Accessibility links

site logo site logo

უკრაინა ომის ზღვარზე - უფრო ძლიერი, შორს რუსეთისგან, ახლოს ნატოსთან


რუსეთის არმია ანექსირებულ ყირიმში

ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას, რომელიც რუსეთისგან მორიგი თავდასხმისა და ომის რეალური საფრთხის წინაშე დგას. 25 იანვარს კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდა კიევის ბორისპოლის აეროპორტში. 

ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან როგორც ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალებს, ასევე ფულს და კიევი ყოველ ჯერზე დიდ მადლიერებას გამოხატავს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინა ახალა სრულიად სხვა სიბრტყეზე გადავიდა და მიუახლოვდა ალიანსს.

საქართველოში კი არ ცხრება დისკუსია ხელისუფლების პასიური, თავშეკავებული პოზიციისა და უკრაინის მეტი მხარდაჭერის საჭიროების გარშემო. საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას არ იზიარებს და გადადგმული ნაბიჯებით კმაყოფილია.

უპრეცედენტო დახმარება

„მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ჩვენი მეგობრებისგან აშშ-დან! და ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული“, - დაწერა ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა 23 იანვარს ღამით, როცა უკრაინის დედაქალაქში ამერიკული შეიარაღებით დატვირთული კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი დაფრინდა.

სამხედრო ტვირთის პირველი პარტია - 90 ტონა შეიარაღება და საბრძოლო მასალები უკრაინამ 22 იანვარს მიიღო.

"ჯაველინები კიევში!" - 25 იანვარს, დღის ბოლოს, რეზნიკოვმა, ტვიტერზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი პოსტით, საზოგადოებას ამცნო, რომ ამერიკიდან უკრაინაში 80 ტონა სამხედრო ტვირთის მესამე პარტია ჩავიდა და სულ მალე ელოდებიან მეოთხესაც "ჩიტების დიდი გუნდიდან".

"300 ჯაველინი - აშშ უკრაინის გვერდით დგას და კიდევ განაგრძობს იმ დახმარების გაწევას, რაც უკრაინას სჭირდება", - დაწერა აშშ-ის საელჩომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

მანამდე, დეკემბერში, დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ ოქტომბერში უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 30 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი - „ჯაველინი", შესაბამისი საბრძოლო მასალებით.

დეკემბრის ბოლოს აშშ-მ უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარი გამოუყო. ამერიკული მედია იტყობინება, რომ ლაპარაკია - რადიო ლოკაციური სისტემებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზეც.

მიმდინარე კვირაში კიევი ელოდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას - ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის შეყვანის თაობაზე. სავარაუდო რიცხვი ათასიდან 8 ათასამდე მერყეობს და მოელიან, რომ კონტინგენტის გაზრდა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დაიწყებს ომს უკრაინასთან.

ნატომ 24 იანვარს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში თვითმფრინავების, ხომალდებისა თუ ჯარების გაგზავნას განიხილავენ დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია.

შეიარაღების თვალსაზრისით, უკრაინა მნიშვნელოვან დახმარებას იღებს ასევე დიდი ბრიტანეთისგან. შვედურ-ბრიტანული წარმოების NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ("ჯაველინზე" შედარებით მსუბუქი) სისტემებით დატვირთული ხომალდი კიევში 18 იანვარს ჩაფრინდა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ დღეს გავრცელდა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები.

იარაღს მოჰყვა დათქმაც, რომ უკრაინელ სამხედროებს „საწვრთნელ კურსს“ ბრიტანელი ინსტრუქტორების მცირე ჯგუფი ჩაუტარებდა.

რუსეთის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად, უკრაინას ექნება „სტინგერის“ ტიპის საზენიტო რაკეტებიც. Reuters-ი იტყობინება, რომ ნატოს წევრმა, სამმა ბალტიის ქვეყანამ „ჯაველინებისა“ და „სტინგერების“ უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-ის წინასწარი თანხმობა მიიღეს. „სტინგერები“ შვეულმფრენებისა თუ თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოიყენება.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არაწევრი უკრაინის მიმართ ნატოს ქვეყნების ასეთი აქტიური დახმარება "უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სულ ცოტა - პოსტსაბჭოთა სივრცეში". მსგავს პრეცედენტს რადიო თავისუფლებასთან ვერც სხვა ანალიტიკოსები იხსენებენ - იმ ქვეყნების გარდა, სადაც ალიანსი უშუალოდ იყო შესული [მაგალითად - ავღანეთი].

უკრაინის დახმარება დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მის საზღვრებთან დაიწყო სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება. ნატოს ცნობით, ახლა უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო დგას.

უფრო ძლიერი და მადლიერი

ნატოს არაფერი უთქვამს ამ შეიარაღების უკან დაბრუნებაზე და, შესაბამისად, ყველაფერი უკრაინას დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუკი რუსეთი უარს იტყვის მორიგ სამხედრო თავდასხმაზე. შესაბამისად, სპეციალისტების თქმით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით უფრო მტკიცე და ძლიერი იქნება, ვიდრე ამ კრიზისამდე იყო.

უკრაინა სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს ფულად თუ სხვა ტიპის დახმარებასაც. ევროკავშირმა, რომლის წევრთა დიდი ნაწილი ასევე ნატოს წევრები არიან, უკრაინას მილიარდზე მეტი ევრო გამოუყო.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ლამის ყოველდღე იხდიან მადლობებს და ასეთი სამადლობელი განცხადებებით სავსეა როგორც უწყებების ოფიციალური ვებგვერდები, ასევე ტვიტერი და ფეისბუკიც. კიევი ითვლის და აღრიცხავს მხარდაჭერის თითოეულ ცალკეულ მაგალითს. ამ ჩამონათვალში არ არის საქართველო.

არგაღიზიანება თუ აქტიურობა?

ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, აქტივისტებმა თუ საერთაშორისო პარტნიორებმა ბოლო პერიოდში უფრო ხმამაღლა და გარკვევით დაიწყეს ლაპარაკი საჭიროებაზე, რომ თბილისმა ბევრად მეტი მხარდაჭერა გამოხატოს კიევის მისამართით.

ამ ტალღას მოჰყვა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისგან, რომელიც მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ექსპერტებმა სწრაფად შეამჩნიეს, რომ ტექსტში რუსეთი საერთოდ არ არის მოხსენიებული.

შემდეგ იყო მისი სატელეფონო საუბარი უკრაინელ კოლეგასთან - დმიტრო კულებასთან, რაც ასევე დისკუსიის საგნად იქცა.

განსხვავებები შენიშნეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა მიერ ცალ-ცალკე გამოქვეყნებულ ცნობებში.

მაგალითად:

  • უკრაინის საგარეო უწყების მიერ ნახსენებ სიტყვებს „რუსეთის აგრესია“ ვერ ვხვდებით საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. აქ რუსეთი მოხსენიებულია მხოლოდ დასავლეთსა და მას შორის მიმდინარე დიალოგის კონტექსტში.
  • უკრაინის მხარე აღნიშნავს, რომ მიიღო დადასტურება იმის შესახებ, რომ საქართველოს არა აქვს კიევში მოქმედი საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრებისა და თავად თანამშრომლების ევაკუაციის განზრახვა; საქართველოს მხარის განცხადებაში ეს აქცენტი არ არის.

კიდევ ერთი განსხვავება უკრაინის მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხება.

„დმიტრო კულებამ წამოჭრა საკითხი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შესახებ. მინისტრმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას - მიეცეს უფლება უკრაინელ ექიმს - მისი [მიხეილ სააკაშვილის] სამედიცინო შემოწმებისთვის“, - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება კი, განხილულ თემებს შორის არ ახსენებს სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს.

ანალიტიკოსები, სხვადასხვა დროს, ხშირად აღნიშნავდნენ რადიო თავისუფლებასთან, რომ საქართველომ და უკრაინამ დიდი დრო დაკარგეს და ეს დიდწილად თბილისის უკმაყოფილებით იყო განპირობებული.

ეს უკმაყოფილება კი, თავის მხრივ, გარკვეულ ეტაპებზე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობას უკავშირდებოდა და ერთ-ერთ ასეთ ეტაპზე თბილისს უკრაინიდან ელჩიც კი ჰყავდა გამოწვეული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში.

უფრო მკაფიო მხარდაჭერა

დავით ზალკალიანმა 25 იანვარს „1 არხთან“ საუბრისას თქვა, რომ უკრაინის მისამართით საქართველო სწორ ნაბიჯებს დგამს და მხარდაჭერასაც ყოველთვის გამოხატავდა.

„მინდა, გაგახსენოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში, ვიყავით ლვოვში, კიევში, გვქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო უკრაინის, ყირიმის პლატფორმას და იმ პლატფორმაში ძალიან ბევრმა ქვეყანამ მონაწილეობა ვერ გაბედა, მაგრამ საქართველო იყო იქ, ასევე მინდა, გაგახსენოთ პრემიერ-მინისტრის ძალიან მკაფიო განცხადებები, ასოცირებული ტრიოს ფორმატი და ამ ფორმატში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, დეკემბერში პრემიერ-მინისტრის გამოსვლები, ასევე ჩემი განცხადებები, რომელიც გაკეთდა ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს მინისტერიალზე უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით“, - თქვა ზალკალიანმა.

კომენტარში ნახსენები ყირიმის პლატფორმა 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და კიევში ჩასული იყო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

მაგრამ ანალიტიკოსები ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ უკრაინა ახლა ომის ზღვარზეა და ბოლო რამდენიმე თვეში შექმნილი ვითარება სულ სხვაგვარ, უფრო გასაგებ და მკაფიო მხარდაჭერას მოითხოვს.

„უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უფრო მკაფიო და გამოხატული უნდა იყოს. გასაგებია, რომ იარაღით ვერ დავეხმარებით, მაგრამ თანადგომა მხოლოდ იარაღის მიწოდება არ არის. ეს შეიძლება იყოს დიპლომატიურ ფრონტზე ერთობლივად გამოსვლა... ეს შეიძლება იყოს ასევე ვიზიტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად არ ახორციელებს.

ვფიქრობ, ეს უკვე დაგვიანებულიც არის... რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა მგონია ძირითადი მიზეზი. რუსეთი რომ არ გააღიზიანონ, არ მოქმედებენ შესაბამისად... ანდა ჩუმად ამბობენ ყველაფერს“, - გვეუბნება „რონდელის ფონდის“ წარმომადგენელი, ზურაბ ბატიაშვილი.

ჯერჯერობით არ დაძრულა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცების საკითხი პარლამენტში. ტექსტის გარშემო კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებს შორის დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო.

„რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ხათუნა სამნიძემ 25 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში ძალიან ფრთხილია.

რა ხდება ნატოსკენ?

19 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართული მისი სატელეფონო საუბარი შეეხებოდა ნატოს ლიდერთა სამიტისთვის მზადებას და უკრაინის შესაძლო მონაწილეობას. ეს სამიტი ივნისში ესპანეთში გაიმართება.

25 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრისკენ მოუწოდებს.

ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, რომ რუსეთის ულტიმატუმებმა ერთგვარად „გაალღო ყინული“ და „აამღვრია წყალი“ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს გახდებიან ნატოს წევრები.

შესაძლებელია თუ არა, რომ მიმდინარე პროცესებმა გარკვეულწილად დააჩქაროს ნატოში ინტეგრაციის პროცესები? შესაძლებელია, რომ ეს შეეხოს მხოლოდ უკრაინას?

„ძნელი სათქმელია, რა მოხდება, ვერავინ იტყვის ახლა ამას... თუ წამოიწყო რუსეთმა სამხედრო შეტევა, სცადა და მერე ისე მოხდა, რომ უკან დაიხია - მაშინ კიდევ შეიძლება... ახლა მთავარია, როგორ გაიჭრება რუსეთ-უკრაინის კვანძი, რაც რეალურად რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაა. საქართველო მომზადების თვალსაზრისით უკრაინაზე გაცილებით წინ არის... თუ უკრაინაზე გადაწყდა რაღაც, ჩვენზეც გადაწყდება... აქამდე თუ ჩვენ ვიყავით "ბუქსირი" ამ გზაზე, ახლა შესაძლოა ასეთი "ბუქსირი" უკრაინის სიტუაცია იყოს“, - გვეუბნება ირაკლი ალადაშვილი.

„1 არხთან“ ნატოზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო შანსს გამოიყენებს. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხალხის არჩევანია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პოზიციის დაცვაში თანმიმდევრულნი ვიყოთ. დასავლეთის მხრიდან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რევიზია არ იქნება“, - თქვა მან.

თუმცა, სხვა არაერთი ანალიტიკოსის მსგავსად, ზურაბ ბატიაშვილიც მიიჩნევს, რომ თბილისს მეტი აქტიურობა ნატოსთან ურთიერთობებშიც მოეთხოვება და მართალია, ახლა გაფართოების კონკრეტული გეგმები არ განიხილება, მაგრამ თადარიგის დაჭერაა საჭირო.

ბატიაშვილის შეფასებით, ახლა რუსეთის აგრესიის პასუხად ნატოს ქვეყნების ამ უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, შეიქმნა ვითარება, როდესაც უკრაინამ ნატოსთან ურთიერთობებში სხვა სიბრტყეზე გადაინაცვლა.

„ერთი ჯარი არ გაუგზავნიათ ნატოს ქვეყნებს, თორემ, სხვა ყველაფერი გააკეთეს უკრაინისთვის... ახლა უკრაინა ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასოდეს ყოფილა თავისი ისტორიის განმავლობაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატოს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და 26 იანვარს ის დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ოფიციალური ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG