Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფული და შუამავლები - რას ეძებს პუტინი არაბულ ქვეყნებში?


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა (მარცხნივ) და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის შეხვედრა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა (მარცხნივ) და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის შეხვედრა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთს არ ესაზღვრება და, მეორე მხრივ, კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან.

რუსეთის ტელეარხები 6 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში უჩვენებდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ამსახველ კადრებს, ხაზს უსვამდნენ მის მიმართ მასპინძელი ქვეყნის ლიდერის, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის ხაზგასმულ პატივისცემას და არც ის ფაქტი გამორჩენიათ მხედველობიდან, რომ რუსეთის ლიდერის ავიალაინერს საზღვრამდე 4 გამანადგურებელი თვითმფრინავი მიაცილებდა.

„საუდის არაბეთს, რომელსაც გარდა იმისა, რომ კარგი და მყარი კონტაქტები აქვს რუსეთთან, არანაკლებ კარგი და მყარი კონტაქტები აქვს აშშ-სთან. ამიტომ, ის შეიძლება შუამავლის როლში გამოვიდეს. პუტინი, ჩემი აზრით, ეძებს გამოსავალს იმ სიტუაციიდან, რომელშიც თავადვე შეიყვანა ქვეყანა“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს დმიტრი დუბროვსკიმ, პრაღის კარლის უნივერსიტეტის სოციალური ფაკულტეტის რუსეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამის თანამშრომელმა.

რა მიიღო და კიდევ რისი იმედი აქვს რუსეთს?

2022 წლის თებერვლის შემდეგ, მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ უკიდურესად მწვავედ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მოსკოვს სანქციები დაუწესა, მათ შორის სავიზო.

კრემლს თითქმის აღარ დარჩა პირდაპირი და ღია მოკავშირეები, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ასევე გარიყული ისეთი რეჟიმების გარდა, როგორებიც არიან ბელარუსი, ჩრდილოეთი კორეა, სირია, კუბა ან ვენესუელა.

მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ მკაფიო მხარდაჭერა არც კიევისა და არც მოსკოვის მიმართ. ისინი მოვლენათა განვითარებას ელოდებიან, აკეთებენ მხოლოდ ზოგად და ბუნდოვან განცხადებებს მშვიდობის მნიშვნელობაზე. ასეთები არიან ჩინეთი, ირანი და სპარსეთის ყურის მონარქიები. მათთან ურთიერთობების შენარჩუნებით რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური იზოლაციის გარღვევას ცდილობს.

„ურთიერთობას რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ისტორიული ხასიათი აქვს. მინდა ვთქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონში რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე არის რუსეთის ეკონომიკის უმსხვილესი ინვესტორი. ბოლო წელს ნავთობის სფეროში ინვესტიციების მოცულობა 103%-ით გაიზარდა. უპრეცედენტო ნახტომი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე მეტყველებს“, - განაცხადა 6 დეკემბერს ხალიფა ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანმა ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის დაწყების წინ.

აბუ-დაბიში რუსეთის ლიდერის ვიზიტის დაწყებამდე რუსული მედია ბევრს საუბრობდა აგს-სა და რუსეთს შორის ვაჭრობაში სწორედ გასულ წელს მიღწეულ მაჩვენებლებზე, რაზეც მასპინძელი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრაზე საგანგებო ყურადღება გაამახვილა ვლადიმირ პუტინმაც.

„თქვენი პოზიციის წყალობით, დღეს ჩვენი ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე ავიდა. და მართლაც, არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბულ სამყაროში რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს საქონელბრუნვა გაიზარდა 67.70%-ით და წელს იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა 6 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის აბუ-დაბიში ხაზგასმულად პომპეზური მიღება და ორი ლიდერის ურთიერთქათინაურები არ გაჰკვირვებიათ დასავლეთში.

როგორც ბი-ბი-სის რუსული სამსახური წერს, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსული ბიზნესსაქმიანობისა და საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად გადაიქცა. იქ ევროპიდან გადავიდნენ რუსი ნავთობის მოვაჭრეები და დუბაის გავლით მდინარესავით ჩაედინება რუსული ფულიც.

„არაბული ქვეყნები და საუდის არაბეთი, საკუთარ თამაშს აწარმოებენ. და ეს თამაში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ამ ილეთით (ასეთი მიღებით) ცდილობენ დასავლეთის სამყაროს უჩვენონ, რომ ისინი ატარებენ დამოუკიდებელ პოლიტიკას და პირდაპირ არავის მითითებებს არ ასრულებენ. და ეს მნიშვნელოვანია საუდის არაბეთისათვის საკუთრივ არაბულ სამყაროში, სადაც მას აშშ-ზე მეტისმეტი დამოკიდებულების გამო საყვედურობენ. და, ჩემი აზრით, პუტინისათვის მოწყობილი ასეთი დემონსტრაციული შეხვედრის საგარეო-პოლიტიკური მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აჩვენოს არაბულ სამყაროს, რომ არსებობს ერთგვარი ალტერნატივა“, - ამბობს დმიტრი დუბროვსკი.

"პუტინი ბევრისთვის დღესაც ანტიიმპერიალისტური ბრძოლის ლიდერად აღიქმება"

ასეთი „თამაში“ უკვე წარმოადგენს გარკვეულ წარმატებას პუტინისთვის, რომელიც უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა ჯერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის, შემდეგ კი ამ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო.

„ერთი მხრივ, საუბარი იმაზე, პუტინს არ ჰყოფნის მოკავშირეები. მას მოკავშირეები სჭირდება იმისთვის, რომ თავი დააღწიოს იმ სერიოზულ იზოლაციას, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა. მაგრამ რუსეთი, უწინარეს ყოვლისა, დაინტერესებულია ინვესტიციებით. რუსეთი გამორთეს საერთაშორისო დაფინანსების სისტემიდან (საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ი. რედ.) და საერთაშორისო, უწინარესად დასავლეთის ინვესტიციების გარეშე დატოვეს. და ის ეძებს ალტერნატივას, როგორც ჩანს, პირველ ყოვლისა, არაბულ ქვეყნებსა და ჩინეთში. და მეორეც, პუტინისათვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გარკვეული შეთანხმება ნავთობის საკითხში, რადგან საერთაშორისო სანქციების პირობებში რუსეთი იძულებულია ეძებოს ნავთობისთვის ამ სანქციების გვერდის ავლის ფორმები და ამაში, ჩემი აზრით, საუდის არაბეთი და არაბული ქვეყნები, მას აქტიურად ეხმარებიან“, - ამბობს დუბროვსკი.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ოთხშაბათს შეხვდება დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაურს, ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს.

დუბროვსკის აზრით, წითელი ხალიჩა და პომპეზური მიღება პუტინს ერ-რიადშიც გარანტირებული აქვს: „ჩემდა გასაოცრად, პუტინი ბევრისთვის დღესაც ამერიკული ჰეგემონიის ანტიიმპერიალისტური ბრძოლის ლიდერად აღიქმება. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ბოლო უნივერსალურმა პერიოდულმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰყავს თანამგრძნობები. ესენი არიან სწორედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, უწინარეს ყოვლისა, საუდის არაბეთი, ირანი, ვენესუელა და კუბა. ქვეყნები, რომლებსაც დემოკრატია და ლიბერალური ფასეულობები არ მოსწონთ. და ისინი რუსეთს უყურებენ, როგორც მოდერნიზაციისა და მსოფლიოს თანამედროვე დემოკრატიული მოწყობის წინააღმდეგობის ლიდერს“.

„ბი-ბი-სის“ თანახმად, საუდის არაბეთი და რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მსოფლიოში ორი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა. მათზე მოდის OPEC+ კარტელის მთელი წარმოების თითქმის ნახევარი და ერთად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნედლეულის მიწოდებაზე მსოფლიო ბაზარზე, რასაც აკეთებენ ბოლო ერთ წელზე მეტია.

ახლა OPEC+ ქვეყნები ნებაყოფლობით აწარმოებენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე შეეძლოთ, რათა მხარი დაუჭირონ ნავთობის ფასებს და მისი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მოცულობას, რაც საფუძვლად უდევს როგორც რუსეთის, ასევე საუდის არაბეთის ეკონომიკას.

  • წელს, მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა პუტინის და ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი არ არიან ჩართულნი ICC-ის მუშაობაში, სასამართლოს მიერ 2023 წლის მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ეწვია დსთ-ის სამ ქვეყანას და მოსაზღვრე ჩინეთს, ასევე უკანონოდ იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებსაც მოსკოვი აკონტროლებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG