Accessibility links

site logo site logo

უკრაინა-საქართველო: დაკარგული დროის ძიებაში


ის, რაც ექსპერტებისა და  საზოგადოების ნაწილისთვის საქართველოში წლების განმავლობაში აშკარა იყო, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიევში აღიარა - დაიკარგა დრო უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში.  

თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ივნისს თქვა, რომ ურთიერთობების გამოცოცხლება მის განცხადებებს მოჰყვა და ამიერიდან ორმა ქვეყანამ საერთო ამოცანებს უნდა მიხედოს. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ბათუმის კონფერენცია-სამიტზეც დაპატიჟა. მან ასევე, დადო პირობა, რომ საქართველო შეუერთდება „ყირიმის პლატფორმას“, მაგრამ "რა დონეზე", ეს ჯერ უცნობია.

  • რატომ დაიკარგა დრო ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში?
  • რა დაზარალდა დაპირისპირებით?
  • რას ნიშნავს "ყირიმის პლატფორმა"?

ურთიერთობების გაფრთხილება

„მე პირადად ჩვენს ურთიერთობებს ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები... თვით 2020 წლის 23 აპრილს წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო “ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია - ვინ არ გაუფრთხილდა უკრაინასთან ურთიერთობებს საქართველოში, თუმცა თქვა, რომ „დაიკარგა დრო“, რომელიც ორ ქვეყანას უნდა გამოეყენებინა „ურთიერთობების გაღრმავებისათვის“ და „ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით საერთო მიზნების გამყარებისთვის“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრობლემის გასაღები ისევ თავად იპოვა. მან გაიხსენა, რომ 2021 წლის 9 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას, რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის ბრძოლას და საქართველოს ელჩის დაბრუნებაც სწორედ იმ დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან მოითხოვა.

„...რასაც მოჰყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა. ამის მერე იყო რამდენიმე ვიზიტი ორივე მხრივ - პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრები და დღეს ჩვენი აქ ოფიციალური შეხვედრა... ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას...

დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ესენი არიან: ჩვენი ქვეყნებისა და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალი გზა და ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაზრდა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში, კიევში პარლამენტის დეპუტატებიც ჩავიდნენ და მათ შორის იყო "მოქალაქეების“ დეპუტატი, ლევან იოსელიანიც. მან თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტით „იწყება გადატვირთვა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში“ იმ პრობლემების შემდეგ, რამაც პაუზა წარმოშვა და ეს პაუზა „აზიანებდა ორი ქვეყნის ურთიერთობას“.

2020 წლის 23 აპრილი, თარიღი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში ახსენა, თბილისში იმ ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც წინა დღით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა რეფორმების მიმართულებით. საბოლოოდ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს კომიტეტში დაინიშნა.

რა და რატომ დაზიანდა?

  • საქართველომ უკრაინიდან ელჩის გამოხმობის გადაწყვეტილება 2020 წლის 8 მაისს მიიღო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელების გამო;
  • თბილისში აცხადებდნენ, რომ „პოლიტიკური დემარშით“ უპასუხეს პრეზიდენტ ზელენსკის ამ გადაწყვეტილებით ურთიერთობებში შეტანილ „ხინჯს“ და ელჩთან კონსულტაციებიც ამიტომ გახდა აუცილებელია;
  • კონსულტაციები ძალიან გახანგრძლივდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყავდა ელჩი სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში, რომელიც ასევე რუსეთის აგრესიის სამიზნეა.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩი - თეიმურაზ შარაშენიძე კიევში 2021 წლის 21 აპრილს დაბრუნდა.

უკრაინის მიმართ თბილისის გარკვეული ბრაზი 2020 წლის აპრილამდეც შეინიშნებოდა და განსაკუთრებით ზელენსკის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც, პეტრო პოროშენკოს მხრიდან დევნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ისევ დააფასა, ქვეყანაშიც შეუშვა და უკრაინის მოქალაქეობაც აღუდგინა.

თუმცა ელჩის გამოხმობა სიგნალი გახდა ექსპერტების ერთი ნაწილისთვის, რომ თბილისი ქვეყნის ინტერესებზე წინ პირად წყენასა და ბრაზს აყენებდა.

„არ დაგვავიწყდეს, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან და ქვეყნის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება, ბუზღუნსა და ფხუკიაობას შევწიროთ და გადავაყოლოთ ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესები“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მაშინ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.

ამის შემდეგ, უკრაინამ გზა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გარეშე გააგრელა და, ექსპერტების ნაწილის აზრით, თავისი მონდომებით, უფრო შორსაც წავიდა. მათთვის ფაქტია, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში, მსოფლიო ლიდერები ხშირად უკრაინასთან ერთად, საქართველოს აღარც კი ახსენებენ.

ექსპერტებისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ:

  • უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არ არის მოხსენიებული დიდი შვიდეილის სამიტის საბოლოო კომუნიკეში; ამ დოკუმენტში დადასტურებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და ხაზგასმულია მოწოდება რუსეთის ჯარის გაყვანისკენ.
  • უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ არ ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს, 16 ივნისს, ჟენევაში შეხვედრის დროს.

ბოლო პერიოდში, როცა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები განახლდა, თბილისსა და კიევში ისევ დაიწყო ლაპარაკი საერთაშორისო ასპარეზზე გზის ერთად გაგრძელების თაობაზე. ასევე ხაზი ესმება დიალოგის გაძლიერებასა და ერთობლივ მოქმედებებს შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში.

23 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მასპინძელ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ძველი პრობლემები აღარ გაუხსენებია. მან უბრალოდ თქვა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ ძალას იკრებს და ურთიერთობების გაღრმავება საერთო მიზნებს ეყრდნობა.

ზელენსკიმ მიიღო პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპირება, რომ საქართველო „უთუოდ“ იქნება წარმოდგენილი „ყირიმის პლატფორმის“ ფარგლებში და ეს ფაქტი 23 ივნისს არც უკრაინულ მედიას გამოჰპარვია. ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ პლატფორმაზე, ეს, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოგვიანებით გაირკვევა.

რა არის „ყირიმის პლატფორმა“?

„ყირიმის პლატფორმას“ უკრაინაში ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების ინსტრუმენტად განიხილავენ. პლატფორმის კონცეფცია შემუშავებულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით. კიევი აცხადებს, რომ ეს მსოფლიო პრაქტიკისთვის უპრეცედენტო ფორმატია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ემინე ჯაფაროვა უკრაინულ მედიასთან აცხადებს, რომ ეს იქნება საერთაშორისო საკონსულტაციო-საკომუნიკაციო ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ძალებს გააერთიანებს.

ინიციატორები მთავარ ამოცანად მიჩნევენ - ყირიმთან დაკავშირებული საერთაშორისო პოლიტიკისთვის სტრატეგიული ხედვის მინიჭებასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებისა და რესურსების კონსოლიდირებას.

უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ძალების გაერთიანებით მოხერხდება რუსეთის იძულება, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით.

„ყირიმის პლატფორმის“ პირველი სამიტის გამართვა 23 აგვისტოს კიევში იგეგმება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევი მეგობარ ქვეყნებს შესთავაზებს „ყირიმის ქარტიის“ ხელმოწერას, რაც უკრაინის დეოკუპაციის მხარდაჭერას გულისხმობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა 28 აპრილს სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის ინიციატივას მხარს უჭერს უკვე 10-ზე მეტი ქვეყანა და მათ შორის არის შეერთებული შტატებიც. უკრაინაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია თურქეთის მხარდაჭერის შესახებაც.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ყირიმის პლატფორმაში“ მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

23 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ აქცენტებს შორის „ყირიმის პლატფორმა“ არ არის ნახსენები.

ბათუმის კონფერენცია-სამიტი

სავარაუდოდ, ასევე შარლ მიშელს დაახვედრებენ ვოლოდიმირ ზელენსკის, როცა ის ივლისში საქართველოში ჩამოვა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი უკრაინელი კოლეგა საქართველოში 18 ივლისისთვის დაპატიჟა, რომ, მისი თქმით, „შემდეგ ეს გადაიზარდოს ბათუმის კონფერენციაში და სამიტზე“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი გულისხმობს ბათუმის ყოველწლიურ კონფერენციას („საქართველოს ევროპული გზა“), რომელიც, მისი ინიციატივით, წელს უნდა გადაიქცეს ერთგვარ „ასოცირების სამიტად“ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების მონაწილეობით. ეს ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა აპრილში, თბილისში ჩამოსულ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სტუმარმა ეს იდეა მოიწონა.

საქართველოს პრეზიდენტმა 23 ივნისს კიევში თქვა, რომ ბათუმის კონფერენცია იქნება შესანიშნავი შანსი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების ჩამოსაყალიბებლად და ამ ფორუმს „დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა - შარლ მიშელის მეშვეობით“.

23 ივნისს, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ასევე შეხვედრები უკრაინის პრემიერ-მინისტრსა და რადის თავმჯდომარესთან. მან ყვავილებით შეამკო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG