Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი, გრენლანდია და ნატო - როგორ იქნება არქტიკის ახალი პოლიტიკური რუკა?


დონალდ ტრამპმა 5 იანვარს Air Force One-ის ბორტზე განაცხადა: „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოების პერსპექტივიდან, სტრატეგიულად“.
დონალდ ტრამპმა 5 იანვარს Air Force One-ის ბორტზე განაცხადა: „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოების პერსპექტივიდან, სტრატეგიულად“.

ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიას სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს. თეთრი სახლის განცხადებით, განიხილება ყველა ვარიანტი  – ფინანსურ გარიგებასა და დიპლომატიას მიღმა, ასევე შესაძლოა სამხედრო ჩარევაც, რაც აშშ-ის პარტნიორების, მათ შორის, დანიის შეშფოთებას იწვევს.

აშშ-ის ადმინისტრაციის რადიკალურმა მიდგომამ ვენესუელის მიმართ და დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის დომინირების გამოცხადებამ, კიდევ უფრო მეტი საფუძველი შესძინა გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპისა და მისი გარემოცვის განცხადებების სერიოზულად აღქმას.

7 იანვარს თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები გრენლანდიის შეძენის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, თუმცა, მისივე თქმით, არმიის ჩართვა "ყოველთვის რჩება ერთ-ერთ ვარიანტად."

"[ტრამპმა] მკაფიოდ განმარტა, რომ გრენლანდიის შეძენა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არქტიკის რეგიონში მოწინააღმდეგეების შესაკავებლად. პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავენ ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მიღწევის არაერთ გზას და, რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის არის ვარიანტი, რომელიც მთავარსარდალს შეუძლია გამოიყენოს", – თეთრი სახლის პრესმდივანმა.

გრენლანდიის ხიბლი და მნიშვნელობა

გრენლანდია ძირითადად ყინულით დაფარული უზარმაზარი (2,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობი) კუნძულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში. მისი მოსახლეობის (57 000) უმეტესი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს. გრენლანდია, რომელიც ახლა დანიის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა, სრული დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ემზადება.

„გრენლანდია შეიძლება ცივი და შორეული ჩანდეს, მაგრამ ის გეოპოლიტიკურად ცხელი წერტილია“, - აღნიშნავს გამოცემა The Harvard International Review.

გრენლანდიას აქვს სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელიც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყინულის დნობის გამო.

გრენლანდია მდიდარია ნავთობით, ურანით და იშვიათი მიწათა მინერალებით: ნეოდიუმით, პრაზეოდიუმით, დისპროზიუმითა და ტერბიუმით. ეს ლითონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის, მაგრამ მათი 70%-ზე მეტი მოიპოვება ჩინეთში, რომელთანაც შეერთებული შტატები ე.წ. სავაჭრო ომში იმყოფება. აშშ-ის ზეწოლის საპასუხოდ, ჩინეთმა 2024 წლის დეკემბერში შეზღუდა ამერიკისათვის გალიუმის, გერმანიუმის და სტიბიუმის მიწოდება, რაც დიდი პრობლემა აღმოჩნდა თავდაცვის ინდუსტრიისათვის.

არქტიკაში მიმდინარე სწრაფი დათბობა ასევე ახალ შესაძლებლობებს ქმნის საზღვაო გადაზიდვებისთვისაც, რადგან იხსნება უმოკლესი გზა ჩრდილოეთ წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანისკენ. გრენლანდიაზე გადის ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე მიმავალი უმოკლესი გზა. გეოგრაფიულად ის გაცილებით ახლოსაა ამერიკასთან, ვიდრე დანიასთან, რომლის ავტონომიურ ტერიტორიასაც წარმოადგენს. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ამ შესაძლებლობით დაინტერესებულია ჩინეთი, თავისი „პოლარული აბრეშუმის გზის“ კონცეფციით. შემთხვევით არ იყო, რომ 2018 წელს ჩინეთი გრენლანდიაში ორი აეროპორტის აშენებას გეგმავდა, თუმცა დანიამ თავისი ავტონომიური რეგიონი დაარწმუნა იმაში, რომ ორივე კონტრაქტი მისთვის დაეთმო.

გრენლანდია, ისლანდია და დიდი ბრიტანეთი ბუნებრივი ფორპოსტს ქმნიან ატლანტიკისა და არქტიკის ჩრდილოეთ საზღვარზე. ეს საზღვაო დერეფანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საზღვაო გადაზიდვების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო გემების გადაადგილებისთვის. გრენლანდიას, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ატლანტის ოკეანის მონაკვეთი ანუ GIUK-ი - ნატოს წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თავდაცვის მთავარი ხაზია რუსეთსა და ევროპას შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

„GIUK-ი, ალბათ, ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი წერტილია მსოფლიო ოკეანეებში. საჭიროა ამ ხაზის კონტროლი (მათ შორის, პატრულირების გზითაც), ხოლო ომის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მისი დახურვა, რათა დაცული იყოს ამერიკიდან ევროპაში ჯარებისა და აღჭურვილობის მიწოდების საზღვაო გზები“, - აღნიშნავს ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსი მაიკ მარტინი.

გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ბაზები შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საზღვაო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო ცივი ომის დროს ისინი გამოიყენებოდა არქტიკაში ბაზირებული საბჭოთა წყალქვეშა ნავების შესაკავებლად.

გრენლანდიაში დღემდე არსებობს ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, პიტუფიკის საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო და კოსმოსური ძალების დაახლოებით 150 თანამშრომელია დისლოცირებული.

რას ამბობენ ტრამპი და მისი გარემოცვა

ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დატყვევების მიზნით ჩატარებული აშშ-ის ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კეიტი მილერმა X-ზე გამოაქვეყნა გრენლანდიის - დანიის ავტონომიური ტერიტორიის რუკის სადავოდ შეცვლილი გამოსახულება აშშ-ის დროშის ფერებში, წარწერით: „მალე“. კეიტი მილერი კონსერვატიული წრეების ცნობილი ფიგურა და ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სტივენ მილერის ცოლია.

5 იანვარს CNN-თან ინტერვიუში მილერმა თავი აარიდა კითხვას, გამორიცხავდა თუ არა გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას და იქით იკითხა, რა უფლებით აკონტროლებს დანია გრენლანდიას.

„შეერთებული შტატები ნატოს ძალაა. არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნატოს დასაცავად, შეერთებული შტატებისთვის ნათელია, რომ გრენლანდია მისი ნაწილი უნდა იყოს... ამ საკითხზე სამხედრო ოპერაციის კონტექსტში ფიქრი საჭირო არ არის. არავინ ჩაერთვება შეიარაღებულ კონფლიქტში შეერთებულ შტატებთან გრენლანდიის მომავლის გამო... შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იმდენი ისაუბროთ საერთაშორისო ნიუანსებზე... მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც ძალითა და სიმძლავრით იმართება. ეს არის დასაბამიდან მოქმედი ურყევი კანონები.“

დონალდ ტრამპმა 5 იანვარს Air Force One-ის ბორტზე განაცხადა: „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოების პერსპექტივიდან, სტრატეგიულად“.

გამოცემა Atlantic-თან ინტერვიუში კი თქვა: „ჩვენ გვჭირდება გრენლანდია, აბსოლუტურად. [ამჟამად] ის რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული“.

ტელეკომპანია CNN-მა, დანიის გაერთიანებული არქტიკული სარდლობის მეთაურის, სიორენ ანდერსენის სიტყვებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ამჟამად გრენლანდიისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ტრამპმა გრენლანდიის შესახებ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც ისაუბრა. 2019 წელს ის გამოვიდა კუნძულის ყიდვის ინიციატივით, თუმცა უარი მიიღო. 2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა კვლავ ისაუბრა გრენლანდიაზე, მაგრამ უფრო მკაცრი ტონით.

რას ამბობენ ოპონენტები

აშშ-ში დანიის ელჩის, იესპერ მოლერ სიორენსენის პასუხი კეიტი მილერის პოსტზე:

„მეგობრული შეხსენება შეერთებული შტატებისა და დანიის სამეფოს შესახებ: ჩვენ ახლო მოკავშირეები ვართ და უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, როგორც ასეთი... გრენლანდია ნატოს ნაწილია. და დიახ, ჩვენ ველით დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი:

„მრავალი თაობის განმავლობაში ვიყავით შეერთებული შტატების ახლო და ერთგული მეგობრები, მხარში ვედექით ერთმანეთს რთულ დროებაში. ჩვენ თავზე ვიღებდით პასუხისმგებლობას ჩრდილო ატლანტიკის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებაზე.

