Accessibility links

logo-print logo-print

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს თებერვლამდე არ გაუუქმებს


„ქართული ოცნება“ დროს თებერვლამდე აძლევს ოპოზიციური პარტიების 51 დეპუტატს, რომლებმაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადებები 14-16 და 17 დეკემბერს დაწერეს. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ვადები მათ შემთხვევაში არ ამოწურულა. რა წესით გამოითვლება კანონით დაწესებული მაქსიმალური 15-დღიანი ვადა ისე, რომ 14 დეკემბრიდან დღემდე არ ამოიწურა?

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს სულ პირველმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მიმართა და შესაბამისი განცხადება საკანონმდებლო ორგანოში 14 დეკემბერს შეიტანა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ შემთხვევაში ჯერ მხოლოდ 13 სამუშაო დღეა გასული.

„ლეიბორისტული პარტიისთვის“ 11 იანვარი გამოვა მე-14 დღე, რადგან 11 იანვარს სხდომაა დანიშნული და სამუშაო დღედ ჩაითვლება. 11 იანვრის შემდეგ, ვადის ამოწურვამდე, 1 დღე კიდევ თადარიგში დარჩება („ლეიბორისტული პარტიის“ შემთხვევაში).

პარლამენტს აქვს დღეების ათვლის საკუთარი წესი... ახლა ხომ სახელმწიფო უქმეებია გამოცხადებული 3-დან 15 იანვრამდე და პარლამენტისთვის სამუშაოდ ითვლება მხოლოდ სხდომის გამართვის დღეები. პარლამენტის მომდევნო სხდომა 11 იანვარს გაიმართება, რათა ამნისტიის შესახებ კანონი მივიღოთ... მანამდე კი, ეს დღეები პარლამენტისთვისაც უქმე დღეებად ითვლება.

ეს არც მე ვიცოდი და ახლა ვისწავლე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ქადაგიშვილმა.

  • 3-15 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების ფარგლებში;
  • პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად 18 დეკემბერს დაიხურა;
  • 21 დეკემბრს კი, პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე.

ირაკლი ქადაგიშვილის მიერ აღწერილი საპარლამენტო არითმეტიკის მიხედვით, იანვარში სამუშაო დღეებად პარლამენტს მხოლოდ 4 და 5 იანვარი ჩაეთვალა, როდესაც უშუალოდ რიგგარეშე სხდომები გაიმართა.

რა მოხდება ამის შემდეგ? - ვკითხეთ ჩვენ საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს? როდემდე შეიძლება შეენახოს „ლეიბორისტების“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ის ერთი დღე, რომელიც მას 11 იანვრის შემდეგ პარლამენტის მანდატის გაუქმებამდე დარჩება?

ირაკლი ქადაგიშვილმა გვიპასუხა, რომ „11 იანვარს რიგგარეშე სხდომები შეწყდება და პარლამენტი მუშაობას განაახლებს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, თებერვლის პირველ სამშაბათს“.

ნიშნავს თუ არა ლოგიკურად ეს იმას, რომ ოპოზიციონერებს სადეპუტატო უფლებამოსილება თებერვლამდე არ გაუუქმდებათ?

ირაკლი ქადაგიშვილის პასუხი ასეთია:

„კანონს არ ვარღვევთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას დავუტოვოთ ერთგვარი მანევრის ველი. კომიტეტი ყველა გადაწვეტილებას მიიღებს კანონით დადგენილ ვადებში, მაგრამ ვცდილობთ მაქსიმალურად ისე გავაკეთოთ, რომ ველი პოლიტიკური დიალოგისთვის არ შევზღუდოთ.

რა თქმა უნდა, ამას ვუკავშირებთ (მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს) და ვტოვებთ სივრცეს დიალოგისთვის“.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად:

  • უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ, დეპუტატს ეძლევა 7 დღე. ამ ვადაში შეუძლია გადაიფიქროს და - „გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება“;
  • პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას“;
  • დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიცურ პარტიებში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისუფლად შეეძლო მათი მანდატების გაუქმების საკითხიც ისევე გადაეწყვიტა, როგორც ეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების შემთხვევაში 4 იანვარს მოხდა. თუმცა, მათი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ საკითხი იმიტომ დაჩქარდა, რომ მარტო დარჩენილ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი მაინც ჰყოლოდა.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ დროის გაჭიანურებით „ქართული ოცნება“ შესაძლოა ცდილობდეს პარლამენტში სხვა სავარაუდო შემსვლელთა მოძიებასაც. თუმცა, მათი თქმით, პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის შეყვანით ერთპარტიულობის პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში მოხვედრილმა ოთხმა დეპუტატმა საკუთარი პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ 9 იანვარს გამართულ, ყრილობაზე დააფუძნა. ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პარტიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ისინი, ოპოზიციის საყოველთაო ბოიკოტის ფონზე, შევიდნენ პარლამენტში. ამიერიდან საქართველოს მე-10 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში „ქართული ოცნების“ 90 და „ევროპელი სოციალისტების“ 4 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევა პრიორიტეტულად იმიტომ ჩაითვალა, რომ ეს „პოლიტიკურად მომგებიან“ ვითარებას ქმნიდა.

ეს პოლიტიკურად მომგებიანი იყო იმ გაგებით, რომ პარლამენტში შემოსვლაზე (ადგილმონაცვლეობის პრინციპით) თანხმობას აცხადებდა სამი პირი და, გარდა ამისა, ერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ რჩებოდა პარლამენტში... შედეგად, 4 დეპუტატი ოპოზიციის მხრიდან გაჩნდებოდა პარლამენტში“, - გვითხრა ქადაგიშვილმა.

ჩვენთან ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ გეგმავს, მაგრამ აქვს იმედი, რომ „ოპოზიცია ამ რაღაცნაირ ჯიუტად ნათქვამ სიტყვას გააანალიზებს და მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარი წარიმართება საარჩევნო რეფორმაზე - როგორ გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო სისტემა თუ საარჩევნო ადმინისტრაცია“.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ხელისუფლებასთან საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარ საკითხად მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევს.

თუკი განცხადებებით ვიმსჯელებთ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მკაფიო წითელ ხაზს არ წარმოადგენს, მაგალითად, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებისა“ და იაგო ხვიჩიას „გირჩისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG