Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კუკარაჩა“ სკოლებში


რუსთავის N16 საჯარო სკოლა
რუსთავის N16 საჯარო სკოლა

არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციისა და სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ხელისუფლება მთელ რიგ ცვლილებებს გეგმავს. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა 8 მაისს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმომადგენლობითი შეხვედრა ადგილობრივი სკოლების დირექტორების, პარლამენტარების, შს სამინისტროს, რუსთავისა თუ ქვემო ქართლის ხელმძღვანელების მონაწილეობით.

„კუკარაჩა“ სკოლებში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00
გადმოწერა

რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს ინიციატივები შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ და შეხვედრაზე მოგვიანებით მოსულმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა გააცნეს. სანამ მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრებდა, ლონდა თოლორაიამ დამაფიქრებელი სტატისტიკა მოიყვანა.

ძირითადად ეს არის ქურდობა, რასაც ბავშვები სჩადიან. მეორე, რასაც ქურდობას პროცენტულად მოსდევს, ძალადობაა, ერთმანეთის ცემა. ეს არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფორმებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა. საერთოდ, მაღალია აგრესიის დონე ახალგაზრდებში..
ლონდა თოლორაია

გასულ წელს არასრულწლოვნებმა, დაახლოებით, 1000 დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან, გაიზარდა 14-წლამდელთა რაოდენობა, რომლებმაც სამართალდამცველთა ყურადღება მიიპყრეს:

„ძირითადად ეს არის ქურდობა, რასაც ბავშვები სჩადიან. მეორე, რასაც ქურდობას პროცენტულად მოსდევს, ძალადობაა, ერთმანეთის ცემა. ეს არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ფორმებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა. საერთოდ, მაღალია აგრესიის დონე ახალგაზრდებში“.

ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქვემო ქართლში. მომრავლებულია ოჯახში ძალადობის ფაქტები, რაც ბავშვების ქცევაზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, არასრულწლოვანთა დანაშაული იმდენად კომპლექსური პრობლემა გახდა, რომ მას მხოლოდ სკოლა და ოჯახი ვერ გაუმკლავდება:

„მას ერქმევა, ალბათ, მართლწესრიგის ოფიცერი, რომელსაც ჩვენ შიგნით დავარქვით „21-ე საუკუნის კუკარაჩა“ და ეს იქნება ადამიანი, რომელიც მივა თითოეულ ბავშვთან, ოჯახთან, მასწავლებელთან, დირექტორთან. მათ შეეძლებათ გაუზიარონ თავიანთი პრობლემები, არ ვიცი, ოჯახში, თუ საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, სკოლაში, თუ ის ბულინგის მსხვერპლია“.

ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრები - ყოველ 1000 მცხოვრებზე ერთი თანამშრომელი - სპეციალურ მომზადებას გაივლიან. კიდევ ერთი ინიციატივა სკოლის მანდატურების შერჩევის წესსა და უფლებამოსილებას ეხება. როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა თქვა,
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, მანდატურის მინიმალური ასაკი 20-დან 21 წლამდე გაიზრდება, ამასთან, მას აკადემიური განათლებაც მოეთხოვება:

„მანდატურის სამსახური არ გახლავთ მხოლოდ კონკრეტულად რისკის, კონფლიქტის შემთხვევაში კონფლიქტზე რეაგირების სამსახური. მათ ეტაპობრივად დაევალებათ არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ, მაგალითად, საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობის პროცესში საგანმანათლებლო ფუნქციაც. შესაბამისად, მათი აკადემიური დონეც უნდა იყოს მაღალი“.

მარიამ ჯაში
მარიამ ჯაში

მარიამ ჯაშმა დასძინა, რომ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მსჯელობის საგანია, არის შეთანხმების დადება ოჯახსა და სკოლას შორის, რათა ბავშვის აღზრდა სკოლამ და ოჯახმა ერთად გაინაწილონ. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე სკოლის დირექტორმა ხაზი გაუსვა მშობლების უყურადღებობას შვილების მიმართ.

„როცა გადავხედავთ ხოლმე მოსწავლეთა მონაცემებს, მშობლების დიდი ნაწილი გასულია საქართველოდან; არის მშობლების მეორე ნაწილი, რომელიც საღამომდე დაკავებულია - ან ბაზრობაზე დგას, ან სადღაც არის წასული. შესაბამისად, მშობელი ნამდვილად უკან იწევს, აღზრდის ტვირთი გადადის სკოლაზე“, აღნიშნა რუსთავის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორმა ნაირა ქარუხნიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლასა და ოჯახს შორის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას შემოიღებენ, თუმცა ეს პრობლემას მაინც ვერ გადაწყვეტს.

იქნებ შესაძლებელია რაიმე ტიპის რეგულაციები, რომელიც მედიას დაავალდებულებდა, რომ სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე, განათლება იყოს წარმოჩენილი უფრო მეტი პოზიტივით და იყოს უფრო ნაკლები ნეგატივი, რომელიც იქიდან [მედიიდან] მოდის...
მამუკა ხამხაძე

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე შეეხნენ, იყო მედია. რუსთავის მეოთხე საშუალო სკოლის დირექტორის, მამუკა ხამხაძის, თქმით, ის ახალგაზრდებში აგრესიას ამკვიდრებს. რუსთავის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიესალმება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის, ინიციატივას, შემუშავდეს დასჯის მექანიზმი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის:

„მე მივესალმებოდი, რომ არის რაღაცები, რომელიც არ შეიძლება ახალგაზრდებს ხელაღებით თავს მოვახვიოთ და ყველაფრის დასაშვებობა ვასწავლოთ. იქნებ შესაძლებელია რაიმე ტიპის რეგულაციები, რომელიც მედიას დაავალდებულებდა, რომ სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე, განათლება იყოს წარმოჩენილი უფრო მეტი პოზიტივით და იყოს უფრო ნაკლები ნეგატივი, რომელიც იქიდან [მედიიდან] მოდის“.

მამუკა ხამხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელიც გააკრიტიკა, რომელიც, მისი სიტყვებით, აგრესიას და ნეგატივს ამკვიდრებს. რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ კი, რომელიც შეხვედრას მოდერირებას უწევდა, სკოლის დირექტორებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა, მაგალითად, სპორტული დარბაზებისა და სკოლის მოედნების მოწესრიგებისაკენ. ეს, როგორც პარლამენტარი აღნიშნავს, ახალგაზრდებს მოზღვავებულ ენერგიას სპორტულ ღონისძიებებში დაახარჯვინებს და აგრესიისგან დაცლის.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG