Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი პოლიტიკოსები - უკრაინის არჩევნების შედეგებზე


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას თბილისში გამოეხმაურნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ უკრაინის არჩევნები იყო „რევოლუცია საარჩევნო უბნებთან“ და მისი პროგნოზით იგივე მოხდება საქართველოში.

„ეს იყო არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული ოლიგარქისთვის ნათქვამი უარი, არამედ ეს იყო უარი ყველა იმ ოლიგარქისთვის, ვინც უკრაინაშია და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში გუშინ განვითარებული მოვლენები, ანუ ოლიგარქიის დამარცხება, მხოლოდ ძალას შემატებს ქართული ოპოზიციური ძალების ბრძოლას ქართული ოლიგარქიის წინააღმდეგ”, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

მელია დარწმუნებულია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა დაბრუნდეს უკრაინაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი კი ფიქრობს, რომ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევა მაჩვენებელია იმისა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამომრჩეველს მობეზრდა კორუფცია და უძრაობა.

„ჩვენ ვნახეთ რა მოხდა სომხეთში და რა მოხდა უკრაინაში. ეს, პირველ რიგში, არის პროტესტის ხმა. ვფიქრობ, რომ დიახ, საქართველოშიც შემდეგ არჩევნებზე სწორედ პროტესტის ეს ხმა იქნება ძალიან ხმამაღალი ისტებლიშმენტისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ და ის პოლიტიკურ შედეგს მოიტანს“.

სალომე სამადაშვილი: ეს იყო პროტესტის ხმა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:50 0:00

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის მოვლენებსა და საქართველოს შორის პარალელების გავლება უსაფუძვლოა.

„ეს არის ჩვენი ოპონენტების ოცნება, თუმცა მათ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება გაუწბილებს იმედებს იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით იქნება წარმოდგენილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ კი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხზე გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით უკრაინა თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საჭიროდ ჩათვლის, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, „მის [მიხეილ სააკაშილის] მიმართ არის განაჩენი დამდგარი და ჩვენმა შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმოქმედონ კანონის მიხედვით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით“, -თქვა სოფიო კილაძემ.

სოფიო კილაძე: უკრაინის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით
please wait

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

22 აპრილს, პარლამენტში ოპოზიცია იმაზეც საუბრობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციაზე აუცილებლად უნდა ჩავიდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის გიორგი კანდელაკის თქმით, 6 წლის განმავლობაში მთავრობის არც ერთი ხელმძღვანელი საქართველოდან არ ყოფილა უკრაინაში.

"ეს არის ის ბოიკოტი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიის გამოხატულებაა. ეს ბოიკოტი უნდა დასრულდეს", - განაცხადა მან.

გიორგი კანდელაკმა ხაზი გაუსვა უკრაინასთან ერთად საგარეო პოლიტიკის წარმოებას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

"როგორც ევროპული საქართველო მოითხოვს პარლამენტში შეტანილი რეზოლუციის პროექტით, საქართველო და უკრაინა პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა გამოდიოდნენ ერთად“, - ამბობს დეპუტატი.

ჯერ უცნობია წავა თუ არა მამუკა ბახტაძე ზელენსკის ინაუგურაციაზე, თუმცა ის პირველი იყო, ვინც თბილისიდან მიულოცა გამარჯვებულ კანდიდატს.

“საქართველო უკრაინის გვერდით დგას მის მშვიდობიანი და დემოკრატიულ არჩევანში“, - წერს მამუკა ბახტაძე ტვიტერზე.

ზელენსკის გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც:

„უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მოუთმენლად ველოდები ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG