Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი და სიტყვა ოლიგარქი ერთად რომ აღარ ახსენონ - კვლავ ელჩ(ებ)ის წინააღმდეგ


ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება თავისუფლების მოედანზე მთავრობის ორგანიზებით აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ელჩები. 2023 წლის 15 დეკემბერი.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება თავისუფლების მოედანზე მთავრობის ორგანიზებით აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ელჩები. 2023 წლის 15 დეკემბერი.

საქართველოში დანიის ელჩს მმართველი პარტია არაკომპეტენტურს, მის განცხადებას კი, სადაც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, სიბინძურეს უწოდებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ოლიგარქია. არც ივანიშვილის პარტია და „ოცნების“ მოკავშირეები უპირისპირდებიან პარტნიორი ქვეყნების ელჩებს პირველად.

დანიელი დიპლომატის გარდა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინიტროშიც დაიბარეს, გასულ კვირას კრიტიკის სამიზნე მთელი დიპლომატიური კორპუსი გახდა. როგორც „ოცნებაში“, ასევე საპატრიარქოში გაკეთდა განცხადებები - რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ვანდალიზმის ფაქტებზე ხუჭავენ თვალს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ჯაღმაიძემ საელჩოები მართლმადიდებელი ეკლესიის მორიგ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

რატომ იძაბება ხოლმე, საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან დაახლოებული ძალების ურთიერთობა პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან? ვარკვევთ ამ სტატიაში.

"ოლიგარქი" - რას ედავებიან დანიის ელჩს?

„15 დეკემბერს ვიდექი სცენაზე ათასობით ქართველის წინაშე, სხვა იმ 16 ქვეყნის ელჩთან ერთად, რომლებსაც დანიის მსგავსად - საელჩოები აქვთ საქართველოში“, - გამოცემა Jyllands-posten-ში გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში დანიის ელჩი იხსენებს დღეს, როცა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმოდ აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

ანნე ტოფტ სორენსენი შენიშნავს, რომ სწორედ თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუცია და მასშტაბური ევროპული რეფორმები, 2003 წელს“.

ელჩი იხსენებს 2008 წლის 5-დღიან ომს რუსეთთან და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კვლავაც გრძელდება. აქვე ლაპარაკია საქართველოს „მეგობრულ პოლიტიკაზე რუსეთთან“, რასაც, როგორც ელჩი განმარტავს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირისა და უკრაინის ბრალდებები მოჰყვა.

მოსკოვთან განახლებული პირდაპირი რეისების გარდა, სტატიის ამ მონაკვეთში ნახსენებია ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებული მარტის ხმაურიანი პროცესებიც. „ანალოგიური კანონი რუსეთში გამოიყენებოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ ტექსტში.

„რეფორმების პროგრესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო დუნე; რადგან პოლიტიკური კრიზისი ბევრი წლის განმავლობაში იწვევდა ღრმა განხეთქილებასა და უნდობლობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 2012 წლიდან ხელისუფლების სათავეშია მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაფუძნებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, 1990-იან წლებში“, - წერს დანიის ელჩი და აგრძელებს, რომ ოპოზიცია სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით „მუდმივად ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის შევიწროებასა და ოპოზიციის წევრების დევნაში სდებს ბრალს“.

„ქართული ოცნება“ ამ სტატიიდან ყველაზე მეტად - „ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“ - ამ სიტყვათაშეთანხმებამ აღაშფოთა.

"ოცნების" რეაქციების ტალღა

ელჩის სტატია დანიურ გამოცემაში 10 იანვარს გამოქვეყნდა. 11 იანვარს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ელჩის კრიტიკა დაიწყეს. საგარეო საქმეთა უწყებამ ის სამინისტროში დაიბარა.

გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ელჩის განცხადებას „ჩვეულებრივი სიბინძურე" უწოდა.

„ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - ივანიშვილის გამოკვეთილ ღვაწლად კალაძემ „საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება“ დაასახელა.

„უპასუხისმგებლო და თავხედური“ დეზინფორმაცია - ეს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას შეფასებაა. დიპლომატისგან მან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

„მგონი, ავიწყდება ქალბატონ ელჩს უფლებამოსილებები და ვალდებულებები... თქვენს ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი, - თქვა ზარქუამ 11 იანვარს.

დანიის ელჩზე შეტევა 12 იანვარსაც გაგრძელდა.

„საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ამ სუვერენულ სახელმწიფოშია ელჩი და არა არასამთავრობო ორგანიზაციაში“, - თქვა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის აზრითაც, ელჩმა მედიასთან დამატებით კომენტარებზე უარის თქმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ - მიხვდა ან მიახვედრეს“, რომ „მისი ეს ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი“.

ირაკლი ქადაგიშვილი ივანიშვილს „პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას” უწოდებს და თვლის, რომ ოლიგარქად მისი მოხსენიებისთვის „ვალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ამ ელჩს მიუთითოს, მისი ფუნქციები რით იწყება და რით მთავრდება საერთაშორისო კანონმდებლობით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დანიელ დიპლომატს კომპეტენცია დაუწუნა.

„დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა იწვევს ხოლმე, საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში... დანიის საელჩომ თქვა, რომ მისი ოპ-ედი [სტატია] არ იქნა გაგებული სწორად; შესაბამისად, ელჩმა ვერ შეძლო, სავარაუდოდ, საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არც პირველად და არც უკანასკნელად

მართალია, მედიასთან დამატებითი კომენტარები აღარ კეთდება, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დანიის ელჩმა პოზიცია შეიცვალა და ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად აღარ მიიჩნევს.

სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] - ელჩის, ანნე ტოფტ სორენსენის საიტზე კვლავ იძებნება ხმაურის გამომწვევი სტატია, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და ამ პოზიციის უარმყოფელ განცხადებას არც თავად საელჩო და არც მისი ზემდგომი უწყება - დანიის სამეფოს საგარეო უწყება აქვეყნებს.

დანიის საელჩოს მიერ 11 იანვარს გავრცელებულ კომენტარში პოზიციის ცვლილების შესახებ არაფერია ნათქვამი. ტექსტში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ - „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი... ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება და „საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს“.

„სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის, ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი“, - აღნიშნულია დანიის საელჩოს მიერ 11 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ Jyllands-posten-ი დანიაში „რიგითი გამოცემა არ არის“ და ავტორიტეტიან, წამყვან გამოცემად მიიჩნევა. სტატიის შინაარსი კი, მისთვის კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ „საერთაშორისო საზოგადოებაში ორი აზრი არ არის - თუ ვინ არის საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი“.

დანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება გიგი გიგიაძისთვის უცხო ქვეყნის დიპლომატზე წნეხისა და სხვების გაფრთხილების მაგალითია.

„ეს ყველაფერი თავისუფლად აზრის გამოხატვის შეზღუდვისკენ არის მიმართული... ამით ისინი [საქართველოს ხელისუფლება] ავრცელებენ ძალიან მკაფიო გზავნილს დიპლომატიური კორპუსის დანარჩენი წარმომადგენლებისთვის საქართველოში - ფაქტიურად ემუქრებიან მათაც იგივე სახის გაკიცხვით, საგარეო უწყებაში დაბარებით, ბოდიშის მოხდის მოთხოვნით და ასე შემდეგ. ეს სადამსჯელო აქცია მათ გათვალეს იმაზე, რომ სხვა დიპლომატებიც გაფრთხილდნენ მომავალში და ასეთი რამ აღარ თქვან...“, - გვეუბნება გიგი გიგიაძე, რომლის შეფასებით - ბიძინა ივანიშვილზე გამოთქმული აზრისთვის უცხო ქვეყნის დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარება „ცხადყოფს, რომ საქართველო რეალურად მიტაცებული სახელმწიფოა“ და „ემსახურება ერთ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს]“. ეს აქცენტი გიგი გიგიაძემ X-ზე გამოქვეყნებულ თავის განცხადებაშიც დასვა.

გიგიაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე სამწუხარო და სავალალოა ამ პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო რეაქციას მოელის - „რადგან დანია არ არის ქვეყანა, რომელიც შეჩვეულია თავის დიპლომატების მიმართ ასეთ მოპყრობას“.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ლევან ყურაშვილი რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს „ქართული ოცნების“ მიერ დასახულ მიზანზე, „რომ ბიძინა ივანიშვილი და სიტყვა ოლიგარქი ერთად არ მოიხსენიებოდეს“, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დანიის ელჩი არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც „ქართული ოცნების“ აწ უკვე - საპატიო თავმჯდომარეს ოლიგარქად მოიხსენიებს.

„ელჩი ყოველთვის ახმოვანებს იმ ქვეყნის პოზიციას, რომელსაც წარმოადგენს. ეს განცხადება სუფრაზე ხომ არ გაკეთებულა და არც სადღეგრძელოში უთქვამს ელჩს - ეს იყო სტატია, სადაც მან მიზანმიმართულად - ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] დაუძახა ოლიგარქი... ეს არის ზოგადად ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია, დასავლური ქვეყნების პოზიცია, რომ საქართველოში არის ოლიგარქი და მისი სახელია - ბიძინა ივანიშვილი... ჩვენ ხომ ეს პირველად არ გაგვიგია საერთაშორისო დონეზე“, - გვეუბნება ყურაშვილი, რომლის აზრითაც - ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება საერთაშორისო დონეზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამკვიდრებულ ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილია და „დეოლიგარქიზაცია“ „დებიძინიზაციის“ სინონიმია. ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაში.
სისტემური დეოლიგარქიზაცია რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგ ეტაპზე [გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე] გადასვლის ერთ-ერთ პირობად.

ბრაზი სხვა ელჩებზეც

დანიის ელჩის მიმართ განაწყენება სხვა ელჩებზეც განზოგადდა. არც ერთი ელჩისგან არც ერთ ვანდალურ ქცევაზე, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, არც ერთი შეფასება არ მოგვისმენია, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა - დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ელჩების დუმილს, 11 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც გაუსვა ხაზი, როცა კვლავ მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულების შემცველი ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე ლაპარაკობდა და კანონის გამკაცრების აუცილებლობასაც უსვამდა ხაზს.

დეკანოზმა ჯაღმაიძემ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები მართლმადიდებელი ეკლესიის მორიგ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

„დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის“, - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

მას არ უხსენებია საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მიმართ დასავლური ქვეყნების მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება.

იმის გამო, რომ საპატრიარქომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ფრაგმენტის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო და კანონიკური ხარვეზებიც აღიარა, მას ძალიან მწვავედ დაუპირისპირდნენ ძველი მოკავშირეები - პრორუსული, რადიკალური ძალებიდან.

პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკევიჩი იხსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან არაოფიციალური კომუნიკაციის ეპიზოდს, როცა ის იძულებული გახდა მოსაუბრისთვის უხეში პასუხი გაეცა და თავიდან მოეშორებინა.

Sova-ს გადაცემაში პოლონელი დიპლომატი ლაპარაკობს 2022 წელს მომხდარ ამბავზე, როდესაც ის „რონდელის ფონდში“ გამოსვლისას გორში მოქმედი სტალინის მუზეუმის დახურვის მოწოდებით გამოვიდა; შემდეგ კი საგარეო უწყებიდან დაუკავშირდნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა, რომ ადგილი მოეჩინა ჩემთვის, მაგრამ მე ვუთხარი ძალიან უხეში სიტყვა... [ვუთხარი] რომ არ არსებობს ახსნა და ამ თემაზე უბრალოდ არ ვილაპარაკებ“, - ელჩი მაშკევიჩი ასევე ამბობს, რომ საგარეო უწყებაში არ დაუბარებიათ, მაგრამ იყო „არაოფიციალური შენიშვნები“, მას კი, როგორც პოლონელს - „კატინის ტრაგედიის“ გამო, ამ საკითხზე [სტალინის დანაშაულზე] სხვა აზრი ვერც ექნება.

  • დასავლეთის ქვეყნების საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა თავდაპირველად პრორუსულმა რადიკალურმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ დაიწყო, რომლის წარმომადგენლებმა და მოკავშირეებმა არაერთხელ დაწვეს ევროკავშირის დროშა - მათ შორის ორჯერ - პარლამენტის წინ. „ალტ-ინფო“ მუდმივად აცხადებს, რომ - დასავლეთის ელჩებმა ხმა არ უნდა ამოიღონ საქართველოს შიდა საქმეებზე, უნდა გაჩუმდნენ და თავისი ადგილი უნდა იცოდნენ.
  • ელჩებზე შეტევის პროცესში აქტიურად ჩაერთო „ქართული ოცნების“ განაყოფი - „ხალხის ძალა“, მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო აშშ-ის აწ უკვე ყოფილი ელჩი - კელი დეგნანი.
  • „ოცნება“ ელჩებს ხან ბრალდებების შემცველი შეკითხვებითა და კონფრონტაციული მინიშნებებით, ხანაც პირდაპირი ტექსტით უპირისპირდებოდა. სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი [ევროკავშირის ყოფილი ელჩი] მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, - თქვა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ელჩს პოსტზე მუშაობის ვადა ამოეწურებოდა.
  • ბრალდებების ტალღა იმდენად მძაფრი იყო, რომ ელჩების დაცვა, 2022 წელს, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდანაც მოუწიათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG