Accessibility links

site logo site logo

ქართული მისიის დასასრული ავღანეთში


ქართველი ჯარისკაცების სამხედრო სწავლება კრწანისის ერთობლივ ცენტრში. 2017 წელი

უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბრისთვის ავღანეთში მყოფი 860-კაციანი ქართული ქვედანაყოფი ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად დატოვებს ავღანეთს და ამით დასრულდება საქართველოში შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია, რომელიც 17 წელი გრძელდებოდა და სადაც, როტაციის წესით, სულ მცირე 22 ათას ქართველ ჯარისკაცს მოუხდა სხვადასხვა სახის სამხედრო ამოცანის შესრულება.

2014-15 წლებში იყო შემთხვევა, რომ ავღანეთში ნატოს დროშების ქვეშ ერთბაშად საქართველოს 1650 ჯარისკაცი იმყოფებოდა, ანუ ლამის ერთი სრულყოფილი ბრიგადა. მაგრამ ეს არ ყოფილა ყოფნა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის მოსაწონებლად ან მოკავშირეთაგან მორიგი ფინანსური დახმარების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცების თავდადებული საქმიანობა მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ ამ მხრივაც აძლევდა დიდ სარგებელს მათ სამშობლოს.

პატარა საქართველომ ავღანეთში მიმდინარე ორივე - ISAF-ისა (უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების) და RSM-ის (მტკიცე მხარდაჭერის) - მისიაში 32 ჯარისკაცი დაკარგა, ასზე მეტი კი დაიჭრა.

ქაბულთან ახლოს, ნატოს მთავარი - ბაგრამის საავიაციო - ბაზის ტერიტორიაზე მდებარე დაღუპული ჯარისკაცების ხეივანში აღმართულია 2015 წლის სექტემბერში დაღუპული რიგითი ყულჯანიშვილის, მეტსახელად „სმაილას“, მემორიალური დაფა. „მან გაწირა თავი, რათა სხვა გადაერჩინა“, - აწერია ინგლისურად პატარა მარმარილოს დაფას. ქართველი ჯარისკაცი იმ დროს მოკლა ექსტრემისტის ნასროლმა ტყვიამ, როდესაც თავისი დაჭრილი თანამებრძოლის, სერჟანტ როსტბაიას, გადარჩენას ცდილობდა. და ასეთი მაგალითები მრავლად შემოინახა ავღანეთის მისიამ.

ქართველი ჯარისკაცების თავდადებას და გამოცდილებას მაღალ შეფასებას აძლევენ კოალიციური დაჯგუფების ბაგრამისა და მაზარი შარიფის მიმართულების ამერიკელი და გერმანელი სარდლობა, რომელიც არაიშვიათად სწორედ ქართველ ჯარისკაცებს ანდობდა ყველაზე სახიფათო დავალების შესრულებას და ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტორების დაცვას.

„ჩვენ ოთხვარსკვლავიანი შტაბი ვართ. აქ გვსტუმრობს, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ბევრი VVIP, ანუ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი. ქართველმა სამხედროებმა საუკეთესოდ გამოაჩინეს თავი ავღანეთის სხვადასხვა ნაწილში. ისინი მსახურობდნენ ჰელმანდში და ავღანეთის სხვა ცხელ წერტილში და ამიტომ შემთხვევით არ არის, რომ გვინდა ჩვენს უსაფრთხოებას იცავდეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, მამაცი და ღირსეული ჯარი“, - უთხრა რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს ავღანეთში მივლინების დროს ამერიკელმა პოლკოვნიკმა ალექს ფინკემ, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მთავარი შტაბის მაშინდელმა უფროსმა.

საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ გაღებული შთამბეჭდავი წვლილი მაღალ შეფასებას იმსახურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობაში და, რაც ყველზე მთავარია, მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ფუნქციამ აამაღლა ქართული ჯარის პრესტიჟი, სამხედრო სამსახურს დაედო უფრო მეტი ფასი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ჯარისკაცებს სახიფათო წერტილში მივლინების დროს სამშობლოში ენახებოდათ კუთვნილი ე.წ. ქართული ხელფასი და ეძლეოდათ საერთაშორისო დანამატი, საკმაოდ სოლიდური თანხა, რისთვისაც არაერთი მებრძოლი მზად იყო მეორედ და მესამედაც კი წასულიყო მსოფლიოს ყველაზე უფრო ცხელ წერტილში.

„მე სამჯერ ვარ ნამყოფი ავღანეთში და არ დავმალავ, რომ მეოთხედაც წავიდოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ იქ უფრო ვიყავი პატივში და, კიდევ, იქ მქონდა თითქმის სამჯერ მეტი ანაზღაურება, ვიდრე სამშობლოში“, - გვითხრა ანონიმურობის დაცვით ქართველმა სერჟანტმა, რომელიც ახლა ერთ-ერთ კერძო დაცვის ფირმაში მსახურობს.

შესაბამისად, ახლა, როცა ავღანეთში საერთაშორისო მისიის დასრულებამდე და 860 ქართველი ჯარისკაცის სამშობლოში დაბრუნებამდე სულ ორიოდე თვეღა რჩება, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, რომ ყველა ჯარისკაცისათვის ასეთი მიმზიდველი საერთაშორისო ფუნქციის დასრულებით ხომ არ დაეკარგება ფასი შეიარაღებულ ძალებში სამსახურს? ასეთ საშიშროებას ვერ ხედავს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით სიხარულიძე.

„საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მაინც მეორადი ამოცანაა. პირველადი ამოცანაა ტერიტორიული თავდაცვა, ანუ ჩვენი სამშობლოს თავდაცვის უზრუნველყოფა. ამიტომ მნიშვნელოვანი პატრიოტული მოტივაცია ყოველთვის რჩება და სამშობლოს დაცვა არის ძალიან სერიოზული მოტივი იმისთვის, რომ ახალგაზრდები წავიდნენ შეიარაღებულ ძალებში“, - ამბობს დავით სიხარულიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს დღევანდელი თავდაცვის ბიუჯეტი ვერ პასუხობს მოთხოვნებს და საჭიროა მისი სულ მცირე 200-300 მილიონი ლარით გაზრდა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ლარის კატასტროფული დევალვაციის გათვალისწინებით.

ქართველი ჯარისკაცების გაცილება ავღანეთში, ვაზიანის ბაზა. 2015 წელი
ქართველი ჯარისკაცების გაცილება ავღანეთში, ვაზიანის ბაზა. 2015 წელი

და არის კიდევ ერთი შეკითხვა: როგორ აისახება ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიის დასრულება ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, რაშიც ჯერ კოსოვოში, შემდეგ ერაყში და, სულ ბოლოს, ავღანეთის უსაფრთხოებაში გაღებულ წვლილს ლომის წილი აქვს და, როგორც ამბობენ, პროდასავლურობისა და დაწინაურებული პარტნიორობის მძლავრ საიდენტიფიკაციო კოდს წარმოადგენდა საქართველოსთვის?

„მე ვფიქრობ, რომ ამ მისიაში მონაწილეობით საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაამტკიცა, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად ეკიდება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ გლობალური უსაფრთხოების საქმეს. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ვინმეს შეკითხვა გაუჩნდეს იმის შესახებ, არის თუ არა საქართველო სანდო პარტნიორი. მართალია, ეს საერთაშორისო მისია სრულდება, მაგრამ რჩება საქართველოს მზაობა, რომ კვლავ შეიტანოს თავისი წვლილი ალიანსის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებში, რაც ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ“, - უთხრა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დავით სიხარულიძემ, რადიო თავისუფლებას.

და არის კიდევ ერთი კითხვა, რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ქართველი ჯარისკაცებისთვისაა, რომლებსაც წილად ხვდათ, წინა როტაციებისგან განსხვავებით, ბოლოებმა დატოვონ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორია.

შეკითხვა კი, რომელზეც საქართველოს არც სამხედრო და არც პოლიტიკურ ხელისუფლებას პასუხი ჯერჯერობით არ აქვს, შემდეგში მდგომარეობს: სექტემბრისთვის ავღანეთიდან გამოსვლას ექნება საზეიმო და საჯარო სახე, თუ ესეც ისე ჩუმად და უხმაუროდ ჩაივლის, როგორც ქართველი ჯარისკაცებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და სახიფათო ერაყისა და კოსოვოს სამშვიდობო საერთაშორისო მისიების დასრულების შემთხვევაში მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG