ბრიტანელი კონსერვატორები აცხადებენ, რომ მათ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება და განზრახული აქვთ სამშაბათს კენჭისყრაზე დააყენონ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ნდობის საკითხი. ამ საკონსტიტუციო პროცედურის დასაწყებად ტერეზა მეის თანაპარტიელებს 48 წერილი სჭირდებათ.
„სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, მთავრობისადმი ნდობის დაკარგვა წერილობით დაადასტურა 22-მა კანონმდებელმა, რასაც დაუნინგ სთრითი მშვიდად უყურებს.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამარჯვებული გამოვა ამ დაპირისპირებიდან“, - განაცხადა ტერეზა მეის მოადგილემ დევიდ ლივინგტონმა.
„ტერეზა მეი იმსახურებს ნდობას, რადგან ის ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნისათვის. სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს გავერთიანდეთ მის გარშემო“, - მოჰყავს ლივინგტონის სიტყვები „როიტერს“.
დიდი გადადგომების კვირეული
ხუთშაბათს ბრიტანეთის მთავრობის ოთხი მინისტრი გადადგა თანამდებობიდან ბრექსიტის საკითხში ევროკავშირთან მიღწეული გარიგების გამო უთანხმოების მიზეზით.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელმოწერილი 500- გერდიანი შეთანხმების პროექტში კვლავინდებურად ყველაზე სადავოა სამი საკითხი. ისინი შეეხება ორმხრივ ვაჭრობას, მიგრაციას და საზღვრებს ბრიტანეთში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის, რომელიც, როგორც ცალკე ქვეყანა, დარჩება ევროკავშირში. შეთანხმების თანახმად, ბრიტანეთი ჯერჯერობით არ გავა ევროკავშირის საბაჟო შეთანმხებიდან და ვაჭრობისას დაიცავს ბრიუსელის მიერ შემუშავებულ წესებს.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული დოკუმენტის პროექტს, სავარაუდოდ, წინაააღმდეგობა შეხვდება პარლამენტში. ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ შეთანხმება წამგებიანად მიიჩნია და მისი უკან გაწვევა მოითხოვა.
პასუხად ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლა ვერ იქნება უბრალო და კომფორტული.
„თუ ჩვენ არ ვივლით წინ ამ შეთანხმებისკენ, არავინ იცის, ამას რა შედეგები მოჰყვება. ეს შესაძლოა იყო გზა ღრმა და სერიოზული გაურკვევლობისაკენ, მაშინ როცა ბრიტანელ ხალხს სურს, რომ ჩვენ ბოლო მოვუღოთ ამ გაურკვევლობას“, - განაცხადა ტერეზა მეიმ 15 ნოემბერს პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ.
ბრექსიტის ორი სცენარი
2016 წლის რეფერენდუმზე ბრიტანეთის მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირდან გასვლას. ბრექსიტის მომხრეებს სურთ მიგრაციის კონტროლი და აცხადებენ, რომ კანონები უნდა მიიღებოდეს ბრიუსელისკენ ყურების გაერშე.
ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეებსა (51,9 %) და მოწინააღმდეგებს (48,1%) შორის სხვაობა იყო მინიმალური. ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს 2019 წლის 29 მარტს ევროკავშირთან ურთიერთობის რეჟიმის შესახებ ახალი ხელშეკრულებით ან მის გარეშე.
ბრიტანეთის მთავრობაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ევროკავშირში კომენტარს არ აკეთებენ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის, განცხადებით, მთელი ყურადღება გადატანილია 25 ნოემბრის სამიტზე, რომელზეც იგეგმება საბოლოო შეთანხმების ხელმოწერა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის.
„ჩვენ მზად ვართ სცენარისათვის „არავითარი გარიგება“ (რაც გულისხმობს ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე შემდგომი თანამშრომლობის შესახებ) და, რა თქმა უნდა, უფრო უკეთ ვართ მზად სცენარისათვის - "არავითარი ბრექსიტი’“, - განაცხადა 25 ნოემბერს დონალდ ტუსკმა, რომელიც ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან პრინციპულად ეწინააღმდეგება.
დაწერეთ კომენტარი