ინფორმაცია და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ „ბადა ქონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ზედა ვესტიბიულის 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული კვლევა-პროექტირების სამუშაოები, რაც აჭიანურებს რეაბილიტაციის დამთავრების პროცესს.
კომპანია „ბადა ქონსტრაქშენი“ ვადის 30 მაისამდე გახანგრძლივებას მოითხოვდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანია 5 თვის ნაცვლად მხოლოდ 3 თვით გადავადებას დათანხმდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. სამუშაოებს ატარებს შპს „ბადა ქონსთრაქშენი“, რომელსაც თავდაპირველად 18-თვიანი ვადა მისცეს - ანუ 2024 წლის 21 ივნისამდე.
რეაბილიტაციისთვის მიცემული 18-თვიანი ვადის ამოწურვიდან კიდევ 18 თვე გავიდა, ჯამში 36 თვე, თუმცა სამუშაოების ჯერ ისევ ვერ სრულდება.
2025 წლის 12 ივლისს მეტროსადგური 45 დღით დაიკეტა. ამ დროის განმავლობაში იწმინდებოდა და სპეციალური სამუშაოები უტარდებოდა ბაქნისა და დახრილი გვირაბების ჭერს.
გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ სადგურის გახსნა რეაბილიტაციის დასრულებას არ ნიშნავდა და „სამუშაოები გაგრძელდება და წლის ბოლოს დავასრულებთ“.
მეტროსადგურში ჩასული მგზავრები ხედავენ, რომ რეაბილიტაცია ვერც 2025 წლის ბოლოს ვერ დასრულდა. იმავეს მოწმობს დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული შეთანხმებაც.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის შესახებ
ბოლო წლებში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მესამედ მიმდინარეობს - პირველ შემთხვევაში ბაქანი, დახრილი გვირაბი და ვესტიბიულები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გარემონტდა.
დედაქალაქის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით ნარმანიას მერობის დროს, 2017 წელს კი, მეტროსადგურის ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყო. განახლებული მეტროსადგურის დათვალიერების შემდეგ თბილისის იმდროინდელმა მერმა თქვა, რომ „რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა“. ამ სიტყვებიდან წელიწადსა და ოთხ თვეში, 2018 წლის 30 იანვარს, ბაქნის ჭერზე კონსტრუქცია ჩამოვარდა - იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.
კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:
- „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვეს გაგრძელდა;
- დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამ წელს გაგრძელდა.
ფორუმი