Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს აბასთუმანი დახურული საავადმყოფოთი ხვდება


პაციენტთა ნაწილმა საავადმყოფო ეტაპობრივად დატოვა.
პაციენტთა ნაწილმა საავადმყოფო ეტაპობრივად დატოვა.

ბიძინა ივანიშვილის იდეის შესაბამისად, კურორტ აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო დაიხურა და თითქმის 100 წლის შენობის ადგილას, სავარაუდოდ, სასტუმრო აშენდება. რა ბედი ეწევათ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც აბასთუმანს უნიკალური კლიმატის გამო ეტანებოდნენ?

ოლეგ ბიბილეიშვილი ერთ-ერთია იმ პაციენტებს შორის, ვინც აბასთუმანში მკურნალობდა. ოთხი თვის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ კურორტზე მკურნალობას უპირატესობა კლიმატის გამო მიანიჭა. მისთვის ნაძვის მტვერი და ჰაერი აბასთუმნის სავიზიტო ბარათი იყო, რადგან სამთვიანი მკურნალობის შედეგი მალევე იგრძნო.

"დასავლეთში სუნთქვა მიჭირდა. აბასთუმანში ჰაერი და ნაძვის მტვერია მთავარი, თორემ სად იქნება საავადმყოფო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, შენობიდან რომ გამოხვალ, შიშველ მიწაზე არ მოგიწიოს ყოფნა“, - ამბობს ოლეგ ბიბილეიშვილი.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ მძიმე სენთან ბრძოლის დღეს აბასთუმნის საავადმყოფო უკვე დახურული კარით შეხვდება.

პაციენტთა ნაწილმა საავადმყოფო ეტაპობრივად დატოვა, 22 მარტს კი შენობა საბოლოოდ დაიხურა და მის ადგილას სასტუმრო უნდა აშენდეს.

ეს შენობა 1924 წელს აშენდა, ტუბსაავადმყოფო აქ 12 წელი ფუნქციონირებდა. კურორტ აბასთუმნის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის, გიორგი რომანოვის, ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო-თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი „ზეკარი“ ფუნქციონირებდა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო დარჩენილმა 25-ივე პაციენტმა უკვე დატოვა. მათი ნაწილი თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას, შედარებით მსუბუქი ფორმის პაციენტები კი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმზე გადავლენ. მკურნალობის შეწყვეტა არც ერთ პაციენტს არ მოუწევს. ტუბსაავადმყოფოს ხელმძღვანელის, რევაზ ჟღენტის, თქმით, პაციენტების რაოდენობის დინამიკა სეზონურად იცვლება.გასულ კვირას აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოდან გასული 25 პაციენტიდან დაახლოებით ნახევარი სახლში გააგრძელებს მკურნალობას.

„ზეკარის“ შენობა 1924 წელს აშენდა, ტუბსაავადმყოფო აქ 12 წელი ფუნქციონირებდა.
„ზეკარის“ შენობა 1924 წელს აშენდა, ტუბსაავადმყოფო აქ 12 წელი ფუნქციონირებდა.

რაც შეეხება საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელს, რევაზ ჟღენტი ირწმუნება, რომ ახალ სამედიცინო ცენტრში ყველა დასაქმდება.

აბასთუმანში 100 საწოლზე გათვლილი ახალი სამედიცინო ცენტრის შენება სექტემბრის თვეში დაიწყო და აპრილის ბოლომდე მშენებლობა და ინვენტარის შეტანა უნდა დასრულდეს, მაისის თვიდან კი ახალი საავადმყოფო მრავალპროფილური სტატუსით დაიწყებს ფუნქციონირებას და იქ სარეაბილიტაციოდ მხოლოდ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მიიღებენ. ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს დირექტორმა თქვა, რომ ახალი სამედიცინო ცენტრის შენობისთვის შერჩეული ადგილი გაცილებით უკეთესია, ვიდრე არსებული შენობისა.

"ბატონ ბიძინასთან კომუნიკაციის შემდეგ შერჩეულ ადგილზე რთული სამუშაოები ჩატარდა - მოიხსნა კლდოვანი ქანები, რათა რამდენიმე მწვანე ნარგავი დარჩენილიყო ადგილზე. არც გვეგონა, ასე მოკლე პერიოდში თუ მოხდებოდა შენობის ამ კონდიციამდე მიყვანა. გვპირდებიან, რომ მაისში შენობა იქნება მზად. პროექტისმიხედვით, მწვანე ზონა გაკეთდება.უკვე შერჩეულია ე.წ. ვერცხლისფერი ნაძვები, სადაც 50 ძირისთვის ადგილებიც განსაზღვრულია.მწვანე ზოლის შექმნა ისეა გათვალისწინებული, რომ სარეკრეაციო პირობები მაქსიმალურად იყოს შექმნილი“, - განმარტა რევაზ ჟღენტმა.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ჯერ კიდევ ნოემბერში 70-მდე პაციენტი მკურნალობდა. ყოფილ შენობაში სენსიტიური და მულტირეზისტენტული განყოფილება ფუნქციონირებდა.

კურორტ აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი გასული წლის აგვისტოს თვეში დაინტერესდა, როცა ოჯახით დასასვენებლად ჩამოვიდა და რამდენიმე დღის ნაცვლად ერთ კვირაზე მეტხანს გაჩერდა.

იოსებ ცისკარაძე გვიყვება, რომ ჰაერის გასაზომად მაშინ "ხალხი თბილისიდან ჩამოვიდა. გაზომეს და 95 % აჩვენა, ესეც იმიტომ, რომ აგვისტო იყო და კურორტზე დამსვენებლები მრავლად იყვნენ. „ცისარტყელა“ თვითონ შეისყიდა; ზეკარში მდებარე შენობა, ტუბსაავადმყოფო რომ არის, ეგეც. ამბობენ, შვიდსართულიანი სასტუმრო უნდა ააშენოსო“.

ენვერ შონიას ინფორმაციით კი, აბასთუმანი უნდა გახდეს ადგილი, სადაც ავადმყოფი ხალხი აღარ იქნება. "კურორტი იქნება მარტო ჯანმრთელი და ფულიანი ხალხის“.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ჯერ კიდევ ნოემბერში 70-მდე პაციენტი მკურნალობდა.
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ჯერ კიდევ ნოემბერში 70-მდე პაციენტი მკურნალობდა.

რევაზ ჟღენტი ამბობს, რომ მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ახალ საავამდყოფოში ახალი მეთოდიკის დანერგვა იგეგმება:

"აპრილიდან დაიწყება მკურნალობის ახალი პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცთვიანი მკურნალობის ნაცვლად პაციენტებს ათთვიანი მკურნალობის კურსის გავლა მოუწევთ. იყო პერიოდი, როცა პირველი რეზისტენტული სამკურნალო განყოფილება 2000-იან წლებში აბასთუმანში გაიხსნა, მაგრამ ახლა ცენტრალიზებულად მოხდება და ახალი მეთოდიკით თბილისიდან დაიწყება. რევოლუციური მიდგომაა, ნახევრდება გამოჯანმრთელების დრო. ახალი მეთოდი მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით უკვე დაინერგა შრი ლანკასა და აზიის ბევრ ქვეყანაში, სადაც წარმატებული შედეგები უკვეარსებობს. ეს ძალიან აქტუალური საკითხია. ვენის კონფერენციაზე შემუშავდა ახალი გაიდლაინები და საქართველომ ტუბერკულოზთან ბრძოლა ახალი მეთოდიკით უკვე დაიწყო“.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით გადაიტანეს. სამსართულიანი კორპუსი, რომელიც ევროსტანდარტებით იქნება აღჭურვილი, ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა. სამუშაოები შპს "არალმა“ კომპანია "პოზიტივის“ დაკვეთით განახორციელა.

XS
SM
MD
LG