Accessibility links

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა


ქუთაისი

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ შეხვედრა გამართა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც არჩევნებს სხვადასხვა დონეზე აკვირდებიან.

საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო წინა არჩევნებზე გამოკვეთილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციების, მოსაზრებების მოსმენა და აზრთა გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის გაზრდას და მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას.

შეხვედრაზე იმსჯელეს „სამართლიანი არჩევნების“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და არჩევნებში სადამკვირვებლო მისიით ჩართული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ დაწერილ საჩივრებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა ან ნაწილობრივ გაითვალისწინა.

59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია და 28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისას, მეტი გამჭვირვალობისა და მედიასთან გახსნილი კომუნიკაციისთვის, საჯარო იქნება კომისიის წევრთა არჩევის პროცედურა, ასევე შეუფერხებლად იფუნქციონირებს facebook გვერდი, სადაც წინასწარ აიტვირთება ინფორმაციები საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საჯარო იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის.

ავთანდილ ოსეფაიშვილი, ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი შესაძლებლობები, რათა არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ და სამართლიანად, კანონის შესაბამისობის სრული დაცვით. იქნა მიღებული გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება საარჩევნო უბნების საქმიანობის იმ დებულებას, როდესაც ნებისმიერ სადამკვირვებლო მისიას მიეცემა საშუალება ძალიან მარტივად დაარეგისტრიროს საჩივარი, განცხადება, მიუთითოს რაიმე დარღვევის შესახებ და, შესაბამისად, ორივე მხარის ერთობლივი ჩართულობით, საარჩევნო უბნებზე დროულად გამოსწორდეს არსებული ხარვეზები.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG