Accessibility links

უცხოეთში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დაისჯება - რა იცვლება კანონში


საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დაისჯება.

პარლამენტს წინ საბოლოო, მესამე მოსმენა აქვს. მართალია, ინიციატივის საფუძველი ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის ბოროტად გამოყენების ფაქტები გახდა, მაგრამ ის, რაც კანონში ჩაიწერება, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეეხება.

ვინ დაისჯება კანონის ამოქმედების შემდეგ

მას მერე, რაც კანონი შევა ძალაში, დაისჯება ყველა, ვინც ფინანსური ან მატერიალური მოგების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უკანონოდ დარჩენისთვის საჭირო პირობებს შეუქმნის. ამ უკანონო გარიგების ორგანიზება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

თუ ამ დანაშაულს წინასწარი შეთანხმებით ჩაიდენს ადამიანების ჯგუფი, რამდენჯერმე გაიმეორებს მას, გამოიყენებს ყალბ დოკუმენტებს ან ერთზე მეტ ადამიანს დაეხმარება საზღვარგარეთ უკანონოდ დარჩენაში, მაშინ სასჯელი იზრდება 3-დან 6 წლამდე.

კანონპროექტის მიხედვით, თუ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს ორგანიზებული ჯგუფი ჩაიდენს, სასჯელი 4-დან 7 წლამდე იქნება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მას ჩამოერთმევა საქმიანობის უფლება.

კანონპროექტი იურიდიული პირისთვის ითვალისწინებს ჯარიმასაც, 100 000 ლარიდან. ჯარიმის ზუსტ ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს.

რა უდევს საფუძვლად საკანონმდებლო ცვლილებას

კანონპროექტს 12 ავტორი ჰყავს. ინიციატორები პარლამენტის უმრავლესობის წევრები არიან.

ავტორთა აზრით, ახალი კანონი ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებისა და უკანონო მიგრანტების რაოდენობას შეამცირებს.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები რიგ ქვეყნებში რაოდენობით ჩამოუვარდებიან მხოლოდ საომარ და კრიზისულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს - სირიას, ერაყს, ავღანეთს, ირანს, პაკისტანსა და სხვა.

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე ევროკავშირმა შეჩერების მექანიზმი მიიღო, რომელიც ევროკავშირს უტოვებს უფლებას უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს, თუ არაწევრი ქვეყნიდან იმ მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდება, რომლებსაც უარი უთხრეს ევროკავშირში შესვლაზე ან დაარღვიეს ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის ვადა; ასევე, თუ გაიზრდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ვერ ასაბუთებენ თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს.

რას ამბობს რიცხვები უვიზო მიმოსვლის შემოღებიდან 2 წლისთავზე

საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2 წლის წინ დაიწყეს. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 72 %-ით არის გაზრდილი. 2018 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 20 000 განაცხადი დაფიქსირდა, 2018 წლის განმავლობაში კი თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადების მხოლოდ 3 % დაკმაყოფილდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე ახლო მომავალში გავა, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 15 დღეში კი უკვე ძალაში შევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG