ტენდერში, - რომლის სავარაუდო ღირებულებაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 416.6 მილიონ ლარად განსაზღვრა, - წინადადებების მიღება სამშაბათს, 31 მარტს დასრულდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს, პირველ აპრილს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი“.
მისი თქმითვე, ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება და ხელშეკრულებაც დაიდება.
სად გაივლის ტრამვაი?
ტრამვაის ახალმა ამ ხაზმა - 7.5-კილომეტრიანმა მონაკვეთმა - დიდი დიღომი დიდუბეს უნდა დაუკავშიროს.
- ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან;
- გაივლის დავით აღმაშენებლის ხეივანს;
- გავლის დიღმის მასივს;
- დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.
7.5 კმ-იანი ხაზის გაყოლებაზე უნდა მოეწყოს 11 გაჩერება.
ეს ტენდერი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა.
წინა - 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერი, ჩაიშალა - თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული არ იყო ხეების გადარგვა და მგზავრთა გადასასვლელების მოწყობა.
დავალება მოიცავს როგორც ტრამვაის ხაზის პროექტირებას, ისე მშენებლობას.
ვინ არიან პრეტენდენტები?
ოთხი პრეტენდენტი სხვადასხვა ფასს სთავაზობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას:
- ყველაზე იაფად ამ პროექტის შესრულებას თაობს თურქული კომპანია, „ემრერეი ენერჯი“ (EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi) - ის მზადაა, 287.6 მილიონი ლარი მიიღოს, - შეთავაზებულზე 129 მილიონი ლარით ნაკლები;
- შემდეგ მოდის ასევე თურქული YDA (YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ) - 332.4 მილიონი ლარის შეთავაზებით;
- ფასით მესამე ადგილზეა ჩინეთის სახელმწიფო კომპანია, „ვუჰანის მუნიციპალური მშენებლობის ჯგუფი“ (WMCG - Wuhan Municipal Construction Group co., ltd) - 397.4 მილიონი ლარი;
- ყველაზე მეტს ამ პროექტში ითხოვს თურქული „დოგუსი“ (DOGUS INSAAT VE TICARET A.S.) - 412.6 მილიონ ლარს.
კახა კალაძემ პრეტენდენტებს უწოდა „საკმაოდ მსხვილი და გამოცდილი კომპანიები, რომელთაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული“.
რა ვიცით მათზე?
EmreRay Enerji: ეს არის საშუალო ზომის, კერძო თურქული კომპანია, რომლის სამუშაო სფეროებიც, მისი ვებსაიტის თანახმად, არის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები და საკაბელო ქსელები, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ..
საიტის თანახმადვე, განხორციელებულ პროექტებს შორისაა თურქეთში არაერთი სარკინიგზო პროექტი, მათ შორის ჩქაროსნული რკინიგზისა; ჰიდროელექტროსადგურები, მათ შორის ერზერუმის 7.3-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური.
აქვს გამოცდილება ტრამვაის ხაზის მშენებლობაშიც.
YDA: ასევე კერძო, საკმაოდ მსხვილი კომპანია, რომელიც, ვებსაიტის თანახმად, მრავალ სექტორში ოპერირებს, მათ შორის კონსტრუქციის, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, თავდაცვისა და ავიაციის სექტორებშიც.
კომპანია წერს, რომ მისი „ფესვები“ 1954 წლამდე მიდის, როდესაც დაარსდა ჯგუფში შემავალი პირველი კომპანია AKSA Construction-ი;
ამავე წყაროს თანახმად, YDA საერთაშორისო ბაზარზე 2000-იან წლებში გავიდა, მათ შორის პროექტები განახორციელა ყაზახეთში, უკრაინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რუსეთში, ავღანეთსა და მოლდოვაში.
განხორციელებული აქვთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე „მეტროტრამის“ (Light rail) პროექტი და ტრამვაის ხაზი თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში.
„უჰანის მუნიციპალური მშენებლობის ჯგუფი“ (WMCG): ჩინეთის ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია, დაფუძნებული 2002 წელს.
ის არის ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის, Wuhan Urban Development Group-ის შვილობილი კომპანია - WUDG-ი მას სრულად ფლობს.
კომპანიის ვებსაიტის თანახმად, „მშობელ“ კომპანიას სხვადასხვა სექტორში ოპერირების 70-წლიანი გამოცდილება აქვს.
WMCG-ი ძირითადად ოპერირებს ჩინეთში და სხვადასხვა ქალაქს აწვდის საინჟინრო სერვისებს, მათ შორის ტრამვაის ხაზისა და მეტროს როგორც პროექტირებას, ისე მშენებლობას. აქვს სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამოცდილებაც. მათ შორის გვირაბების, ჰიდროელექტროსადგურების, ჰოსპიტლების, ხიდების, მეტროსადგურების მშენებლობა.
„დოგუსი“, - (DOGUS INSAAT VE TICARET A.S) - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თურქული კონგლომერატის წევრია. „დოგუს ჯგუფი“ (იგივე Doğuş Holding A.Ş.) ერთიანებს 250 კომპანიას 7 ინდუსტრიაში.
ვებსაიტის თანახმად, უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის გზების, ხიდების, ჰესებისა და კაშხლების, მეტროსა და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები.
მერის დაპირება
თბილისში ტრამვაის დაბრუნება დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ამის შესახებ მან თვითმმართველობის არჩევნებამდე 1,5 თვით ადრე ისაუბრა.
ტრამვაის დაბრუნებამდე კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერი უკვე მესამე ვადით არის, საუბრობდა მიწისზედა მეტროზე, რომელსაც სამგორი ლილოს დასახლებასთან და აეროპორტთან უნდა დაეკავშირებინა.
2018 წლის ეს დაპირება ჯერ არ შესრულებულა.
გარდა ამისა, იყო სხვა დაპირებებიც:
- მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრსა“ და „მარჯანიშვილზე“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა - არც ეს დაპირება შესრულდა.
- თბილისის მერიას უკვე გადაეცა 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა ავტობაზის მშენებლობა, რომლითაც ეს ტრანსპორტი ხაზებზე უნდა გავიდეს, ჯერ არ დასრულებულა - ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.
ფორუმი