Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოხვდა უკრაინაში დაღუპული ათობით რუსი ჯარისკაცის ცხედარი ციმბირში?


უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების კუბოები, ნოვოსიბირსკის ტოლმაჩევოს აეროპორტის ანგარში
უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების კუბოები, ნოვოსიბირსკის ტოლმაჩევოს აეროპორტის ანგარში

რუსეთში, ციმბირის რეგიონში, ნოვოსიბირსკის ტოლმაჩევოს აეროპორტის ანგარში, თვითმხილველმა ვიდეოზე ასახა ერთმანეთის მიყოლებით დაწყობილი ასზე მეტის ხის ყუთი - უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების კუბოები.

ყუთების უმრავლესობას მიკრული აქვს დაღუპვის მოწმობა, ზოგიერთზე დატანილია გვარები ან ინიციალები, მითითებულია რეგიონიც.

ერთ-ერთ კუბოს აქვს წარწერა „ჰერბოლდი. ბურიატია“. ბურიატიელი 39 წლის გენადი ჰერბოლდის ნათესავებმა „სიბირ.რეალიის“ დაუდასტურეს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა ორი კვირის წინ შეატყობინეს ჰერბოლდის დაღუპვის ამბავი, შემდეგ კი მისი ცხედარი ნოვოსიბირსკში ჩაიტანეს.

”ბრძოლა მათ არ იციან, მხოლოდ სიკვდილი შეუძლიათ“

გავრცელებულ კადრებში ჩანს ნოვოსიბირსკულნომრიანი (154) ავტომობილი. ტოლმაჩევოს ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ვიდეოში ასახული კადრები აეროპორტის ერთ-ერთი შენობაშია გადაღებული. „ეს არ არის სარწმუნო ინფორმაცია. შენობა, რომელიც ამ ვიდეოზე ჩანს, არ ეკუთვნის აეროპორტს“, - უთხრა აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

თითოეულ ყუთს აქვს ექვსნიშნიანი ნომერი ლიტერით დატანილი ასო „კ“-თი. სავარაუდოდ, იგივე ასო „კ“ არის ამოტვიფრული მსჯავრდებულ „ვაგნერელთა“ ყელსაბამ ჟეტონზეც და უნდა ნიშნავდეს სიტყვა „კოლონიას“.

თითოეულ ყუთს აქვს ექვსნიშნიანი ნომერი ლიტერით დატანილი ასო „კ“-თი.
თითოეულ ყუთს აქვს ექვსნიშნიანი ნომერი ლიტერით დატანილი ასო „კ“-თი.

უკრაინაში დაღუპული გენადი ჰერბოლდის და, ოლესია ჰერბოლდი ამბობს, რომ ომსკის ოლქში მდებარე ნომერ 8 კოლონიიდან მისი ძმა გასული წლის ნოემბრიდან გაუჩინარდა. ოლესიამ მხოლოდ დეკემბერში შეიტყო, რომ მისი პატიმარი ძმა კომპანია „ვაგნერს“ გადაუბირებია.

ყოფილი პატიმარი გენადი ჰერბოლდი
ყოფილი პატიმარი გენადი ჰერბოლდი

„27 ნოემბერს მე და ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ. ის იჯდა "მერვეში" (ნომერ მერვე (ИК-8) გამოსასწორებელ კოლონიაში, ჰერბოლდი გაასამართლეს 111-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის განზრახ მიყენება, რამაც დაღუპვა გამოიწვია) და მეფიცებოდა, რომ უკრაინაში არაფრის გულისთვის არ წავიდოდა“.

28 ნოემბერს, დასთან საუბრის მეორე დღეს, გენადი გაუჩინარდა. 29 ნოემბერს, კოლონიამ ოჯახს ოფიციალურად აცნობა „მისი გამგზავრების“ შესახებ.

„სად, რატომ? პასუხი არ არის! ვის არ მივმართე, ყველგან სიჩუმე იყო. თითქოს ადამიანი არც კი არსებულიყო. თავდაცვის სამინისტროსაც ვერ დაურეკავთ. მე მაინც შევეცადე, რადგან ჩემი ძმა და მისნაირები ხომ ოფიციალურად რუსი სამხედროები არც არიან. ბრძოლა მათ არ იციან, მხოლოდ სიკვდილი შეუძლიათ“, - ამბობს ოლესია ჰერბოლდი.

გენადი ჰერბოლდი
გენადი ჰერბოლდი

გენადი ჰერბოლდს ორი ნასამართლობა ჰქონდა. პირველი ტყის უკანონო ჭრისთვის. მაშინ იგი ჯარიმით გადარჩა. მაგრამ კოლონიაში ჰერბოლდი ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მოხვდა. ოლესია ჰერბოლდის თქმით, კოლონიის დატოვების შემდეგ პირველად და უკანასკნელად მისი ძმა კავშირზე 11 დეკემბერს გამოვიდა.

„სიჩქარეში გადმომირეკა, მთხოვა პასპორტის მონაცემები მეკარნახა, რათა მისი „სამუშაოსთვის“ განსაზღვრული თანხა ერთბაშად ჩემთვის გადმოერიცხათ. მას ხომ ორი პატარა შვილი დარჩა, მე, ძმა და მშობლები. მე დავუწყე გამოკითხვა, როგორ მოხვდი უკრაინაში? რატომ? არ მიპასუხა. მე ისე გავიგე, ეშინოდა, რომ უსმენდნენ. ვფიქრობ, რომ უკრაინაში ძალით წაიყვანეს! ჩემთვის დღემდე გამოცანაა, როგორ და რისთვის აღმოჩნდა ის უკრაინაში. შემდეგ ისევ გაუჩინარდა. ყველგან ვწერდი, სადაც კი შეუძლებოდა. მაგრამ ხომ იცით, როგორი უწესრიგობაა ჩვენთან. შემდეგ უკვე ჩემთან თებერვალში დარეკეს, რომ ნოვოსიბირსკში კუბოს ჩამოიტანდნენ. "გახსენით და შეამოწმეთ, თქვენია თუ არა". რადგან სიჩქარეში შეეძლოთ არეოდათ. სწორედ იმის იმედი, მაქვს რომ აერიათ. არ მჯერა, რომ ჩემი ძმა მკვდარია“, - ოლესია ჰერბოლდის თქმით, ნოვოსიბირსკში კიდევ ორი ბურიატიელი პატიმრის ცხედარი ჩამოასვენეს.

ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ ჩაწერილია ნოვოსიბირსკის აეროპორტში, ასევე შეიძლება გარდაცვალების ერთ-ერთი მოწმობის ასლის გარჩევა, რომელიც სერგეი იუმაშევის სახელზეა შედგენილი. გარდაცვალების მოწმობიდან ცნობილი ხდება, რომ 39 წლის ხაკასიელი იუმაშევი 27 იანვარს ბახმუტის მახლობლად (რუსული მხარე მას არტემოვსკს უწოდებს) დაიღუპა, ხოლო თავად დოკუმენტი გაიცა 8 თებერვალს.

მე მგონია, რომ ის იძულებული გახდა წასულიყო უკრაინაში

„სიბირ.რეალიიმ“ დაადგინა, რომ 2019 წლის მაისში, აბაკანის საქალაქო სასამართლომ სერგეი იუმაშევს და ხაკასიის რესპუბლიკის რამდენიმე სხვა მცხოვრებს 8.5-დან 10.5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა დიდი ოდენობის ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის.

ყოფილი პატიმარი სერგეი იუმაშევი სასკოლო ბანკეტზე
ყოფილი პატიმარი სერგეი იუმაშევი სასკოლო ბანკეტზე

იმავე დღეს, როდესაც ოფიციალურად გახდა ცნობილი იუმაშევის გარდაცვალების შესახებ, ხაკასიის ხელისუფლებამ „ვაგნერის“ ჯგუფის კიდევ სამი დაქირავებულის დაღუპვის შესახებ განაცხადა: ანატოლი მუზიკატოვი, ვლადიმერ რახმონოვი და ვიქტორ ფიშერი - ყველანი უკრაინაში დაიღუპნენ.

ობლობაში გაზრდილ ვიქტორ ფიშერს აბაკანში 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული. ვიქტორი რამდენჯერმე იყო მსჯავრდებული ნარკოტიკების საქმეებზე. პარალელურად იგი ცდილობდა, სახელმწიფოსგან ობლისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი მოეპოვებინა.

-„დიახ, ვიტკა იქ დაიღუპა“, - დაადასტურა ფიშერის ერთ-ერთმა ნაცნობმა მისი ამბავი.

„ის ისეთი ბიჭი იყო, ბავშვობიდან ციხეებში მოხვდა, მოხეტიალე იყო. მაგრამ იმის თქმა, რომ კრიმინალი იყო, არასწორია. უწყინარი იყო. მე მგონია, რომ იძულებული გახდა წასულიყო [უკრაინაში]. 20-წლიანი სასჯელი რომ ჰქონოდა, კიდევ გავიგებდი. მაგრამ ასე, რა აზრი ჰქონდა მის იქ წასვლას? მას ხომ სულ ორიოდე წელი ჰქონდა მისჯილი. არ ვიცი, ვინ დამარხავს. ხელისუფლება ალბათ დაეხმარება“, - ამბობს ვიქტორ ფიშერის ახლობელი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მთლიანობაში, თეთრი სახლის შეფასებით, დაიღუპა სულ მცირე 9 ათასი დაქირავებული მებრძოლი, მათი ნახევარი - შარშან დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული. როგორც კირბი აცხადებს, 2022 წლის დეკემბერში მოკლულ „ვაგნერელთა“ დაახლოებით 90% რუსეთის კოლონიებში შეგროვებული მოხალისეები იყვნენ.
ბი-ბი-სის რუსული სამსახურის ცნობით კი, მხოლოდ თებერვლის ორ კვირაში, უკრაინაში რუსეთის მსხვერპლი წინა თვესთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა. 17 თებერვლისთვის ჟურნალისტებმა შეძლეს 14 709 რუსი სამხედროს დაღუპვის დადასტურება. მათი უმეტესობა "ვაგნერის" წევრია. განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი ამ დაჯგუფებამ სოლედარისა და ბახმუტის ბრძოლებში განიცადა.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

იანვრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და სანქციები დაუწესა მის დამფუძნებელს, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს, რომლის სახელიც "ტროლების ფაბრიკასაც" უკავშირდება.

„სიბირ.რეალიის“ მიხედვით მოამზადა კობა ლიკლიკაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG