Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის რვა სკოლაში სასწავლო გარემო გაუმჯობესდება


რეაბილიტაციის პროცესი ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში
რეაბილიტაციის პროცესი ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში

ქუთაისის 37 საჯარო სკოლიდან რვაში - №5, №10, №13, №17, №30, №32, №33, №36 - ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება და მომავალი წლიდან რამდენიმე ათასი მოსწავლე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ შენობებში ისწავლის. ამას უზრუნველყოფს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტი, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აფინანსებს.

ფონდის ინფორმაციით, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას და სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლისთვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარია.

აშშ-ის მთავრობა აფინანსებს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას დასავლეთ საქართველოში

  • ქუთაისის 37 საჯარო სკოლიდან რვაში ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება.
  • სკოლების რეაბილიტაციას უზრუნველყოფს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტი, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აფინანსებს.
  • ფონდის ინფორმაციით, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას და სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლისთვის.
  • დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარია.
  • ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სულ 91 სკოლის რეკონსტრუქციას 54 მილიონი დოლარით აფინანსებს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა“ და საქართველოს მთავრობას შორის 5 წლის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია საჯარო სკოლების კეთილმოწყობა და მოსწავლეთათვის გარემოს გაუმჯობესება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განმარტებით, საჯარო სკოლები შემთხვევითი შერჩევის სტატისტიკური მოდელით შეარჩიეს და გაითვალისწინეს მოსწავლეთა რაოდენობა და სკოლის შენობების მდგომარეობა.

ქუთაისის სკოლებში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ჯანერ იდლმენმა. მისი განცხადებით, „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ მიზანია სკოლებში შეიქმნას პირობები სწავლის ხარისხის ასამაღლებლად. მისივე თქმით, პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით: მომავალ წელს სკოლებში დახვდებათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორიების აღჭურვას. მისი შეფასებით, ტექნიკური საშუალებებით მოწყობილი სივრცეები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კრეატიული აზროვნების განვითარებას.

ქუთაისის მეხუთე საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტში ჩართულ სკოლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მცირეა, 150 მოსწავლე ირიცხება. სკოლის შენობა, რომელსაც მომავალ წელს 80 წელი უსრულდება, რამდენჯერმე გარემონტების მიუხედავად, ამორტიზებული იყო და მოსწავლეებს საფრთხეს უქმნიდა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მთავარი ინჟინრის, ქართლოს ყიფიანის, ინფორმაციით, ძველი სამშენებლო მასალისგან გასუფთავებისას გამოჩნდა დამატებითი საჭიროებები და რადგან შენობების უმეტესობას ექსპლუატაციის ვადა უკვე დიდი ხნის გასული აქვს, გამაგრება სჭირდება საძირკველს, კედლებსა და სახურავს. ქართლოს ყიფიანის განცხადებით, სკოლებში სრულიად დაცული იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოება შესაძლო ხანძრის, მიწისძვრისა და სხვა პოტენციური საფრთხეების დროს.

ფონდის წარმომადგენლები ეცნობიან რეაბილიტაციის პროცესს
ფონდის წარმომადგენლები ეცნობიან რეაბილიტაციის პროცესს

ქართლოს ყიფიანის ინფორმაციით, პროექტში ჩართულ სკოლებს შორის ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე დიდია 1000 მოსწავლეზე გათვლილი 33-ე საჯარო სკოლა. მისი სამსართულიანი შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ქართლოს ყიფიანის განმარტებით, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი სრულად ადაპტირება, თუმცა პროექტის მიხედვით იგეგმება ლიფტის დასამონტაჟებელი ადგილის მოწყობა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინფორმაციით, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარდა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლისა და კახეთის 44 საჯარო სკოლას და ისინი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სულ 91 სკოლის რეკონსტრუქციას 54 მილიონი დოლარით აფინანსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG