Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მიმართ ტრამპის მუქარის პარალელურად გრძელდება ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მცდელობები

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ირანში „ყველაფერს ააფეთქებს“ - ზუსტად იმ დროს, როცა ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევის ბედის გადაწყვეტამდე საათებიღა რჩება - ლაპარაკია პაკისტანის შუამავლობით შედგენილ სამშვიდობო შეთანხმებაზე.

ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების დაწყების ბოლო ვადად ტრამპმა 7 აპრილი დაასახელა. გამოცემა The Hill-ის ცნობით, 6 აპრილს, შუადღისას, აშშ-ის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დონალდ ტრამპი პრესკონფერენციას გამართავს.

„სამშაბათი [7 აპრილს] იქნება ელექტროსადგურის დღე, ხიდის დღე, ყველაფრისა ერთად, ირანში. ამის მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით ეს ************ სრუტე, შეშლილო ნაბიჭვრებო, ანდა ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით - ნახავთ!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა 5 აპრილს პლატფორმა Truth Social-ზე.

როგორც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებიდან და ინტერვიუებიდან ჩანს, ტრამპის ბოლო ულტიმატუმის გრაფიკი შეიცვალა.

5 აპრილს „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ორ დღეში უნდა გახსნას სრუტე ან „ისინი დაკარგავენ ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ქარხანას, რაც კი ქვეყანაში აქვთ“. მოგვიანებით თავისი პირობის შესასრულებლად მან ახალი ვადის შესახებ დაპოსტა და ეს არის 7 აპრილის საღამოს 8 საათი, აშშ-ის (აღმოსავლეთ ნაწილის) დროით.

6 აპრილს ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა თეირანის მახლობლად, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად.

სააგენტო „ირნა“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა შარიარისა და ბაჰარესტანის რაიონები, დაინგრა ორი საცხოვრებელი შენობა. ნანგრევებში ნაპოვნია რამდენიმე გვამი. სააგენტო „ტასნიმი“ კი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან", იტყობინება, რომ დაღუპულთა შორისაა ექვსი ათ წლამდე ასაკის ბავშვი. ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული დამოუკიდებელი წყაროების მიერ.

6 აპრილს დაიღუპა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაჯიდ ხადემი, რასაც ირანული მედია, IRGC-ზე დაყრდნობით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ მოწყობილ „ტერორისტულ თავდასხმას“ უწოდებს. ხადემის მაღალი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო თანამდებობები ეკავა და ბოლოს ხელმძღვანელობდა ირანის ყველაზე მძლავრ უსაფრთხოების უწყებას.

6 აპრილს ისრაელის მედია იტყობინებოდა, რომ ირანმა გამოიყენა კასეტური საბრძოლო მასალა თელ-ავივის არეალში სარაკეტო თავდასხმისას. საინფორმაციო სააგენტო Ynet-ის ცნობით, რაკეტები დაახლოებით 20 სამიზნეს მოხვდა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი მძიმედ. რაკეტა მოხვდა სკოლასაც. მანამდე ჰაიფაში ორი ადამიანი დაიღუპა ირანის თავდასხმის შედეგად.

დიპლომატია კულისებს მიღმა

მუქარის მიუხედავად, ტრამპისგან მოდის აგრეთვე ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის მზადყოფნაზე სიგნალებიც.

აშშ, ირანი და რეგიონული შუამავლები განიხილავენ ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის შესაძლებლობას, რასაც წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა მოჰყვეს ომის დასრულება. ამის შესახებ წერს Axios-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით - აშშ-იდან, ისრაელიდან და რეგიონიდან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

დონალდ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ მის მიერ ირანისთვის დათქმულ ვადამდე გარიგების მიღწევის “კარგი შანსი“ არსებობს. „არის კარგი შანსი, მაგრამ, თუ ისინი არ დადებენ გარიგებას, იქ ყველაფერს ავაფეთქებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

წყაროების თანახმად, აშშ-ისრაელის მიერ ირანის ენერგოობიექტების მასირებული დაბომბვის ოპერატიული გეგმა მზადაა აღსასრულებლად, თუმცა ტრამპის მიერ მისი დაწყების გადავადების მიზანია დიპლომატიის ბოლო შესაძლებლობის გამოყენება.

„როიტერსის“ 6 აპრილის ცნობით, გარიგების ჩარჩო-დოკუმენტს პაკისტანმა მოუყარა თავი და ორივე მხარეს გაუზიარა. დოკუმენტის პროექტის წინასწარი სახელწოდებაა „ისლამაბადის შეთანხმება“.

დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება მყისიერად, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე; 15-დან 20 დღემდე ვადაში კი დასრულდება უფრო ფართო შეთანხმება, რომელიც მოიცავს ირანის ვალდებულებებს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სანაცვლოდ კი - ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას და გაყინულ საკუთრებაზე წვდომის აღდგენას.

მთელი გასული ღამის განმავლობაში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს, ჰქონდა კომუნიკაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან. 6 აპრილის მდგომარეობით, ირანს არ უპასუხია შეთავაზებებზე. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, „ირანი აცხადებს, რომ შუამავლების მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხი ჩამოყალიბებული აქვს და არ ჩაერთვება პირდაპირ მოლაპარაკებებში მანამდე, სანამ აშშ და ისრაელი აძლიერებენ თავდასხმებს“.

ირანი „სახიფათო თამაშების“ დასრულებისკენ მოწოდებით გამოდის

დონალდ ტრამპის მუქარებზე პასუხად, ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაყერ ყალიბაფმა აშშ-ს მოუწოდა „სახიფათო თამაშების“ დასრულებისა და თეირანთან ომის შეწყვეტისკენ.

ყალიბაფმა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში ზოგი მოლაპარაკებებში პოტენციურ პარტნიორად მიიჩნევს, დაადანაშაულა ვაშინგტონი „უგუნური ნაბიჯების“ გადადგმაში და დაიმუქრა, „ჩვენი მთელი რეგიონი გადაიბუგებაო“.

დიპლომატიური აქტივობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაცხადა ავიამოიერიშე F-15E-ს ეკიპაჟის მეორე წევრის გადარჩენის შესახებ. მოიერიშე თვითმფრინავი 3 აპრილს ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოაგდეს.

გადარჩენის ოპერაცია ღამით განხორციელდა და მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის საგანგებო ოპერაციების ძალები, რომლებსაც მოუწიათ გამკლავება IRGC-სა და ბასიჯის რაზმების აქტიურ ჩარევასთან, რომლებიც აგრეთვე ეძებდნენ ამერიკელ სამხედრო პილოტს.

ირანიდან, სახელდახელოდ მოწყობილი ბაზიდან აფრენა ვეღარ შეძლო გადარჩენის ოპერაციაში მონაწილე ორმა ამერიკულმა ავიამზიდმა. ისინი ამერიკის ძალებმა გაანადგურეს, რომ ირანელების ხელში არ აღმოჩენილიყო.

ირანის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გადარჩენის ოპერაცია „სრულად ჩაიშალა“, მაგრამ არ უთქვამთ, რომ ამერიკული ეკიპაჟის წევრი შეიპყრეს და არც ის უარუყვიათ, რომ ის ირანიდან გაყვანილია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG