Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოქშოუების ძირითადი სადისკუსიო თემა არ ყოფილა არჩევნები


“პოლარიზებული სამაუწყებლო მედია, კანდიდატთა მიმართ მიკერძოება დატენდენციური გაშუქება გამოიხატა არა რომელიმე კანდიდატის პოზიტიურად წარმოჩენაში, არამედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიურ გაშუქებაში. არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, თუ რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ. „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ტოქშუები კი პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებდნენ აუდიტორიას”, - წერია საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევვის იმ ნაწილში, რომელიც სატელევიზიო ტოქშოუების მედიამონიტორინგის შედეგს აღწერს.

ანგარიშის თანახმად, არხების უმეტესობაზე არ გამართულა საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები. გამონაკლისია მხოლოდ პირველი არხი და აჭარის ტელევიზია, რომლებმაც მონიტორინგის პერიოდში არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზეს აუდიტორიას.

ტოქშოუების ძირითადი სადისკუსიო თემა არ ყოფილა არჩევნები. დღის წესრიგი შეცვალა გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა. ჯერ ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, შემდეგ კი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები გახდა წინასაარჩევნოდ განხილვის მთავარი თემა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელის ნატა ძველიშვილის თქმით, „წელს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მედიაპოლარიზაცია. ცხადად ჩანს, როგორი განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ მაუწყებლებს. მათი მიკერძოება და ტემდენციურობა გამოიხატება არა რომელიმე კანდიდატის უარყოფითი გაშუქებით, არამედ მათი ნეგატიური წარმოჩენით. ასევე იმით, თუ რამდენად ატარებს ესა თუ ის მაუწყებელი ხელისუფლების ნარატივს კიდევ ერთი ტენდენცია რაც ცხადად გამოჩნდა არის ის, რომ არჩევნები მედიისთვის წამყვანი თემა არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩენო პერიოდია. ეს თემა ჩაანაცვლა ფარულმა ჩანაწერებმა და სხვა მიმდინარე ამბებმა. არ მომხდარა პროგრამების წარდგენა და მათი ანალიზი. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ამომრჩეველმა ვერ მიიღო საკმარისი ინფორმაცია რაც მას გააზრებული გადაწყვეტილების საშუალებას მისცემდა.“

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გადაცემები შეწყვიტა „იბერიამ“. მთელი სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში არხზე მხოლოდ „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ. შედეგად, არხმა ამომრჩევლის ინფორმირების ვალდებულება ვერ შეასრულა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში აკვირდება ტელემედიის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას 8 სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსში. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, იბერია, აჭარის ტელევიზია.

XS
SM
MD
LG