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენ გვჭირდება გრენლანდია“, ვენესუელისა და სამხედრო ინტერვენციის კონტექსტში, ეს არა მხოლოდ არასწორია, არამედ უპატივცემულოცაა... ჩვენ ვართ ხალხი. ქვეყანა. დემოკრატია. საჭიროა ამის პატივისცემა, განსაკუთრებით ახლო და ერთგული მეგობრების მხრიდან. ჩვენ ნატოს ნაწილი ვართ და სრულად გვესმის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა...

ალიანსები ნდობაზეა აგებული. ნდობა კი პატივისცემას მოითხოვს. მეგობრებს შორის მუქარა, ზეწოლა და ანექსიის შესახებ საუბარი მიუღებელია... კმარა! არანაირი ზეწოლა. არანაირი მინიშნებები. არანაირი ანექსიის ფანტაზიები. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ სათანადო არხებით და საერთაშორისო სამართლის დაცვით... გრენლანდია ჩვენი სახლი და ჩვენი ტერიტორიაა. და ასე იქნება“.

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი: „შეერთებულ შტატებს არ აქვს დანიის სამეფოს შემადგენელი შემავალი სამი ქვეყნიდან რომელიმეს ანექსიის უფლება. ამიტომ მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა როგორც ისტორიულად ახლო მოკავშირის, ასევე სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის მიმართ, რომლებმაც ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ იყიდებიან... თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ნატოს სხვა ქვეყანაზე თავდასხმას, მაშინ ყველაფერი გაჩერდება - ეს ეხება ნატოს და, შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ უსაფრთხოების სისტემას“.

გრენლანდიის საკითხს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და დანიის ლიდერები:

„გრენლანდია ეკუთვნის თავის ხალხს და მხოლოდ დანიას და გრენლანდიას შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები მათ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე“.

ევროპელი ლიდერების თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არქტიკა პრიორიტეტულ რეგიონად გამოაცხადა. „ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა, აქტივობა და ინვესტიციები არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოწინააღმდეგეების შესაკავებლად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნატოს არცერთი წევრი არ უნდა დაესხას თავს ან დაემუქროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ნატო აზრს დაკარგავს, თუ ალიანსის შიგნით ორმხრივი კონფლიქტები წარმოიშობა.

ოპოზიცია აშშ-ში, MAGA და „დონროს დოქტრინა“

MAGA მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ს მონაწილეობას მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში მიმდინარე „მუდმივ ომებში“, წესით უკმაყოფილო უნდა იყოს ამერიკის საზღვრებს მიღმა ჩატარებული სამხედრო ოპერაციებით, მაგრამ როგორც თავად ტრამპმა თქვა, „MAGA - ეს მე ვარ. MAGA-ს მოსწონს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და მეც მომწონს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ“.

გამოცემა Axios ციტირებს MAGA-ს აქტივისტის სიტყვებს: „მოძრაობის „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ გაცილებით მეტი მომხრე მზად არის იყოს უფრო მეტად აგრესიული ჩვენს ნახევარსფეროში, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას“.

ეს არის მინიშნება დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის დომინირების დოქტრინაზე (“მონროს დოქტრინა”), რომელიც აღორძინდა აშშ-ს ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში „დონროს დოქტრინის“ სახით.

ოპოზიცია: არიზონის შტატის დემოკრატმა სენატორმა რუბენ გალეგომ წარადგინა თავდაცვის ასიგნებების შესახებ კანონპროექტში შესწორება, რომელიც გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის თანხების გამოყენებას კრძალავს: „ოჯახები მწვავედ განიცდიან საკვებისა და საცხოვრებლის ფასების ზრდას, იზრდება ინფლაცია... ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ტრამპი ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას ომებისა და შეჭრების მუქარით - ჯერ ვენესუელაში, ახლა კი ჩვენი ნატოს მოკავშირის, დანიის წინააღმდეგ“.

გალეგო ყურადღებას ამახვილებს „ცხოვრების ხელმისაწვდომობის“ საკითხებზე: ინფლაცია და ეკონომიკა - ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია, ხოლო საგარეო პოლიტიკა, როგორც წესი, მათთვის ნაკლებად საინტერესოა.

საარჩევნო (ელექტორალური) ანალიტიკოსი ნეიტ სილვერი წერს:

„სავარაუდოდ, ტრამპის მეორე ვადის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ქმედებები იყო 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა და ოქტომბერში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა. რთულია ამ მოვლენების დაკავშირება ტრამპის მოწონების რეიტინგის ცვლილებებთან. ელიტებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააზვიადონ ამ საკითხების მნიშვნელობა ჩვეულებრივი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, საგარეო პოლიტიკით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როდესაც თავდასხმა ხდება ან ამერიკის მიწაზე ან იმ ქვეყანაში, სადაც დიდი რაოდენობით ამერიკელი ჯარისკაცები არიან განლაგებული“.

როგორც ჩანს, რიგითი ამერიკელები დიდად არ არიან დაინტერესებულნი გრენლანდიის შეძენის იდეით. YouGov-ის მიერ შარშან ჩატარებულმა გამოკითხვამ შემდეგი შედეგი აჩვენა:

  • გრენლანდიის ყიდვის იდეას ამერიკელების მცირე ნაწილი უჭერს მხარს;
  • უმეტესობა მიუღებლად მიიჩნევს იქ ფარული გავლენის კამპანიების გამართვას;
  • ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა (მათ შორის რესპუბლიკელები) კატეგორიულად ეწინააღმდეგება "გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებას“.


გამოკითხვების თანახმად, გრენლანდიელებსაც არ სურთ აშშ-სთან შეერთება. ერთი წლის წინ, კითხვაზე: „გსურთ თუ არა გრენლანდიის დანიისგან გამოყოფა და შეერთებული შტატების ნაწილად ქცევა?“ - გამოკითხულთა 85%-მა უპასუხა „არა“, თუმცა 56%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას.

რა იქნება?!

დონალდ ტრამპმა 5 იანვარს Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას ერთგვარი ვადები დაასახელა: „გრენლანდიაზე ღელვას დაახლოებით ორ თვეში დავიწყებთ. მოდი, გრენლანდიაზე 20 დღის შემდეგ ვისაუბროთ“.

The Economist-ის ცნობით, შეერთებული შტატები აპირებს გრენლანდიას შესთავაზოს თავისუფალი ასოციაციის პაქტი (Compacts of Free Association, COFA), მსგავსი იმ შეთანხმებისა, რომელიც მოქმედებს აშშ-სა და წყნარი ოკეანის რამდენიმე პატარა სახელმწიფოს შორის. ასეთი შეთანხმებები ამერიკელ სამხედროებს პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეებზე ექსკლუზიურ წვდომას ანიჭებს, სხვა ქვეყნებს კი ამ უფლებებს ართმევს. სანაცვლოდ, შეერთებული შტატები ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს.

გრენლანდია მიისწრაფვის შეერთებულ შტატებთან კავშირების განმტკიცებისკენ და მის მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეთ ამერიკის შეჭრისა, - განაცხადა 5 იანვარს პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა: „ჩვენ არ ვართ ისეთ ვითარებაში, როცა უნდა გვეგონოს, რომ ქვეყნის დაპყრობა შეიძლება ერთ საათში მოხდეს. არ შეიძლება გრენლანდიის შედარება ვენესუელასთან“.

გრენლანდიის პირობითი ფასი

აშშ-ის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა ლუიზიანა ფრანგებისგან XIX საუკუნის დასაწყისში 15 მილიონ დოლარად შეიძინა, ნახევარი საუკუნის შემდეგ კი ენდრიუ ჯონსონმა რუსებისგან ალასკა ამ თანხის ნახევარ ფასად შეიძინა. ჰარი ტრუმენმა დანიას 1946 წელს 100 მილიონი დოლარი შესთავაზა გრენლანდიის დათმობის სანაცვლოდ.

ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, ამ თანხით ახლა მანჰეტენზე სახლსაც ვერ იყიდი, არა თუ - კუნძულს. უფრო გონივრულია აშშ-ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიმდინარე ფასებზე ფოკუსირება. ლუიზიანა, რომელიც ზომით გრენლანდიას შეესაბამება, ამ შემთხვევაში მინიმუმ 1 ტრილიონი დოლარი ეღირება. ხოლო არქტიკული კუნძულის ეკონომიკური და სტრატეგიული პოტენციალის გათვალისწინებით, ფასი შეიძლება რამდენჯერმე მეტი იყოს.

თუმცა დანია არაფრის გაყიდვას არ აპირებს. გარდა ამისა, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის გრენლანდიას, რომელიც 300 წელზე მეტია დანიის კონტროლის ქვეშაა და არასდროს გამოუთქვამს სურვილი, უარი ეთქვა კომფორტულ ალიანსსა და ასობით მილიონი დოლარის ყოველწლიურ სუბსიდიებზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG