Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის „საკადრო“ რევოლუცია ძალოვან უწყებებში


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოლო ხანებში სერიოზულად მიჰყო ხელი საკადრო ცვლილებებს სპეცსამსახურებსა და სამართალდამცველ უწყებაში.

16 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან დაითხოვა ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორი არტურ ვანეციანი, ორი დღის შემდეგ კი თავის პოსტს დაემშვიდობა სომხეთის ეროვნული პოლიციის უფროსი ვალერი ოსიპიანი.

ნიშანდობლივია, რომ ორივე მაღალჩინოსანი თანამდებობაზე თითქმის ერთსა და იმავე დროს დაინიშნა - 2018 წლის მაისში, ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ გამარჯვებისა და ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ნიკოლ ფაშინიანის ტრიუმფით მოსვლის შემდეგ.

არტურ ვანეციანი
არტურ ვანეციანი


ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარკისიანმა, უყოყმანოდ დააკმაყოფილა მაღალჩინოსნების პატაკები და ერთიმეორის მიყოლებით გაათავისუფლა თანამდებობიდან უშიშროებისა და პოლიციის უფროსები.

ამასთან, თავად ფაშინიანს არ განუმარტავს, თუ რა გახდა ასეთი საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი და იყო, თუ არა ის მათი მუშაობით უკმაყოფილო.

„ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის მუშაობა არ არის ის, რაც საჯაროდ უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა და იმედი გამოთქვა, რომ ვანეციანი, რომელიც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, „ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ სომხეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონთა ფინალში მოხვდეს“.

რაც შეეეხება ეროვნული პოლიციის უფროსს, მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა ოსიპიანის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრის უფროს მრჩევლად.

ვის „შეჩერებას“ ცდილობს ვანეციანი?

მაგრამ ვანეციანისთვის სომხეთის ფეხბურთზე ზრუნვის ამოცანის დაკისრებით და ოსიპიანის თავის მრჩევლად დანიშვნით, ფაშინიანი ცდილობს, გარეთ არ გამოვიდეს ის უთანხმოება, რაც მას ჰქონდა უშიშროებისა და პოლიციის ხელმძღვანელებთან. და - პირიქით.

სომხეთის სახელმწიფოებრივი მშენებლობის დღევანდელ პროცესს კი თავისი ლოგიკა აქვს: სტიქიური გადაწყვეტილებები, დაურწმუნებლობა მოქმედებებში, პირველხარისხოვნისა და მეორეხარისხოვნის ერთმანეთისგან გარჩევის უნარის უქონლობა. ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს ოფიცრის ღირსებასა და პატივთან...
არტურ ვანეციანი


ამ დაპირისპირებაზე პირველად უშიშროების სამსახურის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მიანიშნა. არტურ ვანეციანმა გადადგომის შესახებ განცხადებას მოაყოლა მიმართვა თანამემამულეებისადმი, რომელშიც ქვეყნის ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

“ჩემი მოღვაწეობის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველა ჩემი ნაბიჯი იყო სააშკარაო და განპირობებული პრინციპით - სამშობლო და ოფიცრის ღირსება, უპირველეს ყოვლისა! სომხეთის სახელმწიფოებრივი მშენებლობის დღევანდელ პროცესს კი თავისი ლოგიკა აქვს: სტიქიური გადაწყვეტილებები, დაურწმუნებლობა მოქმედებებში, პირველხარისხოვნისა და მეორეხარისხოვნის ერთმანეთისგან გარჩევის უნარის უქონლობა. ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს ოფიცრის ღირსებასა და პატივთან. დაე, ჩემი გადადგომა იყოს გამომაფხიზლებელი მოწოდება: „შეჩერდით!“, - წერია ვანეციანის განცხადებაში, რომელიც უშიშროების საიტზე გამოქვეყნდა.

ოფიცრის ღრსებასა და პატივის დაცვაზე გააკეთა მინიშნება სომხეთის ეროვნული პოლიციის უფროსმა ვალერი ოსიპიანმა, რომელმაც დასძინა, რომ „თავისი გადადგომის მიზეზებზე მოგვიანებით ილაპარაკებს“.

სომხურ მედიაში გამოითქმება ვარაუდი, რომ ფაშინიანის ხმაურიან საკადრო გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ძალოვნებს უსაყვედურა კორუფციის წინააღმდეგ არაფექტური ბრძოლა.

ვალერი ოსიპიანი
ვალერი ოსიპიანი


სხვა ვერსიით, ფაშინიანს დიდი ხანია სურდა ვალერი ოსიპიანის გადაყენება იმის გამო, რომ სომხეთის ეროვნული პოლიციის უფროსმა უარი თქვა ფაშინიანის ბრძანების შესრულებაზე დაეშალა იმ მომიტინგეების პიკეტი, რომლებიც აფერხებენ სამუშაოების განახლებას ამულსარის ოქროს საბადოზე.

სომხეთის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემდგომი, ვინც თანამდებობას დატოვებს, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი იქნება. თავად სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ეს ხმები არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ასრულებს თავის მოვალეობას და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG