Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად ვართ არჩევნების შემდეგ - კითხვები და პასუხები


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაურკვეველი დროით შეჩერდა. მხარეებს ჯერ ისევ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციის რიგებშიც. პარალელურად, მუშაობას განაგრძობს ერთპარტიული პარლამენტი.

  • რა ეტაპზეა პოლიტიკური პროცესი ამჟამად?
  • ვის რა სურს?
  • რა (სად) არის გამოსავალი?

რადიო თავისუფლება შეეცადა, მარტივად უპასუხოს არჩევნებიდან 48 დღისა და „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების 4 წარუმატებელი რაუნდის შემდეგ გაჩენილ რამდენიმე კითხვას.

რატომ შეჩერდა მოლაპარაკებები?

ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო. შეხვედრა ოპოზიციის მოთხოვნით გადაიდო და მას შემდეგ აღარ დანიშნულა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ. ამ ბრიფინგზე კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ ინიციატივები ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ეს ყველაფერი ოპოზიციამ ხელისუფლების მუქარად და მოლაპარაკებების შეწყვეტის მცდელობად აღიქვა.

„ქართულ ოცნებას“ არც მას შემდეგ დაუხევია უკან. 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ გამოაცხადა, რომ ინიციატივები უკვე საკანონმდებლო პაკეტში აისახა და მას პარლამენტი დაახლოებით 10 დღეში დაამტკიცებს.

გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები?

ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. 17 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ივარაუდა, რომ მე-5 რაუნდი „უახლოეს დღეებში“ გაიმართება და შეთანხმებაც შედგება, თუკი „ოპოზიციის მხრიდან არის მზაობა ამისათვის“.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მე-5 რაუნდის გამართვა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან პროცესს აგრესიული განცხადებებით სწორედ ხელისუფლება აფერხებს. „მათ მიერ არჩეული გზიდან ამ ეტაპზე ჩანს, რომ ისინი მოლაპარაკებების ჩაშლას ფიქრობენ. შესაბამისად, თავად მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ასეთ ნაბიჯზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, 18 დეკემბერს.

მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოხატავს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია.

17 დეკემბერს, ხელისუფლების მიერ ხმაურიანი საკანონმდებლო პაკეტის დაანონსების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თქვა - „შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში“.

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ბოლო დღეებში ცალ-ცალკე შეხვდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს. ისინი აცხადებენ, რომ მხარეთა მზაობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

რაზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები?

შესაძლო შეთანხმების შინაარსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად წარმოუდგენიათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას.

მოლაპარაკებების ფარგლებში ოპოზიციურ პარტიებს „ქართული ოცნებისთვის“ წარდგენილი აქვთ 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას (შესაძლოა, წინასწარი პლებისციტის მექანიზმით), პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო წესების დახვეწასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უმთავრესი მოთხოვნაა.

ხელისუფლება ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ საარჩევნო რეფორმის განხორციელებისთვის არის მზად. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უარი მრავალჯერ განაცხადეს.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შანსს „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხედავს - თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა, ჩაერთვება საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თავიდან დაითვლება ბიულეტენები და დამტკიცდება ცდომილება მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

მოლაპარაკებებში ჩართული ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ალექსანდრე ელისაშვილის „მოქალაქეებმა“ გამოხატა ღია მზაობა, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმის გატარების სანაცვლოდ შევიდეს. მწვავე კრიტიკის ფონზე კი, ელისაშვილმა რამდენიმეჯერ ისიც თქვა, რომ თუკი სხვები უარს იტყვიან, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ „მოქალაქეების“ ორი დეპუტატი არ შევა.

ბოლო დღეებში საქართველოში დაიწყო ლაპარაკი ევროპელი პარლამენტარების ინიციატივაზე - ე.წ. სერბეთის მოდელის საქართველოში გადმოტანისა და რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს ჩატარების შესახებ.

რა არის „სერბეთის მოდელი“ და რამდენად რეალისტურია?

2020 წლის ზაფხულში სერბეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. გაიმართა არაერთი ხმაურიანი საპროტესტო აქცია. შემოდგომაზე კი, სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) ლიდერმა, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წლის აპრილში ჩატარდება.

„სერბეთის მოდელის“ საქართველოში გამეორების შესახებ ინიციატივა ევროპარლამენტარებს ეკუთვნით და მათ შორის არის - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი.

საქართველოში ოპოზიციას ამ საკითხზე საერთო შეთანხმებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ გარკვეული ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს კომპრომისზე წასვლას და რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს ჩატარებას. ამ ვარიანტის მიმართ მხარდაჭერა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

ხელისუფლება ამ დრომდე ასეთ შესაძლებლობას უარყოფდა. რამდენიმე დღის წინ, მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა - „თუ ამ არჩევნების შედეგებს ვაღიარებთ დღეს, რა საბაბი შეიძლება გაჩნდეს ვადამდელი არჩევნების 2022 წელს ჩასატარებლად?!“

ვინ თქვა უარი დეპუტატობაზე?

14, 16 და 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. საქართველოს მე-10 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში 60 ოპოზიციონერი დეპუტატია.

განცხადებები დაწერეს: „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის, „ევროპული საქართველოს“, ლეიბორისტული პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკისა და „ლელოს“ ყველა დეპუტატმა. პარლამენტს მიმართა ასევე „გირჩის“ ლიდერმა - ზურაბ ჯაფარიძემ.

განცხადებები არ დაუწერიათ და არც პარტიული სიები გაუუქმებიათ: „მოქალაქეებს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „გირჩის“ იმ ნაწილს, რომელსაც ჯაფარიძე გამოეყო. ამ ეტაპის ინფორმაციით, „მოქალაქეების“ ორი და „გირჩის“ სამი დეპუტატი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდებიან.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ კი 18 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მანდატებზე უარს იტყვის პარტიის ოთხივე დეპუტატი და ეს რამდენიმე დღის ფარგლებში მოხდება.

რას ცვლის დეპუტატობაზე უარის თქმა?

17 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეპუტატებს, ვინც უკვე მიმართა პარლამენტს, უფლებამოსილება 10 დღეში შეუწყდებათ.

პარლამენტის რეგლამენტი ამისათვის 15-დღიან მაქსიმალურ ვადას თვალისწინებს.

ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის შემდეგ.

ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარის თქმას არც მანდატების გაუქმების შემდეგ აპირებენ.

ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს თქვა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების მისაღწევადაც 10 დღე რჩება და ეს მანდატების გაუქმებამდე უნდა მოხდეს - „მანამდე ჯერ კიდევ არის სივრცე იმისათვის, რომ შედგეს გარკვეული დიალოგი".

რა არის შეთანხმების ალტერნატივა?

შეთანხმების მიღწევას ოპოზიცია უალტერნატივო აუცილებლობად მიიჩნევს, თუმცა პროცესს დიდ იმედებს უკვე აღარ უკავშირებს.

ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ იარსებებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი იქნება. ასეთი პროგნოზი აქვს „პატრიოტთა ალიანსსაც“.

ხელისუფლება ოპოზიციის „რადიკალურ ნაწილს“ რევოლუციური სცენარით მოქმედებაში უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს.

ამ ჭრილში, 18 დეკემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არგუმენტებად იშველიებდნენ ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ - თუკი ხელისუფლებასთან დიალოგის გზით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, ხალხის მღელვარება გარდაუვალი იქნება. ლაპარაკი იყო „მშვიდობიანი რევოლუციის“ ალბათობაზეც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG