Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფინანსური დეტექტივი": რატომ ათავისუფლებს აშშ ალექსანდრ ვინნიკს?


ალექსანდრ ვინნიკის დაკავება საბერძნეთში
ალექსანდრ ვინნიკის დაკავება საბერძნეთში

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ვინნიკს გაათავისუფლებს რუსეთის ციხიდან ამერიკელი მარკ ფოგელის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ The New York Times იტყობინება ინფორმირებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. მოგვიანებით ეს ცნობა თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

ალექსანდრ ვინნიკი არის კრიპტოვალუტების ბირჟა BTC-e-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის 2017 წელს დააკავეს საბერძნეთში, გამოძალვის ხელშეწყობის, პირადი მონაცემების ქურდობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით. შემდეგ მოხდა მისი ექსტრადირება საფრანგეთში, იქიდან კი შეერთებულ შტატებში. შარშან მაისში ვინნიკმა აღიარა ფულის გათეთრების მიზნით გარიგებაში თავისი დანაშაული. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე დააკავეს მის მიერ დაარსებული BTC-e ბირჟის მეშვეობით კრიმინალური გზით მოპოვებული 4 მილიარდი დოლარის გათეთრებაში ეჭვის საფუძველზე.

როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, ბირჟამ, რომელსაც მართავდა ვინნიკი, ხელი შეუწყო მსოფლიოში 9 მილიარდ დოლარზე მეტ ტრანზაქციას და ის კიბერდამნაშავეთათვის დანაშაულებრივი შემოსავლების გათეთრებისა და გადაადგილების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა. უწყება მიუთითებდა, რომ BTC-e მონაწილეობდა მრავალ მასშტაბურ დანაშაულში, თავად ვინნიკი კი პასუხისმგებელია 120 მილიონ დოლარზე მეტი ზარალისთვის. გარდა ამისა, ვინნიკი და მისი ბირჟა ეჭვმიტანილები იყვნენ იმაში, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ბიტკოინებით ტრანზაქციებს იყენებდნენ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის დასაფარად. რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ამის მტკიცებულება სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა წარმოადგინა.

BBC-ის რუსულმა სამსახურმა დაადგინა, რომ „კიბერდამნაშავეები აქტიურად გამოიყენებდნენ BTC-e-ს ფულის გასათეთრებლად, ამიტომ რუსეთის დაზვერვისთვის ეს ბუნებრივი ადგილი იქნებოდა ისეთი სახსრების მოსაპოვებლად, რომელთათვის თვალყურის დევნებაც ძნელია“. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ BTC-e-ს კონფისკაციიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა კრიპტოვალუტის ახალი რუსული ბირჟა. მისი დამფუძნებელი იყო ვინნიკის ერთ-ერთი პარტნიორი BTC-e-ში, ალექსეი ბილიუჩენკო. BTC-e-ს მსგავსად, ახალმა ბირჟამ, Wex-მა, ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციები განახორციელა ციფრულ ვალუტაში. დაარსებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის დასაწყისში, Wex დაინგრა.

პლატფორმიდან გაქრა დაახლოებით 400 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა. Wex-ის რუსმა მომხმარებლებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთ სახსრებზე წვდომა, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს. სანამ Wex დაიშლებოდა, ბილიუჩენკო ცდილობდა მოეძებნა ინვესტორები და გავლენიანი მფარველები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ბირჟის სტაბილიზაციას და მის დაცვას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ზეწოლისგან. BBC-ის ცნობით, იმათ შორის, ვისაც მიმართა ბილიუჩენკომ, იყო კონსტანტინ მალოფეევი, რუსი ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია კრემლთან კავშირებითა და კონსერვატიული და ნაციონალისტური მოძრაობების მხარდაჭერით.

მედია ასევე ირწმუნება, რომ ბიზნესმენებს დაუკავშირდნენ ფსბ-ს თანამშრომლები და მათ მოსთხოვეს, უწყებისთვის გადაეცათ Wex-ის დაშიფრული აქტივები. მოგვიანებით ბილიუჩენკო იტყობინებოდა, რომ ის ციხეში ჰყავდათ დაკავებული მანამდე, სანამ დათანხმდა კრიპტოვალუტით 450 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვას ფსბ-ს ანგარიშებზე. სანამ ალექსანდრ ვინნიკი ციხეში იყო, მისი ცოლი გარდაიცვალა. რუსეთში მისი ადვოკატები აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ მისი გათავისუფლებისთვის.

გამომძიებელმა ჟურნალისტმა ანდრეი ზახაროვმა ვინნიკსა და ბილიუჩენკოს მიუძღვნა თავისი წიგნი „კრიპტა“, რომელშიც აღწერა, თუ როგორ „შებოჭეს რუსეთი ბლოკჩეინით საიფერპანკებმა, პროგრამისტებმა და თაღლითებმა“. ზახაროვი დარწმუნებულია, რომ რუსეთში ვინნიკს მოელის შებრძოლება „მართლმადიდებელ ოლიგარქ“ კონსტანტინ მალოფეევთან, რომელიც ახლა ცდილობს 18 მილიარდი რუბლის „გამოწურვას“ მისი პარტნიორი ბილიუჩენკოსგან.

ხალხისგან არ ითხოვდნენ დოკუმენტებს, ამიტომ უდიდეს არალეგალურ ბირჟად იქცნენ

ანდრეი ზახაროვი: ალექსანდრ ვინნიკი მოსკოვში ფულის გადამცვლელი იყო 2000-იან წლებში: ის იჯდა ნოვი არბატზე და ემსახურებოდა ადამიანებს, რომლებსაც როგორღაც გაუჩნდათ ციფრული ფული. ესენი იყვნენ შტატგარეშე თანამშრომლები, ჰაკერები, რომლებიც მუშაობდნენ WebMoney-სა და სხვა ციფრულ ვალუტებში. მას ისინი „ქეშში შეჰყავდა“. შემდეგ ალექსეი ბილიუჩენკოსთან ერთად შექმნა ბირჟა BTC-e. ეს არის ბირჟა, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვისაც ნამდვილად სჯეროდა ბიტკოინების, მაგრამ იქ იყო გარკვეული ფული. 2013 წელს დაიწყო კრიპტოვალუტის ბუმი. ისინი, დასავლური პლატფორმებისგან განსხვავებით, ხალხისგან არ მოითხოვდნენ რაიმე დოკუმენტს, არ ამოწმებდნენ მომხმარებლებს და, შესაბამისად, გახდნენ ყველაზე დიდი არალეგალური ბირჟა. მისით სხვადასხვა ჰაკერი სარგებლობდა.

შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო კრიპტოსფეროში შესვლა. იყო ასეთი იაპონური ბირჟა, Mt. Gox, 2011 წელს ის ჰაკერებმა გატეხეს და ნახევარი მილიონი ბიტკოინი გაიტანეს. ეს ფული აღმოჩნდა საფულეებში, რომლებიც ვინნიკთან და ბირჟასთან იყო დაკავშირებული. საქმის შესწავლა დაიწყო FBI-მ და როდესაც ვინნიკი და მისი ოჯახი საბერძნეთში დასასვენებლად წავიდნენ 2017 წელს, ის პირდაპირ ოჯახის თვალწინ, პლაჟზე დააკავეს. მისმა პარტნიორმა ბილიუჩენკომ მაშინ რუსეთში გამგზავრება მოახერხა.

ანდრეი ზახაროვი
ანდრეი ზახაროვი

რადიო თავისუფლება: რატომ სჭირდება რუსეთს ვინნიკი?

სოლოვიოვმა თქვა, რომ რუს IT მეწარმეს „ბოროტი ამერიკელები ჩაგრავენ“

ანდრეი ზახაროვი: ვინნიკის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული; ცნობილი პრაქტიკაა, რომ რუსეთი თავისი მოქალაქის გამოყვანის მიზნით სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. აქ შეიძლება კონსპირაციის თეორიებში წავიდეთ და ვივარაუდოთ, რომ მთელი რუსული ელიტა ამ ბირჟაზე ინახავდა ფულს, მაგრამ ასე არ ყოფილა. ერთ დროს გაჩნდა ვერსია, რომ ვინნიკი ამერიკელებს სჭირდებოდათ, რადგან იცოდა, ვის ჰქონდა ბირჟაზე კრიპტოვალუტა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მან ნამდვილად იცის, ვინ იყვნენ მისი დიდი კლიენტები. მოსკოვში ბირჟის აყვავების პერიოდში ნაღდ ფულს იყენებდნენ – ანუ შეგეძლო იქ ჩანთით ნაღდი ფულის მიტანა და ბიტკოინის მიღება. ახლა ეს მოსკვა-სიტიშია. საკითხავია, იყო თუ არა „სახურავი“. უმარტივესი იქნებოდა იმის თქმა, რომ იყო, მაგრამ სინამდვილეში ვინნიკის ძველმა პარტნიორმა ბილიუჩენკომ, საბერძნეთიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ხელახლა შექმნა ბირჟა Wex, ოღონდ კონსტანტინ მალოფეევის „სახურავს“ შეაფარა თავი. ვინნიკის გათავისუფლების მოთხოვნა უკვე დიდი ხანია დაიწყეს. მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს ადვოკატი ტიმოფეი მუსატოვი, რომელიც მეგობრობდა ნატალია კასპერსკაიასა და იგორ აშმანოვთან და ისინი „ტალღის აგორებას“ შეუდგნენ. მახსოვს, ვლადიმირ სოლოვიოვს რადიოეთერში როგორ ჰქონდა პირდაპირი კავშირი ვინნიკთან საბერძნეთის ციხეში მისი შიმშილობის დროს. ყველა ტიროდა, სოლოვიოვმა კი თქვა, რომ რუს IT მეწარმეს „ბოროტი ამერიკელები ჩაგრავენ“. აი, სადღაც კრემლში სწორედ ამ ტალღის ფარგლებში შეექმნა ვინნიკს სახელი და წარმოდგენა, რომ „საჭიროა ბიჭის გამოყვანა“.

ალექსანდრ ვინნიკი საბერძნეთში, 2019 წ.
ალექსანდრ ვინნიკი საბერძნეთში, 2019 წ.

რადიო თავისუფლება: თქვენთვის ვინ არის ალექსანდრ ვინნიკი, რატომ დაწერეთ მასზე წიგნი? რა ფიგურაა ის?

ბიჭებო, თქვენ ერკვევით ბლოკჩეინში, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ძალაუფლება და პისტოლეტები

ანდრეი ზახაროვი: წიგნი საფონდო ბირჟის ისტორიაზეა ორიენტირებული და ეს ერთგვარი ფინანსური დეტექტიური ამბავია. ეს არის ამბავი უბრალო ბიჭებზე, ვინნიკზე და ბილიუჩენკოზე. ერთი გაიზარდა კურგანში, მეორე - ნოვოსიბირსკში, ისინი ოცნებობდნენ, გამხდარიყვნენ მილიონერები, როგორიცაა მარკ ზაკერბერგი. ისინი სხვადასხვანაირად იწყებენ: ბილიუჩენკო დომენებს ყიდის, ვინნიკი ფულს კრიპტოზე ცვლის, შემდეგ კი მათთვის მოულოდნელად, კრიპტოვალუტის წყალობით, ისინი მილიონერები ხდებიან. ვინნიკი არ არის ფინანსური გენიოსი, მას უბრალოდ ძალიან საინტერესო ბედი აქვს. მათ შექმნეს თავიანთი დროის პროდუქტი, რომელმაც „გაისროლა“. მათი ბირჟის ისტორია უბრალოდ იმეორებს ზოგადად კრიპტო მოძრაობის მსოფლიო ისტორიას, რადგან თავიდან ისინი სუფთა პარტიზანები არიან და არავის ესმის, რას აკეთებენ. 2013 წლიდან იწყება რომანტიზმის პერიოდი, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მალე ყველა ცენტრალური ბანკი დაიშლება და კრიპტო შეცვლის მთელს სამყაროს, შემდეგ კი იწყება ახალი ერა: მოდიან სახელმწიფოები და იწყებენ მის რეგულირებას. შემდეგ კი მთავრობის მხრიდან მოდიან მალოფეევის მსგავსი ჩრდილოვანი ტიპები და ამბობენ: ბიჭებო, თქვენ ერკვევით ბლოკჩეინში, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ძალაუფლება და პისტოლეტები, ასე რომ, ჩაიჩოჩეთ. ამ თვალსაზრისით, ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ძალიან სიმბოლურია.

XS
SM
MD
LG