Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ არსებითად მათი სულები გამოგვყავს“. უკრაინული ქვედანაყოფი, რომელიც ეძებს ფრონტზე დაღუპულთა ცხედრებს


უკრაინაში საომარი მოქმედებების არეალიდან დაღუპულთა ცხედრები გამოჰყავთ.
უკრაინაში საომარი მოქმედებების არეალიდან დაღუპულთა ცხედრები გამოჰყავთ.

რუსეთშიც და უკრაინაშიც ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ომში დანაკარგების მასშტაბებს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ასაჯაროებს, კატასტროფის მოცულობაზე მხოლოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოთვლებით, გამოქვეყნებული ნეკროლოგებითა და ახალი საფლავების რაოდენობით შეიძლება მსჯელობა

უკრაინაში ასეულობით კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ახლაც მიმდინარეობს უწყვეტი სისხლისმღვრელი ბრძოლები, ხშირ შემთხვევაში დღეების განმავლობაში ვერ ხერხდება დაღუპულთა ცხედრების ბრძოლის ველიდან გატანა.

დონეცკის ოლქში ფრონტზე დაღუპულთა (როგორც უკრაინელების, ისე რუსების) ცხედრების გამოტანაზე ზრუნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) სპეციალური ჯგუფი „ფარზე“.

მიკროავტობუსი წარწერით "ფარზე"
მიკროავტობუსი წარწერით "ფარზე"

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიკროავტობუსი წარწერით „ფარზე“ დონეცკის ოლქის ფრონტისპირა გზაზე მიქრის: სამხედროების ჯგუფი, რომელიც დაღუპულთა ცხედრების ევაკუაციას ახორციელებს, სამსახურში - მორიგეობაზე მიიჩქარის.

„ჩვენ ვმუშაობთ უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ ამინდში, - ამბობენ უკრაინელი სამხედროები, - ვიცით, ყველა ვერ დაბრუნდება აქედან, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ჩვენი ბიჭი დავაბრუნოთ შინ, რათა მათმა ახლობლებმა დაკრძალონ ისინი, რათა მთელმა უკრაინამ შეიტყოს მათი ამბავი, რომ ისინი იბრძოდნენ მათთვის, ამ მიწაზე მცხოვრები ხალხისთვის“.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ვასილი მუშაობდა აგროფერმაში, ვლადიმირი ამზადებდა ავეჯს, ანდრეის კი მარცვლეული გადაჰქონდა სატვირთო მანქანით. ახლა ისინი მსახურობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სპეციალურ განყოფილებაში, რომელსაც დაღუპულთა სხეულები გამოაქვს ბრძოლის ველიდან.

ბიჭები ამბობენ, რომ ხშირად უწევთ ცეცხლის ქვეშ მუშაობა და, რომ რუსი სამხედროები ხშირად ნაღმავენ როგორც მოკლული უკრაინელების, ისე თავიანთი თანამებრძოლების ცხედრებს.

ვასილის, ანდრეისა და ვლადიმირის ამოცანაა მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც ჯარისკაცი დაიღუპა, გამოიტანონ მისი გვამი ან ნაშთები ისე, რომ თვითონ არ დაიღუპონ, შემდეგ კი გულდასმით გამოიკვლიონ ცხედარი, რათა მისი პირველადი იდენტიფიცირება მოახდინონ.

ვასილი, უკრაინელი სამხედრო
ვასილი, უკრაინელი სამხედრო

ჩვენ, არსებითად, მათი სულები გამოგვყავს და ამას ვაკეთებთ ძალიან დიდი მოწიწებით, რადგან მათ სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის. ჩვენც ვუძლებთ, ფსიქოლოგიურად განწყობილი ვართ ამ საქმისთვის. კი, ძალიან ძნელია, მაგრამ არა უშავს, კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას. ვპოულობთ გვამს, გამოგვყავს ბრძოლის ველიდან, მერეღა ვამჩნევთ, რომ სხეული მთლიანად დაფლეთილია, - აღწერს ვასილი თავის სამუშაოს, - უნდა ააწყო, დაალაგო, საბუთებიც მოძებნო. ახლა კიდევ არა უშავს, ზამთარია და შედარებით იოლია, რადგან გახრწნის პროცესი შენელებულია, სუნიც არ არის. ზაფხულში კი 2-3 დღე და არანაირი რესპირატორები და ნიღბები არ შველიან საქმეს“.

ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დაადგინონ დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა, მაგრამ თუ სხეულთან ერთად დოკუმენტები არაა ან სხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება დაღუპული ჯარისკაცის ვინაობის დადგენა, პროცესი რამდენიმე თვით ჭიანურდება, დნმ-ის ანალიზის პასუხის მიღებამდე.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ისეთი ინტენსიური ბრძოლების პირობებში, როგორიც ამჟამად მიმდინარეობს ავდიივკის მიმართულებით, ხშირად ძალიან რთულია დაღუპულ მებრძოლთა იდენტიფიცირება.

დაღუპული ჯარისკაცის ვინაობის დასადგენად ხშირად დნმ-ის ანალიზია საჭირო
დაღუპული ჯარისკაცის ვინაობის დასადგენად ხშირად დნმ-ის ანალიზია საჭირო

„მოაქვთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ცხედარი. არც საბუთები აქვს, არც ტატუ, არც ბეჭდები... რაც ჩვენთვის დიდი პრობლემაა, - ამბობს ანდრეი, სპეცდანიშნულების რაზმის „ფარის“ კიდევ ერთი თანამშრომელი, - სხეულის იდენტიფიკაციას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სახის თუნდაც უმნიშვნელო ხელმოსაჭიდი გარემოება - წარწერები ჩექმებზე, ტანსაცმელზე - მაშინ ამ ასოებისა და წარწერების გამოყენებით შეგვიძლია გავაგზავნოთ ინფორმაცია სამხედრო ნაწილებში და გავარკვიოთ, ვინ შეიძლება იყოს“.

უკრაინელ სამხედროებს არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ დაღუპული რუსი ჯარისკაცების გვამებიც გამოაქვთ ბრძოლის ველიდან. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ავდიივკის მახლობლად იპოვეს, ევაკუაციის ჯგუფის წევრების თქმით, თან ჰქონდა დოკუმენტები გაცემული ულიანოვსკის რაიონის სოფელ პავლოვკაში დაბადებული 21 წლის ალექსეი კონოვალოვის სახელზე. მიუხედავად მცირე ასაკისა, 2022 წლის აპრილში კონოვალოვი დაჯილდოვდა სუვოროვის მედლით: რუსეთში ეს სახელმწიფო ჯილდო სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ თავდადებისა და სიმამაცისთვის.

უკრაინელმა სამხედროებმა ბრძოლის ველიდან გამოიტანეს რუსი ჯარისკაცის დასახიჩრებული სხეული
უკრაინელმა სამხედროებმა ბრძოლის ველიდან გამოიტანეს რუსი ჯარისკაცის დასახიჩრებული სხეული

დაღუპული რუსი ჯარისკაცის ჯიბეში ვლადიმირმა, ვასილმა და ანდრეიმ იპოვეს დასველებული წერილი, რომლის წაკითხვა შეუძლებელი იყო.

„ეს არის მოსკოველი ჯარისკაცისათვის დაწერილი წერილი, - ამბობენ ისინი, - ტელეფონის ნომერი, ინდექსის ნომერი, მეტი არაფერი, შეუძლებელია დანარჩენის წაკითხვა. ძალიან დასველებულია ქაღალდი“.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ანდრეი ცდილობს წაიკითხოს ბრძოლის ველზე მოკლული რუსი ჯარისკაცისათვის ნაპოვნი წერილი
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ანდრეი ცდილობს წაიკითხოს ბრძოლის ველზე მოკლული რუსი ჯარისკაცისათვის ნაპოვნი წერილი

„ყრიან, როგორც ხორცს, - ამბობს დაღუპული რუსების შესახებ ვასილი, რომელსაც მოუწია მათი ცხედრების გამოტანა, - მოიერიშე ბიჭები ჰყვებოდნენ, რომ მათ ბრძოლაში ჯავშანჟილეტებისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე უშვებენ. ბევრი მოსკოველია, ბევრი - ლენინგრადელი, ბევრი ძალიან ახალგაზრდაა. ორიოდე დღის წინ რუსი სამხედროს გვამი გამოვიტანეთ, 21 წლის იყო, ავდიივკის მიმართულებაზე დაიღუპა“.

რუსი ჯარისკაცის საბუთები
რუსი ჯარისკაცის საბუთები

„ვფიქრობ, რომ მის ცხედარს მალე გაცვლიან ჩვენს მეომრებში, რომლებიც ასევე ბრძოლის ველზე დაეცნენ და იქით მხარეს დარჩნენ“, - აღნიშნავენ სამხედროები.

ევაკუაციის ჯგუფის წევრები არ აკონკრეტებენ, რამდენი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავთ ბრძოლის ველიდან, თუმცა არ მალავენ, რომ მუდმივად, დღეში რამდენჯერმე, უწევთ ბრძოლის ველზე შესვლა თავიანთი თანამებრძოლებისა და მტრის ცხედრების გამოსატანად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG