Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწინება კონტრაქტით - რატომ არ მოსწონთ ეს პრაქტიკა საქართველოში


საქართველოში საქორწინო კონტრაქტებს წყვილების 1 პროცენტიც კი არ აფორმებს. არადა, ამგვარი ხელშეკრულება ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ეს საუკეთესო საშუალებაა მშვიდობიანად გადაწყდეს ისეთი დავა, როგორიცაა წყვილებს შორის ქონების გაყოფა განქორწინების შემთხვევაში.

მარიამ გინტურს, მომავალმა მეუღლემ ოჯახის შექმნასთან ერთად საქორწინო კონტრაქტის დადებაც შესთავაზა. ისიც დათანხმდა. პროფესიით იურისტი წყვილი ხელის მოწერამდე ნოტარიუსთან მივიდა და ქონებრივი უფლებები გადაინაწილა.

“მეკითხებოდნენ, რად მინდოდა ეს კონტრაქტი? თუ უკვე ფიქრობ, რომ შეიძლება დაშორდეთ, მაშინ რატომ იღებთ ამ გადაწყვეტილებასო. მე კი ვამბობდი, რომ ეს ოჯახის სიმყარესთან და სიყვარულთან არაფერ კავშირში იყო. საქორწინო კონტრაქტი ჩემთვის ძალიან საინტერესო ინსტიტუტია“, ამბობს მარიამი. 5 წლის შემდეგ, ის ისევ ქორწინებაშია და თვლის, რომ საქორწინო კონტრაქტის გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო.

მარიამი და მისი მეუღლე წყვილების იმ ძალიან მცირე რაოდენობას მიეკუთვნებიან, ვინც თვლის, რომ სიყვარულით გადანაწილებული ქონება სჯობს, განქორწინების შემდეგ სასამართლოს დახმარებით გაყოფილ უძრავ-მოძრავ ქონებას. საქორწინო კონტრაქტები ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 151-ჯერ დაიდო. აქედან 3 ხელშეკრულება გაუქმდა.

მონაცემები „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეაგროვეს და ის ნათლად უჩვენებს იმ ტენდენციას, რომ ხელშეკრულებით ოჯახურ თანაცხოვრებას ძალიან ცოტა ირჩევს. 2015-2017 წლებში საქართველოში 77 942 ქორწინება დარეგისტრირდა.

ადვოკატების დაკვირვებით საქორწინო კონტრაქტებს ძირითადად ის წყვილები აფორმებენ, სადაც ერთ-ერთი უცხოელია.

რას ითვალისწინებს კონტრაქტი და რას არა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

კანონი რელიგიურ ქორწინებას არ აღიარებს. კონტრაქტის გარეშე ქონების გაყოფისას ქორწინების ხანდაზმულობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს და თუ ეს ქონება მეუღლეებმა ერთად შეიძინეს, ის შუაზე იყოფა. როდესაც წყვილს ეს პირობა არ აკმაყოფილებს, ქონებას სასამართლო ანაწილებს.

  • საქორწინო კონტრაქტი ფორმდება ნოტარიუსთან და ის ერგება წყვილის მოთხოვნებს არსებულ ან სამომავლო ქონების მფლობელობაზე.
  • ქართული კანონმდებლობით კონტრაქტი წყვილების ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს ვერ არეგულირებს.
  • საქორწინო კონტრაქტი შესაძლებელია გაფორმდეს ქორწინებამდე, თუმცა ძალაში შევა მხოლოდ ქორწინების დარეგისტრირებისას. ასევე, წყვილებს შეუძლიათ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში გააფორმონ ის.
  • კონტრაქტში ცვლილება ან მისი გაწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება და ეს უკანასკნელი არ იწვევს ქორწინების შეწყვეტას.
  • ის რაც ხელშეკრულებაში წერია, მოქმედებას იწყებს მხოლოდ განქორწინების შემდეგ.

მაშინ, როცა საქართველოში წყვილების დიდი უმრავლესობა საქორწინო კონტრაქტის გაფორმებას არც კი განიხილავს, განქორწინების დროს ალტერნატივად რჩება ქონების გაყოფაზე მორიგება, ან სასამართლოზე ამ საკითხის გადაწყვეტა, რაც განქორწინების ისედაც არასასიამოვნო პროცესს კიდევ უფრო უსიამოვნოსა და დროში გაწელილს ხდის.

განქორწინება საქართველოში

იურისტები თვლიან, რომ საქორწინო კონტრაქტებისა და განქორწინების ალბათობას შორის კავშირი არ არსებობს. 2015 წლიდან 2018 წლამდე საქართველოში 37 800-ზე მეტი წყვილი განქორწინდა და ქონება კონტრაქტის გარეშე გაინაწილა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა - 10 452. 2018 წელს კი განქორწინებულთა რაოდენობამ ისევ იკლო. აი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია ბოლო წლების განქორწინების მაჩვენებელში:

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი სოფიო მექანარიშვლი საოჯახო დავებზე მუშაობს. მისი თქმით განქორწინების საქმეების უმრავლესობა სასამართლომდე მიდის, რაც ასე არ მოხდებოდა წყვილს საქორწინო კონტრაქტი რომ დაედო.

"დავის საგანი ხშირად ხდება თანასაკუთრებიდან გამომდინარე უფლებები ქონებაზე. თუმცა, როცა დროის დაზოგვა და სასამართლოს გარეშე პროცესის წარმართვა შესაძლებელია, ჩვენ მორიგებას ვურჩევთ ხოლმე", ამბობს სოფიო მექანარიშვილი.

საქართველოში საქორწინო კონტრაქტის დადება 1997 წლიდან არის შესაძლებელი, თუმცა 22 წლის შემდეგაც ის ბევრი წყვილისთვის კანონის უცნობ ან თეორიულ ფორმულაციად რჩება.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG