Accessibility links

უსაფრთხოებისა და გათბობის პრობლემები საოკუპაციო ხაზთან


თამარ არჩუაძე სოფელ დიცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს ცხოვრობს. ოკუპირებული ტერიტორიიდან ხშირად სროლის ხმა ესმის, სოფლის განაპირას შეიარაღებული ნიღბიანი პირების გადაადგილებასაც ამჩნევს, ამიტომ შვილებს ხშირად ეზოში სათამაშოდაც კი ვერ უშვებს - ახსენედება, რომ მისი მეზობლები არაერთხელ მოუტაციათ საკუთარი ნაკვეთებიდან. თამარი ამბობს, რომ სოფლისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უსაფრთხოებაა.

ცოტა ხნის წინ დიცელებს 200-ლარიან ენერგოვაუჩერებზე თანხა ჩაერიცხათ. საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ამ ვაუჩერებით ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს ფარავს. თამარ არჩუაძე ამბობს, რომ 200 ლარით ზამთრის გატარება შეუძლებელია.

დიცში, 11 წელზე მეტია, კვლავ მოუგვარებელია სარწყავი წყლის პრობლემა. ზაფხულობით სატუმბი სადგურების მიერ სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, მაგრამ საკმარისი ყველასთვის არ არის და ხშირად მისი განაწილება კონფლიქტების მიზეზიც ხდება.


ვაუჩერებზე თანხის ასახვა დიცის თავშეყრის ადგილებში ადგილობრივი მოსახლეობის განხილვის მთავარი თემაა. წინა წლების გამოცდილებიდან მათ კარგად იციან, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის, ამიტომ გაზის გამათბობლებს ისინი მხოლოდ დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე რთავენ, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი გასათბობად ისევ შეშას იყენებს.

დიცელები, დიდი ხანია, ტყეში შეშის დასამზადებლად ვეღარ დადიან, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ტყის მასივები მთლიანად ოკუპირებულია. ამიტომ ისინი ახლა საკუთარ ხეხილის ბაღებში ვაშლის ხეებს ჩეხენ და ფიჩხს აგროვებენ. დიცელების აზრით, ზამთრის სეზონზე ჯერ კარგი ამინდებია და ამით საწვავის ეკონომიას აკეთებენ, მაგრამ თოვლისა და ყინვების პერიოდში ძალიან გაუჭირდებათ.

დიცში, 11 წელზე მეტია, კვლავ მოუგვარებელია სარწყავი წყლის პრობლემა. ზაფხულობით სატუმბი სადგურების მიერ სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, მაგრამ საკმარისი ყველასთვის არ არის და ხშირად მისი განაწილება კონფლიქტების მიზეზიც ხდება. მიწა გამომშრალია, გამხმარ ხეხილს კი ახლა ჩეხენ.

დიცელებს ენერგოვაუჩერზე 200-ლარიანი დახმარება უკვე აესახათ, მაგრამ საოკუპაციო გამყოფი ხაზის არაერთ სოფელში თანხის ჩარიცხვას ისევ ელოდებიან. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელი ზვიად ზვიადაძე აცხადებს, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დახმარებას სულ მალე სრულად მიიღებს, შეფერხება კი საახალწლო დღეებს უკავშირდება.

არაერთი პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, დიცელები ყველაზე დიდ საფრთხედ სოფელთან ახლოს საოკუპაციო ძალების სათვალთვალო კოშკსა და პირადი შემადგენლობის გადაადგილებას ასახელებენ. შეიარაღებული პირები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად იტაცებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საგუშაგო უფრო შორს გადაიტანა და სოფლის შესასვლელთან ახალი შენობა დადგა. პოლიციელები სოფელში შემსვლელ მანქანებს ამოწმებენ. განსაკუთრებული პრობლემები ჟურნალისტებისთვის იქმნება და იქ, თუ სხვა რაიმე ღონისძიება არ ტარდება, შესვლა შეუძლებელია. დიცელები სოფელში პოლიციის საპატრულო ჯგუფების დამატებას მოითხოვენ, პოლიციელები კი საგუშაგოზე დგანან სოფლის შესასვლელთან - ოკუპაციის ხაზიდან, დაახლოებით, ორ კილომეტრის მოშორებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG