Fox News-თან 10 თებერვლის ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ოფიციალური პირები „შეწუხებული და დაშინებული“ არიან შედეგით იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ტრამპმა ეს თქვა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის გულწრფელობა თეირანთან მოლაპარაკებებისკენ მისწრაფებასთან დაკავშირებით.
„ყველას ჰგონია, რომ ისრაელი, ჩვენი დახმარებით ან ჩვენი თანხმობით, შევა და დაბომბავს მათ. მირჩევნია, ეს არ მოხდეს“, - თქვა ტრამპმა.
„არ შეიძლება ირანს მისცე საშუალება, რომ ჰქონდეს ... ბირთვული იარაღი, მაგრამ არსებობს მათი შეჩერების ორი გზა: ან ბომბებით, ან დაწერილი ქაღალდით ... ვფიქრობ, რომ ირანი მოხარული იქნებოდა, დაედო შეთანხმება და მე მოხარული ვიქნები, დავდო შეთანხმება მათი დაბომბვის გარეშე“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანი დასუსტებულია საჰაერო თავდაცვაში „უზარმაზარი დანაკარგებით“ - რაც აშკარა მინიშნებაა ისრაელის თავდასხმებზე ოქტომბრის ბოლოს, რომლებმაც, ანალიტიკოსების თქმით, „მნიშვნელოვანი დარტყმა“ მიაყენეს ირანის შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების წარმოების უნარს.
2015 წლის ისტორიულმა შეთანხმებამ, ერთი მხრივ, ირანს და, მეორე მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიას შორის, შეზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
თუმცა ტრამპმა, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, აშშ შეთანხმებიდან გამოიყვანა და 2018 წელს ხელახლა დააწესა სანქციები, რის საპასუხოდ თეირანმა ეტაპობრივად განაახლა ურანის გამდიდრება და შეამცირა თავისი ბირთვული ობიექტების საერთაშორისო ინსპექციები.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ სოციალური ქსელით განაცხადა ტრამპის ამ ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, რომ მისი ქვეყანა მზად არის ვაშინგტონთან ბირთვული პროგრამის და მასთან დაკავშირებული სანქციების გარშემო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკება არ შეიძლება ტრამპისეული „მაქსიმალური ზეწოლის“ სტრატეგიის ჩარჩოებში გაიმართოს. სანქციების გაუქმებას მოლაპარაკება სჭირდება, მაგრამ არა „მაქსიმალური ზეწოლის“ ჩარჩოებში, თქვა მან და დასძინა: „რადგან ეს იქნება არა მოლაპარაკება, არამედ კაპიტულაციის ფორმა“. „ირანს არ სურს, მოლაპარაკება აწარმოოს ქვეყანასთან, რომელიც ამავე დროს სანქციებს უწესებს“.
დონალდ ტრამპმა 4 თებერვალს მოაწერა მემორანდუმს ხელი ირანის მიმართ „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის“ თაობაზე. ამ პოლიტიკის მიზანია ირანის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა ნულამდე და ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერება.
თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
თეთრ სახლში ირანის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ აღდგენის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს კამპანია ძალიან სასტიკია და იქვე გამოაცხადა, რომ „ორჭოფობდა“ ხელმოწერის გამო. იქვე თქვა, რომ ირანი „ძალიან ახლოსაა“ ბირთვული იარაღის შექმნასთან.
გასული კვირის ბოლოს ირანის უზენაესმა მმართველმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკება უპერსპექტივოა, რადგან ირანის პრობლემებს არ მოაგვარებს.
ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისას, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანი არ არის დოკუმენტის სულისკვეთების ერთგული და განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობებს. ტრამპმა ირანს ასევე ბრალად დასდო ექსტრემისტი მოძალადეების მხარდაჭერა რეგიონში, რასაც თეირანი უარყოფს.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ თეირანთან ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს მეთვალყურეობის შესაძლებლობას, ინსპექციას, ირანის ბირთვული საქმიანობის შემოწმების საშუალებებს და ასევე ბირთვული მასალების განადგურებას ან უბრალოდ იმის გარანტიას, რომ „ის აღარ არის ბირთვული“.
სხვა დეტალებზე, კიდევ რას უნდა შეიცავდეს ეს შეთანხმება, მას არ ულაპარაკია.
ფორუმი