Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობს უკრაინის არმიის ფრონტისპირა, მიწისქვეშა ჰოსპიტალი


ფოტოკოლაჟი. მიწისქვეშა ჰოსპიტლის რეანიმაციური განყოფილება, სადაც დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს მკურნალობენ.
ფოტოკოლაჟი. მიწისქვეშა ჰოსპიტლის რეანიმაციური განყოფილება, სადაც დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს მკურნალობენ.

ალა ხოციანოვსკაია, "კრიმ რეალიი"

უკრაინაში ფრონტის ხაზის მახლობლად მიწისქვეშა ჰოსპიტალი ამუშავდა. მეტალის ექვსი ბუნკერისაგან კონსტრუირებული ნაგებობა აღჭურვილია ვენტილაციის სისტემებით, წყლის მომარაგებისა და ელექტროენერგიის კვების ალტერნატიული წყაროებით.

ჰოსპიტალი მიწის ქვეშ ექვსი მეტრის სიღრმეში ჩადის და შეესაბამება ნატოს სტანდარტების მეორე დონის საველე ჰოსპიტლის მოთხოვნებს. ჰოსპიტალში მკურნალობენ დაჭრილი ჯარისკაცებს და ატარებენ რთული ოპერაციებს.

კომფორტის გარდა, მიწის სიღრმეში მდებარე ჰოსპიტალი ექიმებისა და პაციენტების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.

ჩვენი კოლეგა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ჩავიდა ფრონტისპირა, მიწისქვეშა უკრაინულ ჰოსპიტალში, რათა დაედგინა, თუ რა სახის ოპერაციებს ატარებენ იქ, რა დაჯდა მისი მშენებლობა და რამდენად არის მიწისქვეშა ჰოსპიტალი დაცული არტილერიისა და მართვადი საავიაციო ბომბებისგან.

"დღეს ოფიცერი დაგვეღუპა. ეს ჩვენთვის ტრაგედიაა"

მიწისქვეშა ჰოსპიტალში ექიმები დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს საკაცეზე აწვენენ. ეს ჯერჯერობით ერთადერთი და უნიკალური სამხედრო ჰოსპიტალი უკრაინის ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. აქ წამყვანი ქირურგების ჯგუფი მუშაობს.

ჯარისკაცს მკერდის არესა და ფეხებში მრავლობითი ნამსხვრევი ჭრილობები აქვს. წინა ხაზიდან უკრაინელი ჯარისკაცი "ჯიპით" გამოიყვანეს, - ყვება სამხედრო მედიკოსი ნიკოლაი, რომელმაც დაჭრილს პირველი სამედიცინო დახმარება მანქანაშივე აღმოუჩინა და შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით ჰოსპიტალში მიიყვანა.

"ახლა 18 საათი და 56 წუთია. დრონიდან ნასროლი ჭურვი კი 17:00-ზე ჩამოვარდა. იმის წყალობით, რომ ბიჭები თანამებრძოლის გადასარჩენად სიცოცხლეს არ ზოგავენ, მოხერხდა მისი გამოყვანა. სასწრაფო დახმარების მანქანით იქით წასვლა ძალიან სახიფათოა. ეს ნაძირალები, როგორც კი დაინახავენ, რომ სასწრაფო მიდის, იწყებენ არა უბრალოდ დრონებით შეტევას, არამედ მართვად საავიაციო ბომბებს ისვრიან და გვიშენენ ცეცხლს ყველანაირი მსხვილმასშტაბიანი იარაღიდან.

ჩვენ ველაპარაკეთ დაჭრილს. მან მითხრა, კოლია, დაჭრილი ვიყავი, როდესაც დრონმა დაიწყო ჩემს თავზე ფრენა. მე თავი მოვიმკვდარუნე. ვლოცულობდი, ღმერთო იქნება გამიმართლოს-მეთქი. ამბობს, რომ გაუმართლა, დრონი უკან გაფრინდა.

მაგრამ დღეს ჩვენ ნამდვილი ტრაგედია გვაქვს, ერთი ოფიცერი დაგვეღუპა. გვყავს ერთი "300" (დაჭრილი სამხედროს მიმართებით რუსეთისა და უკრაინის არმიებში ხშირად ხმარობენ გამოთქმას "ტვირთი 300", დაღუპულთან მიმართებით - "ტვირთი 200". რედაქცია) და ერთი დაღუპული. დრონები კოშმარში გვამყოფებენ, რის გამოც ვერ ვახერხებთ ჩვენი ოფიცრის გამოყვანას", - ამბობს ნიკოლაი.

დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს მიწისქვეშა ჰოსპიტალში გადაუდებელ დახმარებას უწევენ
დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს მიწისქვეშა ჰოსპიტალში გადაუდებელ დახმარებას უწევენ

მედიკოსები მყისიერად ამოწმებენ დაჭრილს, ამუშავებენ ჭრილობებს, აკეთებენ ტამპონადას (ჭრილობაში შეჰყავთ მარლის ან ბამბის ტამპონები, რათა შეაჩერონ სისხლდენა), აჩერებენ სისხლდენას, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური ხდება. ამის შემდეგ იგი გადაჰყავთ სტაციონარულ ჰოსპიტალში. ეს ევაკუაციის მეორე ეტაპია. ნატოს სტანდარტებით ამას ეწოდება ROLL 2.

სტაბილიზაციის პუნქტებისგან განსხვავებით, აქ ოპერაციული ჩარევისა და ფართო სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა არსებობს. მოწინავე ქირურგიული ჯგუფის შემადგენლობაში ქირურგების გარდა შედიან ტრავმატოლოგები, ანესთეზიოლოგები, ოპერაციისა და ანესთეზიის მცოდნე მედდები, სანიტრები და სხვადასხვა პერსონალი.


მიწისქვეშა მოწინავე ქირურგიული ჯგუფის შექმნის ინიციატორი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება "ვოსტოკის" სამედიცინო ძალების მეთაური რომან კუზიკი. ხოლო მიწისქვეშა ჰოსპიტლის მშენებლობის ხარჯები, ჯამში დაახლოებით 12 მილიონი ჰრივნა (დაახლოებით 285 ათასი $), უკრაინელმა ბიზნესმენებმა გაიღეს.

მიწისქვეშა ჰოსპიტლის საოპერაციო ოთახი, რომელიც სპეციალურ მოდულურ კონტეინერში მდებარეობს. წინა პლანზე მარცხნივ რომან კუზიკი
მიწისქვეშა ჰოსპიტლის საოპერაციო ოთახი, რომელიც სპეციალურ მოდულურ კონტეინერში მდებარეობს. წინა პლანზე მარცხნივ რომან კუზიკი

"ამ მიმართულებაზე არსებული ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფი 16-ჯერ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. ჩვენი ქვედანაყოფის შემადგენლობაში არიან დაღუპულებიც. ამიტომ მივედით დასკვნამდე, რომ საჭირო იყო საქმიანობის მიწისქვეშ გადატანა", - ამბობს რომან კუზიკი.

"ასეთი სამალავი მართვად საავიაციო ბომბებსაც უძლებს"

ოთახი, სადაც ქირურგები ოპერაციებს ატარებენ, სპეციალურ მოდულურ კონტეინერშია ჩაშენებული. ყველანაირი გათვლით, ასეთ სამალავს შეუძლია გაუძლოს ყველა სახის საარტილერიო დაბომბვას, მათ შორის მართვადი საავიაციო ბომბების აფეთქების ტალღასაც, გარდა პირდაპირი დამიზნებისა.

შეკითხვაზე, თუ რატომ აქვს ამ მოდულს მრგლოვანი კარკასი, რომან კუზიკი უპასუხებს, რომ ჭურვის მოხვედრის შემთხვევაში კვადრატული კონტეინერების კედლები უფრო სწრაფად ირყევა, ვიდრე ასეთი ტიპის კონტეინერებისა. გარდა ამისა, ზემოდან ამას ემატება დამატებითი დამცავი კონსტრუქცია, რის "გამოც ქირურგთა ბრიგადა სრულყოფილად მუშაობს ყველანაირი აღჭურვილობით უზრუნველყოფილ ასეთ საოპერაციოში", - ამბობს რომან კუზიკი.

მიწისქვეშა ჰოსპიტლის რეანიმაციის ოთახში დამონტაჟებული ერთი სუპერთანამედროვე სარეანიმაციო აღჭურვილობა დაახლოებით იგივე დაჯდა, რაც მთლიანად ჰოსპიტლის მშენებლობა - თითქმის 270 ათასი $.

"ის გადმოგვცა კანადის მთავრობამ და რამდენიმე ისეთ ხელსაწყოს აერთიანებს, რომლებიც ჩვეულებრივ რეანიმაციულ განყოფილებებსაც აქვს: კარდიომონიტორი, კაპნოგრაფი და სხვა. იდეაში, ასეთი ხელსაწყოებით ოპერაციული ჩარევა ყველგან შეიძლება, როგორც ბრძოლის ველზე, ისე ქუჩაში", - დასძენს მეთაური.

მიწისქვეშა ჰოსპიტალს დღე-ღამეში 200 დაჭრილი ჯარისკაცის მიღება შეუძლია. აქ დაარსების დღიდან, უკვე მიიღო დახმარება დაახლოებით 1000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ. მედიკოსები აქ ერთი მწყობრი ორგანიზმივით მუშაობენ, რათა არ დაკარგონ არცერთი წუთი.

დაჭრილისათვის დახმარების აღმოჩენა ეს დიდი პასუხისმგებლობაა, - ამბობს იური პალამარჩუკი, წარსულში საბავშვო ქირურგი, რომელიც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების ქირურგიული განყოფილების
უფროსია. სამხედროები ბრძოლის ველზე სხვადასხვა სახის ჭრილობებს იღებენ. ერთ-ერთი მძიმე შემთხვევა იყო, როდესაც ჯარისკაცს ომის დროს ნამსხვრევი გულში მოხვდა.

"ჭრილობის ყელი 5 სანტიმეტრი იყო. ეს იყო მარცხენა წინაგული, მარცხენა პარკუჭები. გადავწყვიტეთ, რომ ის სტაციონარულ განყოფილებაში მიგვეყვანა კოლეგებამდე, რომლებსაც ვაცნობეთ ამ კლინიკური მდგომარეობის შესახებ. ისე რომ ფაქტობრივად არ დაგვიხურავს ჭრილობა, მთელი გზის განმავლობაში ვუკეთებდით უწყვეტ, პირდაპირ მასაჟს, ვიდრე პაციენტი ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში არ მივიყვანეთ", - ამბობს იური პალამარჩუკი, ქირურგიული განყოფილების უფროსი.

იური პალამარჩუკი
იური პალამარჩუკი

დაახლოებით ორსაათიან გულის პირდაპირ მასაჟს მორიგეობით აკეთებდნენ იური და მისი კოლეგა დენისი.

მიწისქვეშა ჰოსპიტალს აქვს ვენტილაციის სისტემა, ავტონომიური ელექტრო- და წყალმომარაგება, აქვს გათბობა. მედიკოსები ჰოსპიტალში მუშაობენ და ცხოვრობენ.

"გოგოებო, შეიძლება თქვენთან შემოვიხედოთ? ეს ჩვენთან არის ქალი პერსონალისათვის, გოგოებისთვის განკუთვნილი მოდული, პატარა ოთახი. მათ აქ აქვთ საშხაპე. აქვთ საკუთარი ტუალეტი... აქ ისინი ისევე ცხოვრობენ, როგორც მატარებლის პატარა კუპეში, აქაც ოთხი საწოლია. აქვე შეუძლიათ დაისვენონ შუალედში, ოპერაციამდე ან პაციენტის მიღებამდე. გარდა ამისა, არსებობს საევაკუაციო გასასვლელიც", - ამბობს მიწისქვეშა ჰოსპიტლის გიდი, ევგენი ანტონიუკი.

"ჭრილობა შეუთავსებელია სიცოცხლესთან, როდესაც ადამიანს ნახევარი გული აქვს გაგლეჯილი. ამ შემთხვევაში ნახევარი გული ნაწილებად იყო დაფლეთილი. ჩვენ მას როგორც შეგვეძლო, ისე ვაერთებდით. მაგრამ მომდევნო ეტაპზე, გარკვეული დროის შემდეგ, ის დაიღუპა. ასეთი გულით ვერ გადარჩებოდა. მაგრამ შენ ხელებს ვერ ჩამოუშვებ, და აგრძელებ მუშაობას, ვიდრე გული კიდევ ფეთქავს", - ამბობს დენის ადონინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ექიმი-ქირურგი.

ადამიანების ძალა

ერთი წლის წინ, სხვა ადგილზე მოქმედ მათ ქვედანაყოფს რუსეთის რაკეტა დაესხა თავს. ანესთეზიოლოგი ტატიანა ჩერნობილსკაია ჰყვება, რომ მაშინ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.

"ყველა ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, რომ ძალიან მეშინოდა, საოპერაციო მაგიდაზე არ აღმოჩენილიყო რომელიმე ჩვენიანი. უბრალოდ არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა მის დახმარებას და დროულად ორიენტირებას მაშინაც, თუკი კარგად იცი შენი საქმე. და აი, ჩემს საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა დენისი. რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა, სწორედ ეს მოხდა. მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რომ თუ ასეთი რამ კვლავ განმეორდება, თავს ავიყვან ხელში და შევძლებ დახმარების აღმოჩენას, რადგან იმ მომენტში გავაკეთე ყველაფერი, რაც საჭირო იყო", - ამბობს თვალზე ცრემლმომდგარი ტატიანა.

ოპერაცია მიწისქვეშა ჰოსპიტალში
ოპერაცია მიწისქვეშა ჰოსპიტალში

ეს იყო ბალისტიკური რაკეტის პირდაპირი მოხვედრა, რასაც დიდი ნგრევა მოჰყვა. "ჩვენი თანამოძმე სასიკვდილოდ დაიჭრა და ხელებში ჩაგვაკვდა. პირველი გრძნობა ის იყო, რომ ის დაიჭრა და ამის შედეგად დაიღუპა. მეორე მხრივ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყავი შენ ან ნებისმიერი შენ გვერდით მყოფი სხვა ადამიანი და ყველანი ერთად დავღუპულიყავით.

იქ მაშინ ჭურვი პირდაპირ მოხვდა საცავს, რომელსაც ჩვენ ერთხელ უკვე ვაფარებდით თავს, როდესაც სარაკეტო იერიშის საფრთხე გამოცხადდა. აფეთქება მისგან დაახლოებით სამ მეტრში მოხდა", - იხსენებს სერგეი კონიუხი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ექიმი-ანესთეზიოლოგი.

რთული სამუშაოს და გადატანილის მიუხედავად, ჰოსპიტლის ექიმები არ კარგავენ ოპტიმიზმს, ყოველთვის ამხნევებენ ერთმანეთს და ცდილობენ არ დაეცნენ სულიერად. აქ ოპერაციის დროსაც კი რჩება ადგილი იუმორისთვის.

"თუ ყოველდღე ამ უბედურებას დაინახავ და მუდმივად იფიქრებ მასზე, მაშინ გონება ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. ამიტომ ჩვენ მუდამ ვეძებთ ერთმანეთზე და პაციენტებზე ხუმრობის მიზეზს. რადგან პაციენტსაც ძალიან უჭირს და საჭიროა მისი ცოტა განმუხტვა. ჩვენ ვიწყებთ პაციენტებთან ხუმრობას. ჩვეულებრივ პაციენტიც იწყებს ხუმრობას, რადგან მასაც უნდა დაივიწყოს ის, რაც გადაიტანა", - ამბობს ევგენი ანტონიუკი.

"ერთმა უფეხოდ დარჩენილმა პაციენტმა ასეთი რამ მიამბო. ცოლმა მითხრა: არა უშავს, სამაგიეროდ ორი წყვილი ფეხსაცმლის ყიდვა აღარ მომიწევსო. აი, ასე ხუმრობენ აქ", - ამბობს ანესთეზიის მედდა, სერჟანტი ელენა.

სერჟანტი ელენა
სერჟანტი ელენა

ამჟამად მოწინავე ქირურგიული ჯგუფები უკრაინის მთელი ფრონტის ხაზზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სწორედ ბრძოლის ველის მახლობლად იმყოფებოდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეძლებენ გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას, რაც ზრდის დაჭრილთა გადარჩენის შანსებს.

დაჭრილების ნაკადები აქ არ წყდება. საოპერაციო მაგიდაზე ამჟამად ნაღმმტყორცნელია. მისი დაჭრიდან 4,5 საათი გავიდა, მებრძოლს შიდა სისხლდენა აქვს. ნამსხვრევი არტერიას შეეხო და მუცლის ღრუში გაჩერდა. პაციენტი სტაბილურადაა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ოპერაციის გარეშე ჰოსპიტლამდე ვერ მიაღწევს. მას ნარკოზს უკეთებენ, აჩერებენ სისხლდენას. ქირურგს ნამსხვრევი ამოაქვს სხეულიდან.

ევაკუაციის ასეთ ეტაპზე ექიმებს შეუძლიათ კიდევ სხვადასხვა სახის ოპერაციული ჩარევა განახორციელონ.

"სისხლძარღვებზე ოპერაციული ჩარევა გაგვიკეთებია, არტერიების პროთეზირება და გულზე ოპერაცია ჩაგვიტარებია, მუცლის ღრუზეც, და ამ ყველაფერს ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დაჭრილს მოიყვანენ. რადგან ხომ ვერ გავგზავნით გულში ან ფილტვში დაჭრილს სადმე სხვაგან? მან შეიძლება ვერ მიაღწიოს. ორი საათის განმავლობაში შეიძლება გზას ვერ გაუძლოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია აქ გაკეთდეს, ადგილზე, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად", - ამბობს იგორ რუსანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი.

აქ არ ამხელენ, დღე-ღამეში რამდენ დაჭრილს იღებენ, მაგრამ არ მალავენ, რომ ზოგჯერ ნაკადი იმდენად დიდია, რომ ამოსუნთქვის დროც კი არ აქვთ.

"ზოგჯერ მთელი ღამის განმავლობაში ორიოდე საათს თუ ვახერხებთ დაძინებას. ყოფილა, რომ დილის 4 საათზე დავწოლილვართ, ან დილის 8-ზე დავწოლილვართ და 10-ზე ავმდგარვართ. როგორც კი პაციენტების ნაკადი მოჰყავთ, ჩვენში ავტოპილოტი იწყებს მოქმედებას - ვიცით, რომ საჭიროა და მორჩა. სხვა გზა მაინც არ არის, სანამ ბოლომდე არ მივიყვან საქმეს", - ამბობს სერჟანტი ელენა

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
  • მოსკოვი და კიევი არ აცხადებენ თავიანთ დანაკარგებს უკრაინაში ომის პერიოდში და მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ლაპარაკობენ.
  • მოსკოვმა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ბოლოს 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა - მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.
  • უკრაინის პრეზიდენტმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ომში 43 000 ჯარისკაცი დაიღუპა და 370 000 ჯარისკაცია დაჭრილი.
  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კიევმა დაახლოებით 400 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG