Accessibility links

ტურიზმის ადმინისტრაცია Airbnb-ზე ბინების გაქირავების რეგურილებაზე საუბრობს


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, აზრით, ზოგადად მსოფლიოში Airbnb-ის მეშვეობით ტურისტებზე ბინების დღიურად გაქირავების სერვისი ბევრი სასტუმროს კონკურენტია, ამიტომ საჭიროა მათი რეგულირება. „Airbnb გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები, უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას. მისივე თქმით: „ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს თუ ტაქსის კომპანიებს არ შეექმნათ პრობლემა, იმიტომ რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის. ეს არის, ერთი მხრივ, ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე ის გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის რეგულაციების შემოღებაზეა ლაპარაკი. როგორც გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, ამ საკითხებზე კერძო ბიზნესთან დიალოგის დაწყებას აპირებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას Airbnb-ის სხვადასხვა მომხმარებელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბევრისთვის ეს სისტემა მცირე შემოსავლის წყაროა და დამატებითი რეგულაციები ამ შემოსავლების შემცირებისა და დაკარგვის საფრთხის მატარებელია.

ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართავს და წერს: „მე, როგორც მარტოხელა დედა, რომელიც ტყავიდან ვძვრები, რომ ჩემს შვილს ნორმალური პირობები შევუქმნა, კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ დაგაშვებინენთ აქ მსხვილი ბიზნესების ლობირებას ჩვენი გასრესვის ხარჯზე!!! და ასეთი გაწყობა აქვს უამრავ ადამიანს, ვინც ჩემსავით წვალობს ელემენტარული შემოსავლის მისაღებად, დამძიმებული კრედიტებით და ვალდებულებებით“.

სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიის გამო 18 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა. "სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვებს, ან გადასახადების შემოღებას გეგმავს, არ შეესაბამება სიმართლეს."

დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით, წელს, მიუხედავად ტურისტების ნაკადის ზრდისა, 5-6 პროცენტით შემცირდა სასტუმროების დატვირთვა.

Airbnb მთელ მსოფლიოში ბინების ონლაინდაჯავშნის პლატფორმაა, რომლითაც საქართველოშიც აქტიურად სარგებლობენ როგორც ტურისტები, ასევე ბინების გამქირავებლები. ამჟამად ამ სისტემაში საქართველოდან 5 000-ზე მეტი ბინის განცხადებაა გამოქვეყნებული.

ანალოგიურ სერვისს სთავაზობს ტურისტებსა და ბინის გამქირავებლებს სასტუმროების დაჯავშნის სისტება booking.com, რომელზეც რეგისტრირებულია 10 ათასამდე ბინა მთელი საქართველოს მასშტაბით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG