Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შესაძლოა მათი სიკვდილისწინა გაბრძოლება იყოს...” - უკრაინელი სამხედრო ომზე, რუსეთზე, ქართველ მებრძოლებზე

ალექსანდრ მონჩაკი საუბრობს ხარკოვისა და დონბასის მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზე, დასავლური სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე, დრონებით შეცვლილ თანამედროვე ომზე, რუსეთის წინააღმდეგ შორი მანძილის დარტყმებსა და უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისეებზე.
ალექსანდრ მონჩაკი საუბრობს ხარკოვისა და დონბასის მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზე, დასავლური სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე, დრონებით შეცვლილ თანამედროვე ომზე, რუსეთის წინააღმდეგ შორი მანძილის დარტყმებსა და უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისეებზე.

“მე, როგორც სამხედროს, რომელიც უკვე წლებია რუსეთის აგრესიის წინააღდეგ ვიბრძვი, საერთოდ არ გამკვირვებია მათ მიერ კიევის ლავრის დაბომბვა, ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო...” - ეუბნება რადიო თავისუფლებას 38 წლის უკრაინელი სამხედრო, ბატალიონის მთავარი სერჟანტი ალექსანდრ მონჩაკი.

“ისტორიას გადავხედოთ: 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ კიევი დაიკავა, საბჭოთა ხელისუფლებამ 3 ნოემბერს, საბჭოთა უშიშროების (НКВД) მიერ წინასწარ დანაღმული მიძინების ტაძარი ააფეთქა. აფეთქებამ ნაგებობა მიწასთან გაასწორა. საბჭოთა რეჟიმმა ნგრევის კვალის დასაფარად მომხდარში ნაცისტური ძალები დაადანაშაულა, თუმცა რეალური ფაქტები ადასტურებს, რომ აფეთქება საბჭოთა სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო. მაგრამ საბჭოთა კავშირი უღმერთო მაინც იყო, რუსები კიდევ, თუ დაუჯერებ, პირველი ქრისტიანები არიან...” - უკრაინელი სამხედროსთვის “პუტინი სხვა არაფერია თუ არა, საბჭოეთის დაბრუნებაზე მეოცნებე, საწყალი, გაბოროტებული და დაკომპლექსებული მმართველი”.

“როგორ შეიძლება პუტინს და რუსეთის პატრიარქს ღმერთის სწამდეს, როდესაც მათი წყალობით ყოველდღე ბავშვები იხოცებიან?! მათთვის, რუსული სამყაროსთვის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არის ის, რაც მოსკოვში ითქმება და იწერება. დანარჩენი ყველაფერი, რაც რუსულად არ იწერება, ლოცვა იქნება, რწმენა, სახარება თუ ხატი, მათთვის საშიშია. ისლამური სახელმწიფოსავით იქცევიან, რომლებმაც ათასწლეულის ისტორიის მქონე კულტურა რომ ვერ მიითვისეს, გაანადგურეს...” - ამბობს სერჟანტი, რომლსაც მის დანაყოფში ჯარისკაცების საბრძოლო მომზადება და პირადი შემადგენლობის მორალური მდგომარეობისთვის ზრუნვა ევალება. რადიო თავისუფლებას სურდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული მეომრის მოსაზრებების მოსმენა. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ალექსანდრ მონჩაკი საუბრობს ხარკოვისა და დონბასის მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზე, დასავლური სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე, დრონებით შეცვლილ თანამედროვე ომზე, რუსეთის წინააღმდეგ შორი მანძილის დარტყმებსა და უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისეებზე.

თუ ყავა დალიე, ესე იგი, ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი ხარ და გაქვს ძალა, წინ წახვიდე და ქვეყანა დაიცვა...

რადიო თავისუფლება: დავიწყოთ - როგორია თქვენი ერთი, ჩვეულებრივი დღე ფრონტზე?

ალექსანდრ მონჩაკი: თუ დილით თვალების გახელა შეძელით, ესე იგი, დღე უკვე დაიწყო. შემდეგ კი იწყება დაკისრებული ამოცანების შესრულება: საბრძოლო მასალის მიწოდება, მანევრი - თუ დავალებაზე გაგიშვეს, თუ არადა - პოზიციების დაცვა.

ყავა ძალიან ფასობს. მე, მაგალითად, არ ვეწევი, მაგრამ ჯარისკაცების უმრავლესობისთვის, იმის გააზრება, რომ ახალი დღე დადგა, სწორედ ფინჯანი ყავით და სიგარეტით იწყება. თუ ყავა დალიე, ესე იგი, ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი ხარ და გაქვს ძალა, წინ წახვიდე და ქვეყანა დაიცვა. დღე შეიძლება ღამის ორ საათზეც დაიწყოს, მაგრამ მაინც ყავით იწყება.

ისე, მიკვირს, რომ ჯერ ვერც ერთმა დიდმა ყავის ბრენდმა ვერ მოიფიქრა სარეკლამო რგოლის გადაღება უკრაინელ სამხედროებთან ერთად. ამაზე მაგარ პიარს სად ნახავ? ადამიანები ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიან, მაგრამ ყავა მათ ეხმარება, გაუძლონ და დაბრკოლებები დაძლიონ.

რადიო თავისუფლება: როგორ აღწერდით ფრონტზე დღევანდელ ვითარებას?

ალექსანდრ მონჩაკი: თუ ჩვენს მონაკვეთს გულისხმობთ - ხარკოვის მიმართულებას - ვითარება მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი. თუ მთლიანად ფრონტზე ვისაუბრებთ, მასაც დავახასიათებდი, როგორც მძიმეს, სტაბილურს, მაგრამ კონტროლირებადს.

რადიო თავისუფლება: რომელ მიმართულებებზეა ახლა ყველაზე ძლიერი ზეწოლა?

ალექსანდრ მონჩაკი: დონბასზე. როგორც მე მესმის, ეს დაკავშირებულია პუტინის ბრძანებასთან, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ დონეცკის ოლქი, რადგან თავის დროზე სწორედ ამას შეჰპირდა ტრამპს. სწორედ დონეცკის მიმართულება რჩება ჩვენთვის ყველაზე მძიმედ.

უკრაინული ავიაცია ჩვენს ფრონტზე საკმაოდ მოკრძალებულადაა წარმოდგენილი. ვისურვებდი, რომ ჩვენი თვითმფრინავები უფრო ხშირად დაფრინავდნენ და უფრო მეტ საინტერესო რამეს აყრიდნენ რუსებს თავზე...

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, შეძლებენ?

ალექსანდრ მონჩაკი: ის ვადები, რომლებიც პუტინმა თავის ჯარებს დაუსახა ამ მიზნის მისაღწევად, უკვე კარგა ხნის წინ გავიდა. ახლა ყველაფერი დროის და გაძლების საკითხია. გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება დასავლეთის დახმარებასაც - შეიარაღების მიწოდების ნებისმიერი შეფერხება რუსებს წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს უკვე ჩვენ თვითონვე, ადგილობრივად ვაწარმოებთ, მაინც კრიტიკულად ვართ დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე. ახლა ძირითადი ტვირთი ევროპამ აიღო საკუთარ თავზე. თუმცა მაინც არსებობს პრობლემები შეიარაღების გარკვეულ ტიპებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენთვის უკიდურესად აუცილებელია. სერიოზული დეფიციტი გვაქვს საარტილერიო ჭურვებზე, დიდი პრობლემაა HIMARS-ის რაკეტებთან დაკავშირებით, გვაკლია ნაღმმტყორცნების საბრძოლო მასალაც. ვისურვებდი, რომ ჩვენი ავიაციისთვის სარაკეტო შეიარაღების ასორტიმენტიც გაფართოვდეს, რადგან, სიმართლე გითხრათ, უკრაინული ავიაცია ჩვენს ფრონტზე საკმაოდ მოკრძალებულადაა წარმოდგენილი. ვისურვებდი, რომ ჩვენი თვითმფრინავები უფრო ხშირად დაფრინავდნენ და უფრო მეტ საინტერესო რამეს აყრიდნენ რუსებს თავზე. იმიტომ, რომ ისინი ლამის ყოველდღე კაბებს ( მართვადი საავიაციო ბომბები) გვესვრიან. მინიმუმ ამ მიმართულებით მაინც, გარკვეული პარიტეტის მიღწევა გვინდა.

დღევანდელი რუსეთი ეს ოცდამეერთე საუკუნის მონღოლური ურდოა...

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა უშლის ხელს დასავლეთს, უკრაინისთვის უფრო მეტი გააკეთოს?

ალექსანდრ მონჩაკი: ის, რომ ჩვენი დასავლელი მოკავშირეების ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, თუ რამხელა საფრთხეა რუსეთი. დასავლეთში ბევრს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ რუსეთი უკრაინას „მოუგვარებს“, ყველაფერი დასრულდება და შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება რუსებთან ვაჭრობა და ორმხრივად მომგებიანი გარიგებების დადება.

მაგრამ მე არ მესმის ევროპის - იმ ევროპის, რომელმაც რუსეთის მონაწილეობით ორი უზარმაზარი ომი გადაიტანა და ორივეს შემდეგ მისი ნამდვილი სახე დაინახა. რუსეთი ხარბია, აგრესიულია, ის დასავლეთს თანასწორად არ აღიქვამს. თავს მათზე მაღლა აყენებს და მუდმივად ცდილობს დომინირებას.

იყო დრო, მონღოლ-თათრებს ვუპირისპირდებოდით. მაშინ ევროპა არ დაგვეხმარა. ჩვენ გადაგვიარეს, შემდეგ კი მონღოლები ევროპისკენ წავიდნენ.

დღევანდელი რუსეთი ეს ოცდამეერთე საუკუნის მონღოლური ურდოა. დაე, მომიტევონ ნამდვილმა მონღოლებმა. მაგრამ ლოგიკა იგივეა - თვლიან, რომ ყოველთვის მართლები არიან, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ.

ფსონს ვდებთ რობოტიზებულ კომპლექსებზე, რომლებსაც ავტომატურად შეუძლიათ საბრძოლო მასალისა და წყლის მიწოდება, ასევე დაჭრილების ევაკუაცია...

რადიო თავისუფლება: დღევანდელ ომს ხშირად დრონების ომს უწოდებენ. როგორ იმოქმედა უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენამ ფრონტის ყოველდღიურ რეალობაზე?

ალექსანდრ მონჩაკი: დრონებმა გარდაქმნეს როგორც ფრონტი, ისე თავად ომის ხასიათი. დრონებმა ორივე მხარე სანგრებში ჩარეკა, აიძულა, ლოგისტიკა თავიდან აეწყო, უფრო სწრაფად მიეღო გადაწყვეტილებები და ემოქმედა.

თუ 2022-2023 წლებს შევადარებთ, დრონებმა რადიკალურად შეცვალეს ფრონტის კონფიგურაცია. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ე.წ. „ნაცრისფერი ზონა“, სადაც ვერც ჩვენ და ვერც მოწინააღმდეგე „თავს ზემოთ ვეღარ სწევს“.

ფრონტის ხაზიდან ეს ზონა დაახლოებით ოცი კილომეტრის მანძილზე განფენილი. ამან ორივე მხარისთვის სერიოზულად გაართულა ლოგისტიკა.

ბევრი დანაყოფი გაცილებით უფრო ავტონომიური გახდა. მომარაგების დიდი ნაწილის განხორციელება ღამით გვიწევს, სპეციალური დროის ფანჯრების შერჩევით, როდესაც ეს შედარებით უსაფრთხოა.

ახლა ფსონს ვდებთ რობოტიზებულ კომპლექსებზე, რომლებსაც ავტომატურად შეუძლიათ საბრძოლო მასალისა და წყლის მიწოდება, ასევე დაჭრილების ევაკუაცია.

ჩემი აზრით, ყველა ეს ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ უფრო ღრმად ჩავალთ მიწისქვეშ, ავაშენებთ მიწისქვეშა პოზიციებს, გავზრდით რობოტიზებული სისტემების რაოდენობას, გავაძლიერებთ შორ მანძილზე დარტყმებს და სადაზვერვო შესაძლებლობებს.

სამწუხაროდ, ვფიქრობ, ომი გაგრძელდება. ის არც წელს დასრულდება და, შესაძლოა, არც მომავალ წელს. ამისთვის ფსონები ზედმეტად მაღალია.

მაგრამ ბევრ სამხედროს აქვს განცდა, რომ რუსეთი უკვე თავისი შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდება. რომ ახლა ერთგვარ სასიკვდილო აგონიას ვაკვირდებით. ველოდებით ძლიერ, მტკივნეულ დარტყმებს, თუმცა გვესმის, რომ ეს შესაძლოა მათი სიკვდილისწინა გაბრძოლება იყოს.

გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს შურისძიების დრო დადგა, რომ რუსებს ვალს ვუბრუნებთ...

რადიო თავისუფლება: როგორ აფასებენ სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო გახშირებულ შორი მანძილის დარტყმებს? მორალი გაუმჯობესდა?

ალექსანდრ მონჩაკი: რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს შურისძიების დრო დადგა, რომ რუსებს ვალს ვუბრუნებთ.

2022-ში, 2023-ში და 2024 წლის კარგა დიდი ნაწილის განმავლობაში ამ დარტყმებს ჩვენ ვიტანდით, პასუხის გაცემა კი პრაქტიკულად არაფრით შეგვეძლო. ახლა ომი იქ დავაბრუნეთ, საიდანაც მოვიდა.

რუსულმა ქალაქებმა უკვე იგრძნეს ომის შედეგები. რუსებმა დაინახეს, რომ უკრაინელები ის ბიჭები არ არიან, რომლებსაც მიბეგვავ და დაგნებდებიან.

ვაჩვენეთ, რომ პასუხის გაცემა შეგვიძლია. კარგია, რომ ვისწავლეთ სერიოზული დარტყმების მიყენება რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

კარგი იქნება, თუ რუსებიც გაატარებენ ზამთარს სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე. ნახონ, როგორია და გააცნობიერონ: ამაში დამნაშავე ჩვენ არ ვართ. ჩვენ მხოლოდ ვუბრუნებთ იმას, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში გვიკეთებდნენ - სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლისა და თორმეტწლიანი აგრესიის განმავლობაში.

ჩვენი ბიჭებიდან ბევრი მზად არის ნაკლები ჭამოს, ნაკლები ანაზღაურება მიიღოს, ოღონდ რუსეთმა უფრო დიდი ზიანი მიიღოს და უფრო მეტად დასუსტდეს.

ქართველები ძალიან მამაცი და ძალიან ამაყი მებრძოლები არიან. პოზიციებს კბილებით იცავენ...

რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა. როგორ შეაფასებდით ქართველ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან?

ალექსანდრ მონჩაკი: ძალიან კარგი მებრძოლები არიან. ადრე უშუალოდ ჩვენს გვერდით იბრძოდა რამდენიმე ქართველი დანაყოფი, მაგრამ შემდეგ სხვა მიმართულებაზე გადაიყვანეს.

ძალიან მამაცი და ძალიან ამაყი მებრძოლები არიან. პოზიციებს კბილებით იცავენ.

მაგრამ თუ რაიმე სახის უყურადღებობას, დაუფასებლობას ან კონკრეტული ამოცანებიდან ჩამოშორების მცდელობას ხედავენ, ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ.

მაგალითად, იკავებენ პოზიციას, შემდეგ კი მიდიხარ და ეუბნები: მეგობრებო, აქედან უნდა გადახვიდეთ, აქ სხვა დანაყოფი დადგება. მაშინვე ფიქრობენ, რომ იმიტომ გადაგყავს, თითქოს ამოცანას ვერ გაართვეს თავი. მაშინვე იღვიძებს ცნობილი კავკასიური სიამაყე: „რა, ჩვენ თვითონ ვერ გავუმკლავდებოდით?“

მერე დიდხანს გიწევს ახსნა, რომ ეს არაფერ შუაშია, რომ თავიანთ საქმეს შესანიშნავად აკეთებენ, უბრალოდ სარდლობას სხვა ჩანაფიქრი აქვს.

ქართველები ასეთ რაღაცებს ძალიან ემოციურად აღიქვამენ. ჰგონიათ, რომ მომავალი გამარჯვების თავიანთ ნაწილს ართმევს ვინმე, და ცხადია, ასე არ არის.

უკრაინას ძალიან ეხმარებიან და ამისთვის უსაზღვროდ მადლობელი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოდან, მთელი კავკასიიდან, ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის.

თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ ჩვენთვის. არ გვაძლევთ საშუალებას, უკრაინელებმა ხელები ჩამოვუშვათ. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გვერდით დგახართ რუსეთთან ომში, გვესმის, რომ უკან დახევის, დანებების და იმის თქმის უფლება არ გვაქვს, რომ დავიღალეთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG