"ადამიანების ორგანოები განგრძობით გადანერგვას ექვემდებარება, რაც უფრო მეტს ცხოვრობ, მით უფრო ახალგაზრდავდები, შესაძლოა უკვდავებასაც მიაღწიო", - ამბობდა რუსეთის პრეზიდენტის თარჯიმანი.
"არსებობს ვარაუდები, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მიმდინარე საუკუნეში 150 წელს გაუტოლდება", - პასუხობდა სი ძინპინის თარჯიმანი.
ეს იყო იშვიათი მომენტი, როდესაც სხვა მხრივ გასაიდუმლოებული 2 ლიდერის კომუნიკაციის შინაარსი საჯაროდ გახდა ცნობილი, ლიდერების, რომლებიც ერთმანეთს უახლოეს "გეოპოლიტიკურ და პირად" მეგობრებად მიიჩნევენ და რომლებიც ჯამურად უკვე 39 წელია თავიანთ სახელმწიფოებს მართავენ.
მიმდინარე კვირას რუსეთის პრეზიდენტი პეკინში კიდევ ერთხელ, 25-ე ვიზიტით ბრუნდება. ვიზიტი დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა და რუსეთსა და ჩინეთს შორის კეთილმეზობლობის ხელშეკრულების ხელმოწერის 25 წლის იუბილეს უკავშირდება, თუმცა გასულ კვირას ჩინეთში დონალდ ტრამპის სტუმრობამ ვლადიმირ პუტინის ვიზიტს დამატებითი მნიშვნელობა შესძინა.
უკვდავებაზე ლიდერებმა შესაძლოა ამჯერადაც ისაუბრონ, თუმცა ოფიციალური მოსკოვის პრიორიტეტი ახალი ენერგეტიკული შეთანხმებები და მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღებაა მზარდად დისპროპორციულ ურთიერთობებში.
1 პრეზიდენტი, 5 ვიცე-პრემიერი და 8 მინისტრი - ოფიციალური დღის წესრიგი
ჩინეთში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ "ორი ქვეყნის ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია და რომ ჩინეთსა და რუსეთის სტრატეგიული კავშირი გლობალურ არენაზე მასტაბილიზებელ როლს ასრულებს."
ეს ასეთი შეთანხმებისთვის საუკეთესო დროა, ჩინეთს მეტი ენერგია სჭირდება, ხოლო რუსეთი ყველა გზით ცდილობს შემოსავლის ახალი წყარო იპოვოს...ალექსანდრ გაბუევი
პეკინის აეროპორტში ვლადიმირ პუტინს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდება, საიდანაც დიაოიუტაის 800-წლოვანი სახელმწიფო რეზიდენციისკენ გაემართება, რომელშიც რჩებოდა წინა ვიზიტის დროსაც.
სი ძინპინი თავის რუს კოლეგას 20 მაისის ტიანანმენის მოედანზე, საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის ცერემონიით შეხვდება.
რუსეთის დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, მასში შედის: 5 ვიცე-პრემიერი, 8 მინისტრი, უმსხვილესი სახელმწიფო ენერგეტიკული და ფინანსური კომპანიების ხელმძღვანელები და ცენტრალური ბანკის მმართველი, ელვირა ნაბიულინა.
საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები თავდაპირველად ვიწრო შემადგენლობით გაიხსნება, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის "ყველაზე მნიშვნელოვან და მგრძნობიარე" საკითხებს განიხილავენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გაფართოებული შეხვედრები,39 წევრის მონაწილეობით.
შეხვედრების დასრულების შემდეგ დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია. რუსული მხარის ცნობით, საუბარია 40 დოკუმენტზე, 21 მათგანზე ხელს ლიდერების თანდასწრებით მოაწერენ, ხოლო დანარჩენების შესახებ მოგვიანებით გამოაცხადებენ.
სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი ხელს მოაწერენ ერთობლივ, 47-გვერდიან განცხადებას "ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გამყარების შესახებ."
იმავე უშაკოვის თქმით, იგეგმება ერთობლივი დეკლარაციის მიღება "მსოფლიოში მრავალპოლუსიანი წესრიგის დამყარების შესახებ."
პუტინი და სი მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებული კავშირებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აქედან რუსეთის პრეზიდენტი დიაოიუტაის რეზიდენციაში დაბრუნდება, სადაც შეხვდება რუსეთში განათლებამიღებულ ახალგაზრდა ინჟინერს, რომელიც პირველად 2000 წელს, ჩინეთში თავისი პირველი ვიზიტის დროს, პატარაობისას გააცნეს.
იმავე საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის კეთილმეზობლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ვიზიტი ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ჩაის სმის ცერემონიით დასრულდება, რომელზეც ორივე მხრიდან დელეგაციის 4-4 წევრია მიწვეულია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა, თუმცა უკანასკნელი ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტს ჩაით ჯონგნანჰაის ბაღში გაუმასპინძლდნენ - იმავე კომპლექსში სადაც გასულ კვირას სი ძინპინი და დონალდ ტრამპი სეირნობდნენ.
იური უშაკოვის თქმით, ჩაის ცერემონიაზე ლიდერები ძირითადად საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრებენ, რომელშიც "ორი ქვეყნის პოზიციები როგორც წესია თანხვედრაშია."
ახალი გაზსადენი და უმცროსი პარტნიორი
საერთაშორისო საკითხებისგან განსხვავებით რუსეთსა და ჩინეთს შორის კვლავ რჩება პრობლემური შეთანხმებები, რომლის გადაჭრასაც რუსეთი დიდი ხანია ცდილობს.
რუსეთი მთლიანად ჩინეთის ჯიბეშია და ჩინეთს შეუძლია პირობების კარნახი...ალექსანდრ გაბუევი
მათ შორის ყველაზე პრიორიტეტული მოსკოვისთვის ახალი გაზსადენის "ციმბირის ძალა 2-ის" მშენებლობაა, რომლის გატანასაც რუსეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს და გასული წლის სექტემბერში იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.
მიუხედავად ამისა, გაზსადენი არ არის ნახსენები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალ ხუთწლედში, რომელიც მიმდინარე წლის მარტში მიიღეს. ანალიტიკოსების ცნობით, ჩინეთი პროექტის საბოლოო შეთანხმებას რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე არ ჩქარობს.
პირველ რიგში ჩინეთის ოფიციალური პოლიტიკა ენერგეტიკის მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ეს პრობლემურია რამდენადაც თუ კი რუსეთთან უკვე შეთანხმებული ყველა ენერგეტიკული პროექტი შედგება რუსეთის წილი ჩინეთის ენერგეტიკის მომარაგებაში 2030 წლისთვის 40%-ს გადააჭარბებს. დღევანდელი მონაცემებით რუსეთი ჩინეთის ნავთობის ჯამური იმპორტის 20%-ს უზრუნველყოფს.
რუსეთში მიიჩნევენ, რომ ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისმა და გაძვირებულმა ენერგომატარებლები ჩინეთის ახალ გაზსადენზე დაყოლიების შანსი გაზარდა.
ჩინეთის მიერ ახალი გაზსადენის მშენებლობაზე დათანხმებას არ გამორიცხავს კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის ცენტრის დირექტორი, სინოლოგი ალექსანდრ გაბუევი. "ეს ასეთი შეთანხმებისთვის საუკეთესო დროა, ჩინეთს მეტი ენერგია სჭირდება, ხოლო რუსეთი ყველა გზით ცდილობს შემოსავლის ახალი წყარო იპოვოს."
აბსოლუტურად აუცილებელია ჩინეთთან ურთიერთობებში შევინარჩუნოთ თანასწორობა და იმის გათვალისწინება, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც ვერასდროს იქნება უმცროსი პარტნიორი...დმიტრი ტრენინი
ამასთანავე გაბუევის თქმით, ჩინეთი მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უპირატესობას და შეეცდება მისთვის მომგებიან პირობებზე შეთანხმდეს, რაც გულისხმობს გაზის დაახლოებით იმავე ფასს, რაც რუსეთს შიდა ბაზარზე აქვს და ასევე სავალდებულო შესყიდვების მინიმუმამდე შემცირებას.
"რუსეთი მთლიანად ჩინეთის ჯიბეშია და ჩინეთს შეუძლია პირობების კარნახი", - ამბობს გაბუევი.
მზარდად დისპროპორციული პარტნიორობა კარგად ჩანს რიცხვებში, ასე მაგალითად ჩინეთის წილი რუსეთის ექსპორტში 30%-ს აღემატება, ხოლო იმპორტში 40%-ს. საპირისპიროდ რუსეთის წილი ჩინეთის ექსპორტში 3, ხოლო იმპორტში 5%-ია.
ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე ჩინეთი რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მდგრადობისთვის აბსოლუტურად შეუცვლელ როლს ასრულებს.
გასული 4 წლის განმავლობაში ჩინეთი რუსული ენერგომატარებლების უმსხვილესი მყიდველი გახდა და ბოლო მონაცემებით ჯამურად 360 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგომატარებლები შეიძინა.
Bloomberg-ის ცნობით, ომისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების 90%-ს რუსეთი სწორედ ჩინეთისგან ყიდულობს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა გაზარდა რუსეთის საჭიროება ჩინეთისთვის, მაგრამ მხოლოდ ჩინეთისთვის ხელსაყრელ პირობებზე.
ჩინეთისა და რუსეთს შორის დისპროპორციული დამოკიდებულება ბოლო თვეებში არამხოლოდ დასავლელი, არამედ რუსი ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
"ჩვენ არავის დავუხრით თავს. აბსოლუტურად აუცილებელია ჩინეთთან ურთიერთობებში შევინარჩუნოთ თანასწორობა და იმის გათვალისწინება, რომ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც ვერასდროს იქნება უმცროსი პარტნიორი", - წერს რუსეთის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მკვლევარი დმიტრი ტრენინი.
ფორუმი