Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უხილავი მშენებლობა


ტბა, რომლის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გაშენდეს
ტბა, რომლის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გაშენდეს

ქუთაისში არაერთგვაროვნად აფასებენ და ეჭვქვეშ აყენებენ განცხადებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს. ქალაქისთვის საუნივერსიტეტო სტატუსის მინიჭებისა და ახალი უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ 2013 წლიდან არაერთხელ განაცხადეს „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, პროექტის წარდგენიდან 5 წლის შემდეგ ტერიტორიაზე, სადაც საუნივერსიტეტო კომპლექსი უნდა აშენდეს, მხოლოდ ერთი ჯიხური და ერთი კონტეინერი დგას და გარეშე პირთა შესვლა იკრძალება.

გადმოწერა

ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო სტატუსის მინიჭება და ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა მისაღებია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სულხან კუპრაშვილისთვის, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ნახევარმილიარდიანი პროექტი განხორციელების შემთხვევაში ქალაქის ეკონომიკას გამოაცოცხლებს. სულხან კუპრაშვილის აზრით, ტექნოლოგიური სპეციალობების შესაქმნელად შეიძლებოდა მოქმედი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და რეკონსტრუქცია, ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის კორპუსებისა, რომლებიც ახლა უნივერსიტეტის საკუთრებაშია :

„არის ეს უნივერსიტეტი, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია გააჩნია და თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი, კადრი ძალიან კარგი ჰყავს. თუ იქნება სხვა პროფილის უნივერსიტეტი, კარგი იქნება ქალაქის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, თუ აშენდა“.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების სამშენებლო ადგილი
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების სამშენებლო ადგილი

ქალაქის განაპირას, მუხნარის ტყე-პარკში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებასა და მომავალ წელს იქ სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას ეჭვქვეშ აყენებს სამოქალაქო აქტივისტი ქრისტინე მაღლაკელიძე:

„მხოლოდ იდეის გაჟღერება არ არის საკმარისი რეალურად უნივერსიტეტის ამუშავებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია პროგრამების დამუშავება, შესაბამისი კვალიფიციური კადრის მოძიება, მათი ადგილზე ჩამოყვანა და დასაქმება. ცხადია, ეს გულისხმობს იმასაც, რომ მშენებლობა უკვე დაწყებული კი არა, დასრულებული უნდა იყოს. წელს როდესაც მშენებლობა დაწყებულიც არ არის, პრაქტიკულად შეუძლებლად მეჩვენება, რომ 2019 წელს გაიხსნება ეს უნივერსიტეტი და მიიღებს სტუდენტებს“.

ტბა, რომლის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გაშენდეს
ტბა, რომლის მიმდებარედ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გაშენდეს

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას აქტიურად ადევნებს თვალს ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხშირად იღებს ფოტოებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის შემოღობილ ადგილზე და ათავსებს სოციალურ ქსელებში. როგორც არჩილ გეგენავა ამბობს, მას შემდეგ, რაც მუხნარის ტყე-პარკში მდებარე ტბასთან მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, ადგილზე დააფიქსირა მხოლოდ რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა:

„აქტიური სამუშაოები არასდროს მინახავს, ამ სამი წლის განმავლობაში 10-15-ჯერ მაინც ვიყავი იქ და მოძრავი და მომუშავე ტექნიკა ვერ დავინახე. დრონის საშუალებით იმ ტერიტორიას ზემოდან ვუყურებ. საჰაერო გადაღებების დროს ვერაფერი დავინახე რამდენიმე კვადრატული მოსწორებული ადგილის და 2-3 ტრაქტორის გარდა. „ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ ქალაქში ერთწინადადებიან ანეკდოტად იქცა, რომელზეც ყველას ეღიმება, რადგან, უბრალოდ, ჰაერს ჰქვია სახელწოდება და ვხუმრობთ, რომ იმდენად დახვეწილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით შენდება ეს უნივერსიტეტი, რომ უბრალო მოკვდავები ვერ ვხედავთ! იუმორით გადაგვაქვს მთავრობის ეს შეუსრულებელი დაპირება“.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების სამშენებლო ადგილი
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების სამშენებლო ადგილი

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დღესაც დაკეტილია და ადგილზე მხოლოდ ერთი დარაჯი დაგვხვდა, რომელმაც ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე არ მუშაობს მძიმე ტექნიკა და არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამუშაო. პროექტის მიხედვით, 140 ჰექტარზე საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენებისთვის ფონდმა „ქართუ“ ნახევარი მილიარდი ევრო უნდა გამოყოს. „ქართუ ჯგუფის“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა საზღვარგარეთ ყოფნის მოტივით სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა. კითხვაზე პასუხი ვერც ფონდის შესაბამისი სამსახურისგან მივიღეთ.

XS
SM
MD
LG