Accessibility links

„ქართული“ პარტია ისრაელის არჩევნებში


ციონ ალონი

ისრაელში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც ქართველმა ებრაელებმა შექმნეს. პარტიას ამბიციური ამოცანა აქვს: მემარჯვენე, ლიბერალური მიდგომების მქონე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ პარლამენტში მოსახვედრად ხმების სულ მცირე 3.25 % უნდა მოაგროვოს.

მე, პარტიის ლიდერი, საქართველოდან, თბილისიდან ვარ. სიაში მესამეა მარინა ხახვიაშვილი, აფხაზეთიდან.
ციონ ალონი

ხედვა, მიზანი, ოცნება - ასე შეიძლება ითარგმნოს ისრაელში დაფუძნებული ახალი პარტიის სახელწოდება „ა-ხაზონი“. მისი დამფუძნებელი და ლიდერი ციონ ალონია, თბილისში დაბადებული და 1993 წელს საქართველოდან ემიგრირებული ებრაელი. “ჩემი გულის ნაწილი ისევ საქართველოს ეკუთვნის”, - ამბობს პოლიტიკოსი, რომლის მშობლები ახლაც თბილისში ცხოვრობენ.

ციონ ალონი 2009 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსულენოვან საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი ისრაელის შრომისა და ინტეგრაციის სამინისტროებში მუშაობდა, თანამშრომლობდა სხვა პარტიებთან, თუმცა საკუთარი პოლიტიკური პარტია მან ახლახან, გასული წლის დეკემბერში, დააფუძნა. „ა-ხაზონის“ პარტიული სიის ათეულში ხუთი ქართველი ებრაელია.

მე, პარტიის ლიდერი, საქართველოდან, თბილისიდან ვარ. სიაში მესამეა მარინა ხახვიაშვილი, აფხაზეთიდან. პარტიაშია ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლია კრიხელი. იურისტი ავი ხენი გვყავს, რომელიც საქართველოში დაიბადა. თუ არ ვცდები, ორი წლის იყო, როცა ისრაელში ჩამოიყვანეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად. ასევე, სიაში გვყავს ეკონომისტი ავიგდორ იარდენი. ჩემ მიერ ჩამოთვლილი ხუთივე ადამიანი ქართველი ებრაელია, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ისრაელში აღმოჩნდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალონი.

ციონ ალონი
ციონ ალონი

საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 2 მარტს გაიმართება. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009 წლიდან იკავებს, ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს, რისთვისაც მას სხვა პარტიების მხარდაჭერა სჭირდება. საკმაოდ მძიმე „წონა“ აქვთ ისრაელში რუსულენოვან ამომრჩევლებს. ციონ ალონი ამბობს, რომ სწორედ მათი - და არამხოლოდ მათი - ან ქართველი ებრაელების იმედი აქვს: „ჩვენ სრულფასოვანი პოლიტიკური ძალა ვართ“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ მკვეთრად გამოხატული ლიბერალური ხედვის პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურის მოდელის ეტაპობრივ ცვლილებასაც კი ჰპირდება.

„დღეს სავალდებულო სამსახური 2-წლიანია ქალებისთვის და 3-წლიანი -მამაკაცებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდეს სავალდებულო სამსახური, მაგრამ იყოს 6-თვიანი ან ერთწლიანი. შემდეგ უკვე ჯარმა აირჩიოს, ვინ უნდა გააგრძელოს სამსახური და ვინ არა“, - აცხადებს ალონი.

ალონი დონალდ ტრამპის “საუკუნის გარიგების” გეგმას სკეპტიკურად უყურებს და საჯარო გამოსვლებში აცხადებს, რომ პალესტინელები, არაბულ სახელმწიფოთა ნაწილთან ერთად, მშვიდობისთვის ჯერ მზად არ არიან:

„ტრამპი ისრაელისა და ებრაელების მიმართ ამერიკის ყველაზე მეგობრული პრეზიდენტია ისტორიაში. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ებრაელი ხალხის ისტორია არა ვაშინგტონში, არამედ იერუსალიმში უნდა იწერებოდეს. ტრამპის გეგმა კარგია ებრაელებისთვის და კარგია პალესტინელებისთვის, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მისი რეალიზაცია მოხდეს. ვფიქრობ, მეორე მხარე ამისთვის ჯერ ვერ „მომწიფდა“, - აცხადებს პარტიის ლიდერი.

ციონ ალონი
ციონ ალონი

პოლიტიკოსი რამდენიმე დღის წინ ისრაელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა და კმაყოფილია, რომ ეს შესაძლებლობა მიეცა. იგი თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოში “ცუდად იმუშავებს”. ამ აზრის მომხრეებს, როგორც წესი, დასტურად ისრაელის არც ისე კარგი გამოცდილება მოჰყავთ. ბოლო ერთ წელიწადში იქ არჩევნები მესამედ იმართება.

„ისრაელში აქამდე ყველაფერი კარგად მუშაობდა. რა მოხდა ახლა? მემარჯვენე და მემარცხენე ძალებმა თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს. არჩევნების შემდეგ ავიგდორ ლიბერმანის პარტიამ („ჩვენი სახლი - ისრაელი“ ) ცოტა ბუნდოვანი პოზიცია დაიკავა და მხარი არ დაუჭირა არც მემარჯვენე და არც მემარცხენე მთავრობის ფორმირებას. ამ სიტუაციას სისტემურ ხარვეზს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ერთი პოლიტიკოსის გაურკვეველ პრიორიტეტებთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

ციონ ალონი უკვე მართავს აქტიურ კამპანიას და იმედი აქვს, რომ ამომრჩეველთა მხარდაჭერას მოიპოვებს. საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG