Accessibility links

ქვემო ქართლში შიდასაქალაქო მარშრუტებზე შეწყდება სამგზავრო მიკროავტობუსების გადაადგილება


რუსთავი

18 მარტიდან ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ორი კვირით შეწყდება სამგზავრო მიკროავტობუსების მოძრაობა შიდასაქალაქო მარშრუტებზე, ხოლო საქალაქთაშორისოზე მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ქვემო ქართლში შიდასაქალაქო მარშრუტებზე ჯერჯერობით იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი.

„რაც შეეხება საქალაქთაშორისო ხაზებს, მაგალითად, რუსთავი-თბილისის მიმართულებას, 11 მარშრუტიდან დარჩება ექვსი, მიკროავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რათა არ მოხდეს კოლაფსი და ეს სერვისი დარჩეს მოსახლეობას, გადაუდებელი საჭიროებისათვის“, - თქვა რეხვიაშვილმა.

რუსთავი
რუსთავი

მისივე თქმით, ანალოგიური სავალდებულო შეზღუდვები დაუწესდა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიას. ამავე ბრიფინგზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ თბილისის მიმართულებით დარჩენილი ექვსი მარშრუტი მგზავრთა ნაკადს გაუმკლავდება, რადგან, „თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის“, თბილისში დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიას შეუძლია, დისტანციურად იმუშაოს.

„ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, და გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს, სავალდებულო რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეუძლია, ორკვირიან ანაზღაურებად შვებულებაში გავიდეს“, - თქვა ირაკლი ტაბაღუამ. „ეს პრევენციული ღონისძიებები მათ დამსაქმებლებს აქამდეც უნდა დაეწყოთ, საუბარია კომერციულ ორგანიზაციებზე“.

ტაბაღუამ გადაუდებელ აუცილებლობაში იგულისხმა პოლიცის თანამშრომლების, სამედიცინო დარგის სპეციალისტების, ასევე კომერციულ ორგანიზაციებში გარკვეულ პოზიციებზე მომუშავეთა საქმიანობა. ასეთები კი, მისი თქმით, დაახლოებით სამი ათასი ადამიანია, როგორც რუსთაველები, ისე თბილისელები.
დღემდე თბილისი-რუსთავის მიმართულებით 205 მიკროავტობუსი მოძრაობდა. ხაზზე 100 ავტომობილი დარჩება.

რუსთავის შიდასაქალაქო მარშრუტზე კი 17 ავტობუსი იმოძრავებს, საღამოს 20:00 საათამდე. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი „გარკვეული გრაფიკით და კონკრეტულ ლოკაციაზე“ იმოძრავებს, თუმცა რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, აიტანს თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთნაკადს. ამასთან, მისივე თქმით, მერია ითვალისწინებს იმასაც, რომ სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტების დროებით დახურვის გამო, მოქალაქეთა ნაწილი ქალაქიდან გავიდა.

რუსთავი
რუსთავი

გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა კი დასძინა, რომ საკითხის ისე დასმა - საკმარისია იქნება თუ არა ტრანსპორტი მგზავრების გადასაყვანად, არასწორია: „ჩვენ ვერ შევქმნით კომფორტს გადაადგილებისთვის, შეიძლება დეფიციტური გახდეს. საქმე ისაა, რომ თუ აუცილებელი არ არის, უნდა მოვერიდოთ მგზავრობას, იმიტომ, რომ კორონავირუსის შეკავება ხელიდან არ გაგვექცეს... პანიკას არ ვთესავ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.

მთავრობის სავალდებულო რეკომენდაციების შესაბამისად, 18 მარტიდან რუსთავსა და მთელ ქვეყანაში, დროებით იხურება კაფე-ბარები, სპორტული დარბაზები. პირველ აპრილამდე შეწყვეტილია სწავლა ყველა დონის სასწავლებელში, დახურულია საბავშვო ბაღები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG