, გაიმარჯვებს არჩევნებში, ხელისუფლებაში კვლავაც „ქართული ოცნება“ დარჩება. ვერ ვხვდები, ტექნიკურადაც კი, რომ მოინდომონ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა, იმავეს როგორ გაიმეორებენ „იმედთან“ მიმართებაში. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, 2007 წელთან შედარებით“.

ტელეკომპანია „იმედი“

  • ტელეკომპანია „იმედი“ ქართველმა მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა 2003 წელს.
  • 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანიაში შეიჭრა და ტელევიზია ეთერიდან გათიშა.
  • პატარკაციშვილის შემდეგ "ტელეიმედის" 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი".
  • ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 45 %-იანი წილი მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი არველაძეს, ეკუთვნოდა, 30 % - გიორგი კორახაშვილს, 15 % - გიორგი მიქელაძეს, 10 %-ს კი ფლობდა აშშ-ის მოქალაქე ჯოზეფ ქეი.
  • 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ „იმედი“ კვლავ პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.

რადიო თავისუფლება: მაშინ რაში სჭირდება „იმედს“ ასეთი განცხადება?

გიორგი რუხაძე: „განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უკან ბრუნდება და „იმედს“ დაცვა სჭირდება, უბრალოდ, არაადეკვატურია და რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიაში „იმედის“ ჩართულობას, მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს „იმედის“ ეთერსაც, „რუსთავი 2“-ის ეთერსაც და ორივე ტელეკომპანია ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში - ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და მეორე „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მხარეს - და ამ განცხადების გაკეთება, საერთოდ, რაში სჭირდებოდათ, როცა ისედაც ვიცით, რასაც აკეთებენ“.

რადიო თავისუფლება: მედიასტანდარტში როგორ ჯდება ასეთი პოლიტიკური შინაარსის განცხადება?

გიორგი რუხაძე: ნაციონალური მაუწყებლის მხრიდან ასე პირდაპირ და აშკარად საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ცუდია, პირველ რიგში, ამ ტელევიზიისათვის. ზოგადად, ეროვნულ მაუწყებლებს სხვა პასუხისმგებლობები აკისრიათ. შეიძლება ტელევიზიას ჰქონდეს სარედაქციო პოლიტიკა და ეს პოლიტიკა ჯდებოდეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებში, მაგრამ, ჩემი აზრით, ხელისუფლებისგან არის ზეწოლა მედიაზე და მედიამაც ეს გამოხატა. „იმედის“ განცხადება „იმედის“ განცხადება კი არ არის, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის საზომია, თუ რამდენად მძიმეა ეს წეზოლა. ამის გამოხატულებაა ეს ყველაფერი“.

რადიო თავისუფლება: ანუ იმედი ხელისუფლების ზეწოლით აზვიადებს ე. წ. მოსალოდნელ ხიფათს?

გიორგი რუხაძე: „ჩემი აზრით, აშინებენ მოსახლეობას. გუშინ ტოქშოუს ვუყურებდი „იმედზე“ და არხის წამყვანმა, ალბათ, 25-ჯერ გაიმეორა „სამოქალაქო ომი“, მაგრამ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, დათა ახალაიაც და ვანო მერაბიშვილიც თავისუფლები იყვნენ, ანუ არ იყვნენ გასამართლებული და არც სამოქალაქო ომი დაწყებულა, არც არაფერი მომხდარა და, ჩემი აზრით, ეს, უბრალოდ, ამომრჩევლის შანტაჟია“.

რადიო თავისუფლება: და მაინც მინდა გკითხოთ, რამდენად მაღალია იმის განმეორების ალბათობა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს დაატყდა თავს „იმედს“, ვინაიდან ამ ხიფათებზე მიუთითებს ტელეკომპანია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი რუხაძე: „ასეთი საფრთხე თუ იარსებებს, ის იარსებებს ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციაში მყოფი ძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, პრეზიდენტი გახდება, ამას ვერ გააკეთებს. საფრთხე თუ შეიძლება საიდანმე მოდიოდეს, ეს არის ხელისუფლება. როგორც გითხარით, ეს არის ხელისუფლების ზეწოლის გამოვლინება და წინასაარჩევნო გზავნილია, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ დამარცხება. 2007 წელს ტელევიზიაში სპეცრაზმი შევარდა და დასაჯა ხალხი სიმართლის თქმისთვის და დღევანდელ ხელისუფლებას ტელევიზიაში შევარდნა არ დასჭირვებია“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG