ეს ეკონომიკური პოლიტიკა ტრამპის დიდი ხნის დანაპირებია. ოფიციალურად მან ახალი ტარიფების შესახებ 1 თებერვლის ღამეს გამოაცხადა და თქვა, რომ ვაშინგტონი კანადასა და მექსიკას 25-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს ყველა საქონელზე, გარდა კანადის ენერგეტიკული პროდუქციისა, რომელსაც 10-პროცენტიანი ტარიფი ექნება.
მან თქვა, რომ მათი ტარიფები შენარჩუნდებოდა მანამ, სანამ შეერთებულ შტატებში მიგრანტებისა და არალეგალური ფენტანილის ნაკადი არ შეჩერდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემების მიზეზების შესახებ ფართო დებატები მიმდინარეობს და მოიცავს უამრავ რთულ ფაქტორს.
ჩინეთიდან ჩამოსულ საქონელს 10-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდება. სამივე ქვეყნის საქონელზე გადასახადები 4 თებერვლიდან ამოქმედდება.
ეს ზომები შეიძლება გახდეს ახალი სავაჭრო ომის გაჩაღების საფუძველი, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ამ სამი ქვეყნის და შეერთებული შტატების ეკონომიკები. კანადა, მექსიკა და ჩინეთი საპასუხო ზომების მიღებას აპირებენ.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულება ასევე შეიცავს პუნქტს, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს გააფართოოს ტარიფები, თუ სამიზნე ქვეყანა აშშ-ს საპასუხო ზომებს დაუწესებს.
ტრამპის გადაწყვეტილების პასუხად მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანაც დაუწესებდა ტარიფებს აშშ-ს. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც გამოაცხადა „შორსმიმავალი“ საპასუხო ნაბიჯების შესახებ.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ კი გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პეკინი შეერთებულ შტატებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) უჩივლებს და „მიიღებს შესაბამის კონტრზომებს“, დამატებითი დეტალების გარეშე.
კანადა, მექსიკა და ჩინეთი პასუხობენ
ტრამპის ტარიფების სამიზნე სამმა ქვეყანამ შარშან ერთად შეადგინა შეერთებული შტატების იმპორტის 40 პროცენტზე მეტი.
სატელევიზიო გამოსვლისას შეინბაუმმა თქვა, რომ მან ეკონომიკის მინისტრს დაავალა სხვადასხვა საპასუხო ზომების შემუშავება, მათ შორის პოტენციურად 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება ამერიკულ პროდუქტებზე.
მან ასევე „ცილისწამება“ უწოდა ბრალდებებს, რომ მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან აქვს ალიანსი და თქვა, რომ ვაშინგტონმა მეტი უნდა გააკეთოს მექსიკაში უკანონო იარაღის ნაკადის აღსაკვეთად, რომელსაც კარტელები იყენებენ.
მექსიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მზადაა შეერთებულ შტატებთან ერთად იმსჯელოს გამოსავალზე, მაგრამ დასძინა, რომ „პრობლემები ტარიფების დაწესებით კი არა, საუბრით იჭრება“.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პასუხი იქნება 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 155 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე, რომელიც უახლოეს კვირებში ეტაპობრივად განხორციელდება.
ტრუდომ პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამერიკულ კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებით, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ არ გვინდა აქ ყოფნა, ჩვენ ეს არ გვითხოვია, - თქვა ტრუდომ, - მაგრამ უკან არ დავიხევთ კანადელების მხარდასაჭერად”.
შემდეგ მან უპასუხა ტრამპის წარსულ განცხადებებს, რომ აშშ-კანადის საზღვარი უსაფრთხოების პრობლემაა და თქვა, რომ ჩრდილოეთ საზღვარზე შეერთებულ შტატებში შემავალი ფენტანილის ერთ პროცენტზე ნაკლები მოდის.
ტრუდომ ასევე მოუწოდა კანადელებს, „ნაკლებად შეიძინონ ამერიკული პროდუქტები… ამერიკულის ნაცვლად კანადური პროდუქტები და სერვისები არჩიონ“.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონთან შემდგომი მოლაპარაკებების კარი ღია დატოვა და თქვა, რომ კანადა მზად არის განახორციელოს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საზღვრის უსაფრთხოებაში, რათა თავიდან აიცილოს ტარიფები.
ჩინეთზე დაწესებული 10-პროცენტიანი ტარიფი დაემატება წინა ტარიფებს, რომლებიც დააწესეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ტრამპმა მისი პირველი ვადის დროს.
პეკინმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს WTO-ში და განახორციელებს დაუზუსტებელ კონტრზომებს, რომლებიც „მტკიცედ დაიცავს მის უფლებებსა და ინტერესებს“. ფენტანილთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები დააწესა 2019 წელს.
რა მოხდება შემდეგ?
ტარიფებმა შეიძლება გააძვიროს საქონელი, პრობლემები შეუქმნას მიწოდების ჯაჭვებს და სხვადასხვა სექტორში სამუშაო ადგილები შეამციროს.
კანადის, მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკები მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ყოველდღიურად მათ საზღვრებს კვეთს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი.
ეკონომისტების უმეტესობა ამბობს, რომ ტარიფებმა და მათზე საპასუხო ნაბიჯებმა შეიძლება პროდუქციის ფართო სპექტრზე გაზარდოს ფასები და გამოიწვიოს ინფლაცია. ეს იმიტომ ხდება, რომ ტარიფს იხდიან იმპორტიორები, და არა საქონლის ექსპორტიორი ქვეყნები და ისინი, როგორც წესი, ამ ხარჯს მომხმარებლებს აკისრებენ ფასების ზრდის მეშვეობით.
31 იანვარს ტრამპმა აღიარა, რომ შესაძლოა შეიქმნას „დროებითი, მოკლევადიანი შეფერხება“ ტარიფების გამო, თუმცა დასძინა, რომ ეს პოლიტიკა გამართლებული იყო. „ტარიფები ძალიან გაგვამდიდრებს და გაგვაძლიერებს, სხვა ქვეყნებს კი ძალიან სამართლიანად მოვექცევით“.
საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის იანვრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტარიფები შეანელებს ზრდას, დააჩქარებს ინფლაციას და, რომ ეს ზომები ზიანს მიაყენებს კანადის, ჩინეთის, მექსიკისა და შეერთებული შტატების ეკონომიკებს.
სხვები მხარს უჭერენ ტრამპის ტარიფებს.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეისონ სმითმა, რომელიც გადასახადებთან, შემოსავლების გენერაციასა და სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასა.
„კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები აღარ მოითმენს, როდესაც სხვა ქვეყნები ვერ შეაჩერებენ უკანონო ნარკოტიკებისა და იმიგრანტების ნაკადს ჩვენს ქვეყანაში, - თქვა მან 1 თებერვალს განცხადებაში, - ეს ზომები ასევე მილიარდობით დოლარის ახალ შემოსავალს მოუტანს აშშ-ის მთავრობას”.
ფორუმი