Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ლექტორი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც ავსტრალიაში გადასვლა მოასწრო 


გაიოზ ცუცუნაშვილი, უკვე წელიწად-ნახევარია, გერმანული გაცვლითი პროგრამით ჩინეთში, ქალაქ უჰანში, იმყოფება ოჯახთან ერთად და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ვირუსის გავრცელების შესახებ 31 დეკემბერს გაიგო სოციალური ქსელებიდან, 1 იანვარს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და დაიხურა ის ბაზარი, საიდანაც არსებობდა ეჭვი, რომ ვირუსი გავრცელდა. მას ახსოვდა, რომ წლების წინ კორონავირუსმა სამხრეთ ჩინეთში არაერთი ადამიანი შეიწირა და ახალი, სავარაუდოდ, ლეტალური ვირუსის გამოჩენისთანავე დაიწყო ფიქრი იმაზე, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა ქალაქი.

ჩინეთიდან ავსტრალიაში ერთი კვირის წინ გაემგზავრა - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩაკეტილი აეროპორტები, სარკინიგზო და მეტროს სადგურები. ახლა მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად სასტუმროში ცხოვრობს და უჭირს თქმა, როდის მოახერხებს კვლავ ჩინეთში დაბრუნებას. უკან დასაბრუნებელი ბილეთი 10 თებერვალს ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ ავიაკომპანიამ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ფრენების გაურკვეველი ვადით გაუქმების შესახებ.

გაიოზ ცუცუნაშვილის თქმით, ქალაქის ჩაკეტვის შემდეგ იქ პანიკაა: ხალხი ცდილობს მოიმარაგოს სურსათი, ხდება ინციდენტები მარკეტებში, სადაც ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი უკვე თვალსაჩინოა. ევროპული ქვეყნები, მაგალითად, გერმანია, ამ დროისთვის ეპიდემიის კერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა საელჩოები აგროვებენ მონაცემებს მათ შესახებ.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 21 იანვრის მონაცემებით, ახალი რესპირატორული და პოტენციურად ლეტალური კორონავირუსით 440 ადამიანია დაავადებული 13 პროვინციაში, დაღუპულია ცხრა და უკვე არის მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 21 იანვრის მდგომარეობით, ვირუსით დაავადებულია 300-მდე ადამიანი. გარდაიცვალა 6.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა აშშ-მა. ვაშინგტონის შტატის მცხოვრები, რომელიც 15 იანვარს დაბრუნდა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, სიეტლის საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმე ეხება 30-დან 40 წლამდე მამაკაცს, რომელმაც ექიმებს 19 იანვარს მიაკითხა, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.

ახალი ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი ცხოველიდან გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG