Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხით ენგურის ხიდისკენ - ერთი კაცის პროტესტი ოკუპაციას


თბილისიდან ენგურისკენ ფეხით მიმავალი გიგა მაქარაშვილი უკვე მეექვსე დღე გზაშია. დღეში, დაახლოებით, 32 კილომეტრს გადის, რომ დათქმულ ადგილას დათქმულ დროზე მივიდეს - 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. ერთი კაცის აქციას თავისი ახსნა აქვს - პროტესტი რუსული ოკუპაციის მიმართ.

„რუსეთი მტერია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“, - ამბობს გიგა, - მე დიპლომატი არ ვარ, რომ მოლაპარაკებებში ჩავერთო, არც სამხედრო, რომ იარაღით ვიბრძოლო. მე ვარ მოქალაქე და მხოლოდ იმიტომ, რომ ღამე იმ შეგრძნებით მეძინოს, რომ დავიხარჯე, რაღაც მაინც გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის, აგვისტოს ომის ათი წლისთავზე, ჯერ ყარაფილამდე ჩავედი, ახლა კი მივდივარ ენგურის ხიდისკენ. თუ რუსეთის ოკუპაცია დავივიწყეთ, მტერი ამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება. არ მინდა პროტესტის ეს მუხტი განელდეს. ერთადერთი, რაც ამ მსვლელობით შემეძლო გამომეწვია, იყო ის, რომ ბევრი კითხვა გამეჩინა. ასეც მოხდა“.

ღამეს კარავში ათევს. გზაზე სიარული არც ისე უსაფრთხო გამოდგა, თან მარტო. დღის სინათლეზე სიარული იმიტომაც ურჩევნია, რომ უფრო მეტი ადამიანი ხედავს და იგებს მის ამბავს. ათობით მანქანა უჩერებს. ზოგი ცნობისმოყვარეა და ეკითხებიან, სად მიდის ზურგჩანთამოგდებული - ხელში საქართველოს დროშით, ზოგმა სოციალური ქსელიდან უკვე იცის მისი ამბავი და ამხნევებს.

„ეს ძალას მაძლევს. რა მაგარია, კარგ საქმეს აკეთებო, როცა მეუბნებიან, დაღლა სადღაც ქრება ხოლმე“.

გიგას მოგზაურობის დეტალები მისი ფეისბუკის გვერდიდანაც ვრცელდება - ფოტოები, გამოხმაურებები, ხანდახან გულშემატკივრებს ვიდეოდღიურებითაც ეხმიანება.

გიგა მაქარაშვილმა ენგურისკენ ნახევარი გზა უკვე გაიარა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

ზოგმა მისი ეს მსვლელობა ცნობილ სერიალს „სატახტო თამაშებს“ შეადარა:

​გიგაც ორი-სამი სიტყვით დაწერს ხოლმე, სად არის და რა ხდება გზაზე:

მარტო აღარ მტოვებენ!
2 მიდის და სამი რჩება!
მადლობა
!
#არგაჩერდეგიგა

რაც გინდათ და რამდენიც შეგიძლიათ ჭამეთიო!
ბოლოს რის წაღებადაც შეძლებთ გაგატანთო.
სულ ბოლოს მადლობა გვითხრეს და დაშტერებულები გამოგვიშვეს!

#არგაჩერდეგიგა

რიკოთი დაძლეულია!
გამარჯობა დასავლეთ საქართველო.

რუსეთი ოკუპანტია!

​გზაში ხან ვინ წამოეწევა, ხან ვინ. ზოგს საჭმელი მიაქვს, ზოგს, წყალი.

„ერთმა წყლის ხუთლიტრიანი ბიდონი მომიტანა. ვერ წავიღე, ძალიან მძიმე ჩანთა მაქვს ისედაც, იმდენად მძიმე, რომ გრამი საჭმელი არ მიდევს დამატებით, მაგრამ მთავარი წაღება არ იყო, მთავარი იყო, რომ იზრუნა და მხარდაჭერა გამომიცხადა“.

ზოგი გზის გარკვეულ მონაკვეთს მასთან ერთად გადის. მერე შორდებიან და გიგა მაქარაშვილი ისევ მარტო მიუყვება გზას ენგურის ხიდისკენ.

ნახევარი გზა გავლილია. 27 სექტემბერს გიგა ენგურის ხიდზე უნდა იდგეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG