Accessibility links

უარი ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებაზე


გვანცა საკანელაშვილი, საიას დამკვირვებელთა კოორდინატორი მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში.

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ამ დრომდე განხილული ოთხი საჩივარი, მათ შორის ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.

„რაც შეეხება 49-ე საარჩევნო უბანს, ჩვენ სხდომაზე წარმოვადგინეთ ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც იძლეოდა საფუძველს, რომ საჩივარი დაკმაყოფილებულიყო“, უთხრა რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) დამკვირვებელთა კოორდინატორმა მარნეულში, გვანცა საკანელაშვილმა.

სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში და იმ განკარგულებების მიხედვით, რომელსაც საოლქო კომისია მიიღებს, შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ.
გვანცა საკანელაშვილი

საკანელაშვილის მიერ სხდომაზე წარდგენილი მასალების მიხედვით, მარკირებული პირები ცდილობდნენ 49-ე უბანზე შესულიყვნენ. ამასთან, ერთმა და იმავე ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა.

„ამ უბანზე არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ. დარღვევების შესახებ საგამოძიებო ორგანოებსაც მივმართეთ და დაიწყეს გამოძიება“, თქვა გვანცა საკანელაშვილმა.

საიამ 22-ე საოლქო კომისიაში 12 საჩივარი წარადგინა, 7 საჩივარს 30 იანვარს განიხილავენ.

საიას დამკვირვებელთა კოორდინატორის თქმით, ორგანიზაცია დაელოდება მათ მიერ წარდგენილი ყველა საჩივრის განხილვას, რომელიც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება.

„სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში და იმ განკარგულებების მიხედვით, რომელსაც საოლქო კომისია მიიღებს, შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ“, თქვა გვანცა საკანელაშვილმა.

ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება, რომ 49-ე უბანზე, მარკირებიანი ან მარკირების გარეშე რომელიმე ამომრჩეველი შევიდა.
კობა ასანიძე

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საიას საჩივრებში წარმოდგენილი ფაქტები არ დადასტურდა, მათ შორის 49-ე უბანთან დაკავშირებით.

„ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება, რომ 49-ე უბანზე, მარკირებიანი ან მარკირების გარეშე რომელიმე ამომრჩეველი შევიდა“, თქვა კობა ასანიძემ.

საოლქო კომისია განიხილავს ასევე „სამართლიანი არჩევნების“ 3 საჩივარს, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.
კომისიას განსახილველი აქვს „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ევროპული საქართველოს“ საჩივრებიც, თუმცა ამ ორგანიზაციებიდან საოლქო კომისიის წევრებმა საჩივრების განხილვის პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს. მათ განაცხადეს, რომ კომისიის უმრავლესობას მმართველი ძალა წარმოადგენს, ამდენად, არ დააკმაყოფილებენ ოპოზიციის არც ერთ საჩივარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG