Accessibility links

site logo site logo

ვინ შეიძლება დაეხმაროს პუტინს სანქციებისთვის გვერდის ავლაში?


ვლადიმირ პუტინი ემზადება მოლაპარაკებებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების ფაქტობრივ მმართველთან, ტახტის მემკვიდრე შეიხ მუჰამად იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანთან. მოსკოვი, 2018 წ. 1 ივნისი.

რატომ არ ჩქარობენ ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას.

მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო უკიდურესად მწვავედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მოსკოვს სულ უფრო მძიმე სანქციებს უწესებენ. საერთაშორისო ასპარეზზე კრემლს თითქმის აღარ დარჩა პირდაპირი მოკავშირეები, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარიყულ ისეთ რეჟიმებს, როგორებიც არიან ბელარუსი, ჩრდილოეთი კორეა, სირია, კუბა ან ვენესუელა. მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ მხარდაჭერა არც კიევისა და არც მოსკოვის მიმართ. ისინი მოვლენათა განვითარებას ელოდებიან, აკეთებენ მხოლოდ ზოგად და ბუნდოვან განცხადებებს. ასეთები არიან ჩინეთი, ირანი და სპარსეთის ყურის მონარქიები.

უკრაინაში ომმა როგორ შეიძლება იმოქმედოს უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასების ზრდაზე და რა დარტყმას მიაყენებს ეს ეკონომიკას, რომელიც ისედაც შერყეულია პანდემიის, ინფლაციისა და მრავალი სხვა კრიზისის გამო? როგორ შეუძლიათ ამ ომსა და კრემლს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლების ტორპედირება? შეიძლება თუ არა, რომ ახალ ვითარებაში ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებად იქცნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ირანი და „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ ზოგი სხვა ქვეყანა, რომელთა დახმარებითაც რუსეთს შეეძლება უცხოური სანქციებისთვის გვერდის ავლა? რის იმედი აქვთ ამ ქვეყნების ლიდერებს და რა ფარული მოტივები განსაზღვრავს მათ პოზიციებს: აშშ-ზე წყენა, ცივი საქმიანი გათვლა თუ კრემლის რეჟიმის ავტოკრატიასთან შინაგანი ფსიქოლოგიური ნათესაური კავშირი? ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია აღმოსავლეთმცოდნე ნიკოლაი კოჟანოვს, რომელიც დოჰაში მუშაობს კატარის უნივერსიტეტის სპარსეთის ყურის ქვეყნების კვლევით ცენტრში. გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ ინტერვიუდან.

ვლადიმირ პუტინი სტუმრად შეიხ მუჰამად იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანთან. აბუ-დაბი, 2019 წ. 15 ოქტომბერი.
ვლადიმირ პუტინი სტუმრად შეიხ მუჰამად იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანთან. აბუ-დაბი, 2019 წ. 15 ოქტომბერი.

რადიო თავისუფლება: დასავლეთს ახლა ძალიან აშინებს პირველ რიგში სამი ქვეყნის - საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეგვიპტის პოზიცია, რომლებმაც უარი თქვეს კრემლის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციების შემოღებაზე. ფაქტობრივად, ისინი ზუსტად საპირისპიროდ იქცევიან... რამდენად ასახავს მათი ეს პოზიცია დაძაბულობას აშშ-სა და მის ზოგიერთ უახლოეს არაბულ მოკავშირეს შორის?

ნიკოლაი კოჟანოვი: უნდა გვესმოდეს, რომ მათთვის უკრაინა და ყველაფერი, რაც იქ ხდება, ძალიან შორეული უცხოეთია, რომელიც მათ პირდაპირ არ ეხება... შექმნილი ვითარება ამ სახელმწიფოებისთვის პირველ რიგში არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, გაამყარონ მოსკოვთან ურთიერთობები, მეორე მხრივ და პირველ რიგში კი - ზემოქმედება იქონიონ რეგიონთან ამერიკის კავშირებზე. მათი ეს პოზიცია, რომელსაც მე პრორუსული ვუწოდე, ჩამოყალიბდა არა უშუალოდ პუტინის მიმართ დიდი სიყვარულის, არამედ პირველ რიგში აშშ-ის პოლიტიკით იმედგაცრუების გამო.

სპარსეთის ყურის არაბულ მონარქიებს იმის არავითარი მოტივაცია არა აქვთ, რომ ნავთობი იაფად გაყიდონ.

იმის გამო, რომ ვაშინგტონი ცდილობს, ფორმა უცვალოს თავის ყოფნას სპარსეთის ყურის რეგიონში და მთლიანად დიდ ახლო აღმოსავლეთში, რაც მისთვის აღარ არის პრიორიტეტული, და ხედავენ რა, რამდენად უფრო პრაგმატულად დაიწყო აშშ-მა სპარსეთის ყურეში თავისი ინტერესებისადმი მიდგომა (ის ნაკლებად ცდილობს ჩაბმას პრობლემებში, რომლებიც უშუალოდ არაბული მონარქიების დაცვის უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული), თავის მხრივ, არც ეს მონარქიები ჩქარობენ აშშ-ის მხარეზე დადგომას... მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები აშშ-ს ვერ პატიობს, რომ უკრაინის მასობრივი აქტიური მხარდაჭერის ფონზე თეთრმა სახლმა ფაქტობრივად უყურადღებოდ დატოვა ჰუთიტების თავდასხმები მათ ინფრასტრუქტურაზე და სრულიად არ დაგმო ჰუთიტების სპონსორი - ირანი. ამიტომ მათი მხრიდან ეს აშკარად არის არა რუსეთის მხარდაჭერა, არამედ ამერიკელთა ბოსტანში ნასროლი ქვა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი საჩუქრებს იღებს ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვისგან. ელ-რიადი, 2019 წ. 14 ოქტომბერი.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი საჩუქრებს იღებს ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვისგან. ელ-რიადი, 2019 წ. 14 ოქტომბერი.

ბუნებრივია, საუდიტებისთვის ნავთობის ბაზრებზე შექმნილი ვითარება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეა, ვიდრე ომი უკრაინაში. მათ მშვენივრადაც აძლევს ხელს ამჟამინდელი მაღალი ფასები, რაც იმ ფინანსური დანაკარგების აღდგენის საშუალებას იძლევა, რომელიც საუდის არაბეთმა განიცადა პანდემიისა და უფრო ძველი კრიზისების შედეგად. და ამიტომ საუდის არაბეთისთვის მნიშვნელოვანია, ერთობა შეინარჩუნოს OPEC+ -ში, ანუ ამ ნიადაგზე რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება მისთვის არ არის გონივრული ნაბიჯი... რაც შეეხება ეგვიპტეს, კაიროს ორაზროვანი პოზიცია (ის, ერთი მხრივ, არც უკრაინის წინააღმდეგ ამბობს რამეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არც რუსეთი გაუკრიტიკებია), გასაგები ხდება, თუკი შევხედავთ პოლიტიკურ კავშირებს, რომლებიც კრემლს აქვს ეგვიპტის ლიდერთან, აბდელ ფათაჰ ალ-სისისთან... ანუ აქ, მიუხედავად გარკვეული სიმპათიებისა, რომლებიც კაიროში აქვთ კიევის მიმართ, მოსკოვთან წაჩხუბებასაც ნამდვილად არ აპირებენ.

რადიო თავისუფლება: და დასავლეთს, აშშ-ს პირველ რიგში, ამჟამად რა ბერკეტები მოეპოვება საიმისოდ, რომ მინიმუმ დაემუქროს მაინც არაბულ მონარქიებს და აიძულოს ისინი, შეწყვიტონ მოსკოვთან ნებისმიერი დიდი ბიზნესი, რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციები, ანუ არ დაეხმარონ მას სანქციებისთვის გვერდის ავლაში? შეძლებენ ისინი არაბულ ბანკებზე ზეწოლას ან სხვა რამის გაკეთებას?

ნიკოლაი კოჟანოვი: პირველ რიგში ალბათ ვაშინგტონმა უნდა შეხედოს ვითარებას უშუალოდ თავად არაბული ნავთობის მონარქიების თვალით. რასაც, სხვათა შორის, ამერიკელი დიპლომატები და პროფესიონალი ანალიტიკოსები მშვენივრად აკეთებენ. მაგრამ შესაძლოა, ვაშინგტონში არსებობს კომუნიკაციაში ერთგვარი წყვეტა მათ და იმათ შორის, ვინც თეთრ სახლში იღებს გადაწყვეტილებებს. საქმე ისაა, რომ არაბები უკრაინაში ომს თავისებური სათვალეებით უყურებენ. ისინი ხედავენ, რომ უკრაინას უზარმაზარ დახმარებას უწევენ იარაღით, ჰუმანიტარული დახმარებით და, ამავე დროს, ვერ ხედავენ დასავლეთის მსგავს მხარდაჭერას იმ კრიზისულ ვითარებებში, რომლებიც უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაჩნდა, რაც, ცხადია, აშორებს მათ და აბრაზებს ვაშინგტონის პოზიციის გამო. შესაძლოა, ამ კრიზისული ვითარებების მიმართ ამერიკელთა უფრო აქტიურ პოზიციას ემოქმედა რამეზე... რაც შეეხება ზეწოლის მეთოდებს, აქ ხმამაღალი განცხადებების გარდა დასავლეთის ხელთ არსებული ინსტრუმენტების ნაკრები ერთობ შეზღუდულია. დიახ, ვაშინგტონი ძალიან შიშობს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლით აქეთ-იქით იმოძრავებს რუსეთის ფული. ალბათ ერთადერთი, რითაც შეიძლება დამუქრება, ესაა გარკვეული ზომების მიღება ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომლებიც კრემლს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. თუმცა, სხვათა შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, პირადად მე სპარსეთის ყურეში ვერცერთ ქვეყანას ვერ ვხედავ, რომელიც წავიდოდა ასეთ რამეზე.

აბდელ ფათაჰ ალ-სისი კაიროში მასპინძლობს ვლადიმირ პუტინს. 2017 წ. 11 დეკემბერი.
აბდელ ფათაჰ ალ-სისი კაიროში მასპინძლობს ვლადიმირ პუტინს. 2017 წ. 11 დეკემბერი.

რადიო თავისუფლება: ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ რუსეთის ბიზნესზე სპარსეთის ყურეში, რუსი მილიარდერების იახტებზე, მათ კაპიტალდაბანდებებზე, იქ დამალულ კრემლის ფულებზე, განსაკუთრებით დუბაიში. მაგრამ საინტერესოა, რამხელაა თავად ამ არაბული სახელმწიფოების წილი რუსეთის ეკონომიკაში?

ნიკოლაი კოჟანოვი: რუსეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია დახურულია. ამიტომ მხოლოდ ვარაუდით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. დიახ, ეს ინვესტიციები არის, ამასთან, მაგალითად, კატარის მხრიდან ისინი ხორციელდება რუსეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან კომპანიებში... თუკი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ვლაპარაკობთ, მაშინ აქ სპეციფიკა იმაში ვლინდება, რომ მათი ინვესტიციები მიდის არა საკვანძო კომპანიებში, არამედ რეგიონებში, განსაკუთრებით - რუსეთის მუსლიმურ რეგიონებში, პირველ რიგში - ჩეჩნეთში. ვვარაუდობ, რომ ისინი დაახლოებით 5-6 მილიარდ დოლარს აღწევს.

რადიო თავისუფლება: ყველას აღელვებს, რა მოუვა ნავთობზე მსოფლიო ფასებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ახლა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ის დაახლოებით 130 დოლარიდან 110 დოლარზე დაბლა დაეცა ბარელისთვის. შეუძლიათ ნავთობის მომპოვებელ არაბულ მონარქიებს უცებ რაღაც უკიდურესად მოულოდნელი ნაბიჯის გადადგმა, მაგალითად, რომ დაივიწყონ მოგება, მაინც რაღაც პოლიტიკური მიზეზით მოელაპარაკონ აშშ-ს, ევროკავშირს და, ვთქვათ, აიღონ და ძლიერ დაწიონ ფასები? ეს ხომ კრემლს მთლად გაანადგურებდა.

24 თებერვლის შემდეგ, რომ გამოგიტყდეთ, უკვე აღარ შემიძლია გამოვიყენო სიტყვები „შეუძლებელი“ და „არარეალური“.

ნიკოლაი კოჟანოვი: 24 თებერვლის შემდეგ, რომ გამოგიტყდეთ, უკვე აღარ შემიძლია გამოვიყენო სიტყვები „შეუძლებელი“ და „არარეალური“. როგორც ვითარებამ აჩვენა, ჩვენს სამყაროში, ყოველ შემთხვევაში უკანასკნელ თვეებში, ყველაფერი გახდა შესაძლებელი... ჯერ ერთი, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაკეთებულა ინვესტიციები მსოფლიოს ნავთობის მოპოვებაში და ახლა ვაწყდებით, რაც უნდა უცნაური იყოს, ამ რესურსის უკმარისობის გარკვეულ საფრთხეს. ობიექტური ფაქტორები დაკავშირებულია ალტერნატიულ ენერგომატარებლებზე გადასვლასთან... ფაქტორების მეორე ჯგუფი კი ზოგადად არის საერთო გლობალური პოლიტიკური ისტერია, რის გამოც ფასები გიჟური სინუსოიდით ხტიან. ვფიქრობ, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება უახლოეს თვეებში ის სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა, იმის მიხედვით, თუ რა აღმოჩნდება - საით წავა ან არ წავა რუსეთის ნავთობი, მსოფლიო ბაზრებზე გარკვეულ სტაბილიზაციას ვიხილავთ.

ნავთობის სუპერტანკერი საუდის არაბეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
ნავთობის სუპერტანკერი საუდის არაბეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

არა მგონია, რომ ამ მომენტში მოულოდნელად შეძლებენ აშშ-სთან მოლაპარაკებას, ვინაიდან ფასების დემპინგი, ვიმეორებ, მათ ინტერესებში არ შედის... და ამიტომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოახერხონ იმ რესურსების მონეტიზაცია, რომლებიც მათ უკვე ახლა მოეპოვებათ, რათა მთელი მოგება ჩადონ საკუთარი ეკონომიკების დივერსიფიკაციაში და მოემზადონ განახლებადი ენერგეტიკის ამ ახალი სამყაროსთვის, რომელიც, როგორც ჩანს, მოდის. ამ მიზეზის გამო მათ იმის არავითარი მოტივაცია არა აქვთ, რომ ნავთობი იაფად გაყიდონ, ეს ერთი... მეორე მხრივ კი, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის პერიოდულ „სადამსჯელო გარიგებას“ OPEC+-ის ფარგლებში და ამასთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ კანონმდებლობას, იმავე საუდის არაბეთს აქ სჭირდება მოსკოვის დახმარება, როგორც ერთგვარი საპირწონე საუდიტებს, აშშ-სა და რუსებს შორის საბაზრო ურთიერთობების ამ სამკუთხედში. ასე რომ, რუსეთთან დავა ან მასთან ჩხუბი მათ ინტერესებში არ შედის.

რადიო თავისუფლება: შეკითხვა არა ფაქტებისა და ფასების სამყაროზე, არამედ ემოციების, მორალის და, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური შემადგენლის სფეროდან. მსოფლიო ახლა როგორღაც უფრო სწრაფად და მკაფიოდ იყოფა ავტოკრატიებად და დემოკრატიებად. შესაძლოა, საქმე ისიცაა, რომ არაბი მონარქები კრემლთან სიღრმით სულიერ-ფსიქოლოგიურ ნათესაობას უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე დასავლეთთან?

კრემლის ავტორიტარული რეჟიმის არსებობა, ყოველ შემთხვევაში არაბი მონარქების თვალით, მოჩანს, როგორც რაღაც მყარი და მათი სულისთვის ახლობელი.

ნიკოლაი კოჟანოვი: ამ თეორიას სავსებით ვეთანხმები. არაერთხელ გამიგია სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ჩინოვნიკებისგან, რომ აშშ-ის და რატომღაც განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან „ჭკუის სწავლება“ დემოკრატიის პრინციპებზე, ადამიანის თავისუფლებებსა და უფლებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ა.შ., მათ, რბილად რომ ვთქვათ, მობეზრდათ... ასეა თუ ისე, კრემლის ავტორიტარული რეჟიმის არსებობა, ყოველ შემთხვევაში არაბი მონარქების თვალით, მოჩანს, როგორც რაღაც მყარი და მათი სულისთვის ახლობელი.

რადიო თავისუფლება: მოდით, გადავიდეთ რეგიონის უმნიშვნელოვანეს მოთამაშეზე, ესაა ირანი. მანაც რატომ დაიკავა ორაზროვანი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ?

ნიკოლაი კოჟანოვი: როგორც ყოველთვის, ირანთან დაკავშირებით ყველაფერი რთულადაა. ერთი მხრივ, არის ახალი მთავრობა ებრაჰიმ რაისის ხელმძღვანელობით, რომელსაც მითითებული აქვს, მოსკოვთან ურთიერთობები მოაგვაროს და ისინი თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანოს. მეორე მხრივ, თეირანში არსებობს მნიშვნელოვანი ლობი, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი კრემლის მიმართ, მას ზოგი „პროდასავლურს“ უწოდებს. ჩემი აზრით კი, ეს არიან უბრალოდ პოლიტიკოსები, რომლებსაც ძალიან კარგად ახსოვთ ისტორიის გაკვეთილი და ის, რომ მარტო ХХ საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერია და შემდეგ სსრკ ორჯერ შეეცადა, საუკუნის დამდეგს და 40-იან წლებში, კითხვის ქვეშ დაეყენებინა თავად ირანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ ეს ახსოვთ და ბევრად უფრო მეტი სიმპათია აქვთ უკრაინის მიმართ.

ვლადიმირ პუტინი კრემლში მასპინძლობს ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის. 2022 წ. 19 იანვარი.
ვლადიმირ პუტინი კრემლში მასპინძლობს ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის. 2022 წ. 19 იანვარი.

რადიო თავისუფლება: ვფიქრობ, ირანს ახლა პირველ რიგში სჭირდება დასავლეთთან „ბირთვული გარიგების“ განახლება და მას ძალიან არ აძლევს ხელს ვლადიმირ პუტინის ცალსახად მხარდამჭერი განცხადებების კეთება, ვინაიდან ესმის, რა რეაქცია მოჰყვება ამას იმავე ვაშინგტონში.

ნიკოლაი კოჟანოვი: მეტიც - რუსეთმა ახლა ამ სფეროში საქმე გაუფუჭა ირანს! შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კრემლმა განაცხადა, რომ შეთანხმების განახლებას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება, თუკი მისცემენ „გარანტიებს“, რომ დასავლეთის ახალი სანქციები არაფრით შეეხება მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობებს. ამგვარად, თავისი დემარშით რუსეთმა, კაცმა რომ თქვას, ირანი დიდ ჩიხში მოაქცია... ეს გამომაფხიზლებელი შეხსენება იყო იმისა, რომ ირანის ბედი მოსკოვმა ყოველთვის შეიძლება გამოიყენოს დასავლეთთან ურთიერთობებში რაიმე საკუთარი მიზნების მისაღწევად, ისე, რომ სრულიად არ გაითვალისწინოს თავად ირანის აზრი... და ყოველივე ეს ირანელებმა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს და იმათი არგუმენტები, ვინც თეირანში პრომოსკოვური პოზიციის დაკავებას შეეცადა, ამით ძალზე დასუსტდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG