Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუალეტი - საქართველოს ყოფითი კულტურის აბსოლუტური ნული


19 ნოემბერს აღინიშნება ტუალეტის მსოფლიო დღე - როგორც შეხსენება იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობის 60 %-ს ან საერთოდ არ მიუწვდება ხელი ტუალეტზე ან მათი ტუალეტები არ არის აღჭურვილი უტილიზაციის უსაფრთხო მოწყობილობით. ამ 60 პროცენტში შედის მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სოფლად უწევს ცხოვრება ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გარეშე. რეზო გაბრიაძეს რომ დავესესხოთ, მათი “ჩეჩმების ნაფოტებში კვლავ ქარი წუის და კვლავ დროშასავით ფრიალებს გეოლოგის პლაშის ნაგლეჯები”. არადა, საქართველოს 3,7 მილიონი მოსახლიდან, სასოფლო ტიპის დასახლებაში 1,6 მილიონი, 43 % ცხოვრობს. ამ ადამიანებს, ორგანიზებული საკანალიზაციო სისტემის არ არსებობის გამო, ჯანმთელობისათვის სახიფათო სანიტარულ პირობებში უწევთ ცხოვრება: ორმოებსა და კუსტარულად გაკეთებულ კოლექტორებში მრავალი თვისა და წლის განმავლობაში დაგროვებული ფეკალური მასები აბინძურებენ ჰაერს, ნიადაგს და გრუნტის გამდინარე წყლებით - საკვებსა და სასმელ წყალსაც.

სამწუხაროდ, „ნოლ-ნოლი“ - კვლავ რჩება ჩვენი ყოფითი კულტურის აბსოლუტურ ნულად და ამას ყველა ხედავს ჩვენ გარდა.

საქართველოში წყარო რომანტიკული შეხვედრების ადგილად, წყაროს წყალი კი სისუფთავის სიმბოლოდ მიიჩნევა, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ეს ასე არაა. წყაროსა და ჭის წყლები დაბინძურებულია, რადგანაც მათთან ახლოსაა ბოსელი ან ტუალეტი ღრმა ორმოთი, საიდანაც მავნე ნივთიერებები გაიჟონება და მიწისქვეშა წყლებში ხვდება.

ტუალეტებისა და კანალიზაციის მოწყობის თვალსაზრისით, საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩარჩენილია მე-19 საუკუნეში, როცა თბილისშიც კი კანალიზაცია პრიმიტიული სახით - შთანმთქმელი ჭების ან ღია სანიაღვრე არხების სახით არსებობდა, ვიდრე სოლოლაკში არ იქნა გაყვანილი პირველი წყალსადენი (1861 წ. გენერალ ყორღანოვის საკუთრება) და მასთან ერთად საკანალიზაციო ქსელი (1921 წლისათვის თბილისის კანალიზაციის ქსელის სიგრძე 121,7 კმ იყო, ახლა 1600 კმ-ია).

თუ სოფლად, ზოგადად, ტუალეტებისა და კანალიზაციის მოწყობის პრობლემა დგას მწვავედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემურია საზოგადოებრივი ტუალეტების სიმცირე, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. ტყეები, სკვერები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სადარბაზოები, მიტოვებული შენობები და ა.შ. - გადაქცეულია სტიქიურ ტუალეტებად, სადაც ჯოჯოხეთური ანტისანიტარია სუფევს. საბჭოთა ინერციით (საბჭოთა ტუალეტთა სიმყრალეზე ლეგენდები დადის), დღევანდელი საქართველოც ჯიუტად გაურბის და თვალს არ უსწორებს ამ პრობლემას. დღევანდელ საქართველოშიც ისე იქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირში: თითქოს ტუალეტი საერთოდ არ სჭირდებათ, თითქოს ყოფის ეს მხარე, ეს საჭიროება საერთოდ არ არსებობს. პოლიტიკური ელიტის საფიქრალში შეიძლება მოხვდეს კონსტიტუციის შეცვლა, ჭარბვალიანობა და ა.შ. მაგრამ მის საფიქრალში ძნელად თუ მოხვდება კანალიზაციის ქსელი, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი.

ქუთაისი და მისი ერთადერთი საზოგადოებრივი ტუალეტი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:41 0:00
ტუალეტი და კანალიზაცია, მათი მოწყობის ხარისხი, შეიძლება განვიხილოთ ერის ყოფითი კულტურის ერთგვარ საზომად.

არადა, ადამიანის საარსებო სივრცე, ისევე როგორც ფიზიოლოგია, ერთიანია და არ შედგება ერთმანეთისგან იზოლირებული ელემენტებისგან. აზროვნება, სუნთქვა, საკვების მიღება და მონელება - ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ტუალეტიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საძინებელი, სამზარეულო ან მისაღები ოთახი. ადამიანს ისევე სჭირდება დეფეკაციის ღირსეული ადგილი, როგორც საძინებელი და სამუშაო ოთახი. მეტიც, ტუალეტიც შეიძლება იყოს სააზროვნო სივრცე. დეფეკაციის დროს ადამიანი არსებითად არ იცვლება, იმადვე რჩება. შესაბამისად, ტუალეტი და კანალიზაცია, მათი მოწყობის ხარისხი, შეიძლება განვიხილოთ ერის ყოფითი კულტურის ერთგვარ საზომად.

სამწუხაროდ, „ნოლ-ნოლი“ - კვლავ რჩება ჩვენი ყოფითი კულტურის აბსოლუტურ ნულად და ამას ყველა ხედავს ჩვენ გარდა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG