Accessibility links

უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერი მესიჯები ერდოანისგან


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, მკაფიოდ გაიმეორა ის, რაც მანამდეც არაერთხელ უთქვამს სხვადასხვა ტრიბუნიდან: ანკარა არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის „უკანონო ანექსიას“.

ცალკე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. რეჯეპ ტაიპ ერდოანი რუსეთისათვის მიუღებელი შეძახილით, „სლაავა უკრაინე“-თი, მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის სასახლის წინ ჩამწკრივებულ საპატიო ყარაულს.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, ჩვენ არ ვცნობთ ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ სავსებით ვუჭერთ და კვლავ დავუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით“, - განაცხადა კიევში თურქეთის პრეზიდენტმა.

ყირიმთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო თურქეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა.

ბინები ყირიმიდან დევნილთათვის

როდესაც საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან დევნილი თათრებისათვის დახმარების საკითხს, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საცხოვრებლით უზრუნველყოს, „დაახლოებით, 500 ოჯახი“ , რომლებმაც ანექსიის შემდეგ დატოვეს ნახევარკუნძული და ამჟამად უკრაინის სხვადასხვა რაიონში ცხოვრობენ დროებით თავშესაფარში.

ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აღნიშნა, რომ კიევი ანკარის დახმარებას მოელის რუსეთისა და დონბასელი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხშიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ვოლოდიმირ ზელენსკი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი

„ჩვენ ვისაუბრეთ დონბასში მიმდინარე ომზე, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეგიონში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე. ყველა ამ საკითხის გარშემო ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიცია და ასევე ანკარის პრაქტიკული ნაბიჯები. უკრაინას იმედი აქვს, რომ თურქეთი დაგვეხმარება უკრაინის მოქალაქეების, კერძოდ, იმ ყირიმელი თათრების გათავისუფლების საქმეში, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ყირიმისა და რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი პატიმრების დიდ ნაწილს სწორედ ყირიმელი თათრები შეადგენენ.

დახმარება პატიმრების გათავისუფლების საქმეში

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ლიდერს, რომელიც ბოლო ხანს საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის პრეზიდენტთან, ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა მოსკოვის მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ყირიმელი თათრების ბედი.

2017 წლის ოქტომბრის ბოლოს სწორედ რეჯეპ ტაიპ ერდოანის შუამავლობით გაათავისუფლა რუსეთმა საპატიმროდან ყირიმელ თათართა ლიდერები, ილმი უმეროვი და ახთემ ჩიგოზი. მათ რვაწლიანი პატიმობა ჰქონდათ მისჯილი, 2014 წლს ყირიმში მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით.

ერთი წლის თავზე, 2018 წლის ნოემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელი პოლიტპატიმრების ფართო სია გაუგზავნა მოსკოვს და სთხოვა მათი გათავისუფლება. სიაში იყო 70 პირზე მეტი, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი და აქტივისტი ვლადიმირ ბალუხა.

სამხედრო-ფინანსური დახმარება

მაგრამ თურქეთის მხარდაჭერა მხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრით არ გამოიხატება.

რეჯეპ ტაიპ ერდოანის უკრაინაში ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ანკარა აპირებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწიოს უკრაინის არმიას, რომელიც, მეექვსე წელია, სისხლისმღვრელ შეიარაღებულ კონფლიქტში იმყოფება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებთან.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი შეთანხმება სამხედრო-ფინანსური დახმარების შესახებ, რომლის თანახმად, უკრაინის არმია მიიღებს ფინანსურ დახმარებას თურქი კოლეგებისგან. გარდა ამისა, ჩვენ და პრეზიდენტი ერდოანი შევთანხმდით, რომ მივცეთ ახალი იმპულსი თანამშრომლობას საავიაციო სფეროში. კერძოდ, საუბარია АН-178-ის ტიპის თვითმფრინავების მშენებლობასა და მიწოდებაზე. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

3 თებერვლის ერთობლივ პრესკონფერენციაზე კონკრეტულად არ თქმულა, თუ როგორ აპირებენ ანკარა და კიევი უსაფრთხოების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში, სადაც რუსეთმა საკმაოდ გაიძლიერა პოზიციები ყირიმის ანექსიის შემდეგ.

რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დააზუსტა, რომ საქმე ეხება 36 მილიონი დოლარის გამოყოფას სამხედრო და ორმხრივი დანიშნულების საქონლის შესაძენად.

ერდოანი და ზელენსკი ბოლოს აგვისტოში შეხვდნენ ერთმანეთს ანკარაში, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოს, „სტრატეგიული საბჭოს“, მერვე სხდომა გაიმართა.

თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში შედგა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე.

თურქეთი უკმაყოფილოა რუსეთით, რომელიც არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, არმიის შეტევით ოპერაციას იდლიბის პროვინციაში, სადაც კვირის დასაწყისში სათვალთვალო პოსტზე 7 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სირიის არმიის თავდასხმის შედეგად.

თურქეთი აცხადებს, რომ საპასუხო ცეცხლით განადგურებულია 35 სირიელი ჯარისკაცი.

სირიის იდლიბის პროვინციაში სათვალთვალო პოსტების ამოქმედებას საფუძვლად დაედო ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის 2017 წელს მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც არაერთხელ იქნა დარღვეული, ბოლოს - სირიის მხრიდან, რომელიც ცდილობს კონტროლი დაამყაროს იდლიბის პროვინციაში სირიელ მეამბოხეთა ბოლო ციტადელზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG