Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ოპოზიციას დეპუტატობის ერთიანი კანდიდატი არ ეყოლება - კარგია ეს თუ ცუდი?


ოპოზიციური პარტიების ბანერები ქუთაისში
ოპოზიციური პარტიების ბანერები ქუთაისში

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის მნიშვნელობაზე ლაპრაკობს, ამ კანდიდატზე ვერ თანხმდება. ქალაქი ერთდროულად ირჩევს პარლამენტარს და მერს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის”, „ევროპული საქართველოსა“ და „ლელო საქართველოსთვის“ - ოფისები ქუთაისში ქალაქის ისტორიულ უბანში, თამარ მეფის ქუჩაზე, შეიძლება ითქვას, გვერდიგვერდაა. დღეს ამავე ქუჩაზე ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების რიგს კიდევ ერთი, „თავისუფალი საქართველოს“, ოფისიც მიემატა.

შენობებზე მხოლოდ პარტიების სიმბოლოიანი ბანერებია გაკრული, პოლიტიკური სარეკლამო ან სააგიტაციო მასალა ქალაქში ჯერჯერობით არ ჩანს. არადა, 3 თვეში ქუთაისმა მაჟორიტარობის დეპუტატი უნდა აირჩიოს. შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ქალაქში მერის რიგგარეშე არჩევნებიც ტარდება.

პირველი კანდიდატები

პირველად კანდიდატი „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა: მაჟორიტარი დეპუტატის სავარძლისთვის პარლამენტში კენჭს იყრის ექიმი, „კლინიკა-ლჯ“-ისა და „ლჯ და კომპანიის“ ერთ -ერთი დამფუძნებელი, ზაზა ლომინაძე. მერობის კანდიდატის ვინაობა საჯაროდ ჯერ არც ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადებია.

გამოკითხულთა 29 %-მა თქვა,  დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მივცემდითო; 17 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას, 6 % - „ევროპულ საქართველოს“

აგვისტოში გეგმავს მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების დასახელებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი. მიუხედავად არაერთი განცხადებისა, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდებოდა, ჯერჯერობით ასეთი შეთანხმების პერსპექტივა არ ჩანს და, წინასწარი შეფასებებით, 2020 წლის არჩევნებისთვის ქუთაისში როგორც მაჟორიტარობის, ასევე მერობის კანდიდატები მრავლად იქნებიან.

მას შემდეგ, რაც თბილისის 8 ოლქზე შეთანხმდა გაერთიანებული ოპოზიცია და საერთო კანდიდატები წარადგინა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, რომ რეგიონებში ერთიანი კანდიდატების ყოლის სურვილი არ ჰქონდა და დარჩენილ 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება, რადგან თვლის, რომ ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. თუ ისევ გაუჩნდება „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამშრომლობის სურვილი, უკეთესი იქნება“, - აცხადებს “ევროპული საქართველოს “ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი, დავით გოგისვანიძე.

პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე, ქუთაისის მერობის კანდიდატად კი გრიგოლ შუშანია სახელდება, რასაც ადასტურებს თავად გრიგოლ შუშანია, რომელიც ამჟამად ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია.

„მერობის კანდიდატად მეც განვიხილები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ აგვისტოში. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, ის იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქუთაისში, რომელსაც აქვს კომპეტენცია და რესურსი იმისა, რომ ქალაქის მაჟორიტარი გახდეს პირველივე ტურში. თუ სხვა პარტია გადაწყვეტს, რომ გახდეს ოპოზიციის ოპოზიცია და კონკურენციაში შევიდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გაუშვას ხელისუფლებიდან, ეს მისი გადასაწყვეტია“, - აცხადებს გრიგოლ შუშანია.

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაწილობრივ ერთპარტიული გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც თავად ეცდებიან, რომ საერთო კანდიდატზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმდნენ.

როგორია ამომრჩევლის დაკვეთა

„ედისონ რისერჩის“ ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29 %-მა თქვა, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მივცემდითო; 17 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას, 6 % - „ევროპულ საქართველოს“, 4-4 % კი - „ლეიბორისტულ პარტიას“ და „პატრიოტთა ალიანსს“. სხვა რამდენიმე პარტიამ, ჯამში, 9 % მოაგროვა.

ამ მონაცემებმა და იმან, რომ გამოკითხულთა 28 %-ს არჩევანი ჯერ არა აქვს გაკეთებული, კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ოპოზიციას მეტი შანსები ექნებოდა ერთიან კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში.

ქუთაისი
ქუთაისი

„ვერ შეჯერდება ოპოზიცია, „ოცნებას“ კარგი კანდიდატი ჰყავს და, ალბათ, გაუჭირდებათ მოგება“, - გვითხრა შუახნის მამაკაცმა, რომელიც ბულვარში მეგობრებთან ერთად განიხილავდა პოლიტიკურ ამბებს.

ქუთაისელებს, რომლებსაც რადიო თავისუფლებამ ამ თემაზე აზრი ჰკითხა, ამბობენ, რომ ცხადი ჯერ არაფერია, გარდა იმისა, რომ რთული არჩევნები ელოდებათ:

„შევხედავ კანდიდატებს და მერე მივიღებ ხმის მიცემის გადაწყვეტილებას. თუ ერთი კანდიდატი ეყოლებათ, ოპოზიციას, ალბათ, აქვს შანსი მოიგოს“, - ამბობს ახალგაზრდა ქალი აგრარულ ბაზარში.

„ჯერ ადრეა, არჩევნებამდე დრო გვაქვს და მოვიფიქრებ. ისე, მე მაინც ოპოზიციას მივცემ ხმას. ვის, ეს ჩემი საქმეა“, - არ გაამხილა თავისი სიმპათიები ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ავტობუსს ელოდებოდა.

„მე არ ვარ კოალიციური მთავრობის მომხრე, ვერც ერთი საკითხი ვერ გადაწყდება. მრავალპარტიული მმართველობის მაგალითი გვაქვს 90-იან წლებში და არ იყო ეფექტური. ახლა უარესი სიტუაციაა. ამიტომ მირჩევნია უმრავლესობაში დარჩეს ის გუნდი, რომელიც ახლა მართავს ქვეყანას“, - გვიპასუხა ასაკოვანმა კაცმა, რომელიც პროფესიით იურისტია.

ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანში 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ბოლო ორ არჩევნებზე ქუთაისში „ქართულ ოცნებას“ მოსაგებად მეორე ტური დასჭირდა. საპრეზიდენტო არჩევნებისას ქუთაისი იყო იმ ხუთ მუნიციპალიტეტს შორის, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების საკმარისი ოდენობა ვერ მიიღო.

ერთიანობა არჩევნებამდე თუ მერე?

„თუ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ექნება მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ეს იქნება კარგი საშუალება, რომ მაქსიმალურად დაფიქსირდეს ოპოზიციური განწყობის ამომრჩევლის ნება. მთავარია უმრავლესობით მოსულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთიანობა შეინარჩუნოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერი გიორგი თევდორაძე და იქვე ამატებს, რომ, მაჟორიტარობის კანდიდატისგან განსხვავებით, მერობის კანდიდატზე შეთანხმება არ მომხდარა.

ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატებიც. პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია არ გამორიცხავს, რომელიმე კანდიდატად თავად ის წარადგინოს პარტიამ.

„ქუთაისში ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენა არ გაამართლებს, რადგან ამომრჩეველს ვერ ეტყვი, რომ ხმა პროპორციული წესით ერთ პარტიას მისცეს და მაჟორიტარი სხვა პარტიიდან შემოხაზოს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა პარტიას ეყოლება საკუთარი კანდიდატები. ჩემი დაკვირვებით, ქალაქს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რაც აუცილებლად აისახება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რაოდენობაზე“, - ამბობს იგი.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების შესარჩევად მოსახლეობის გამოკითხვის გზა აირჩია პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ“. როგორც პარტიის ქუთაისის ოფისში განმარტავენ, ამომრჩეველს საკუთარი კანდიდატების დასახელება, ერთი კვირაა, ონლაინ სპეციალურად შექმნილ ვებსაიტზე შეუძლია.

კელი დეგნანი ქუთაისში
კელი დეგნანი ქუთაისში

„დემოკრატიული პროცესისთვის დამახასიათებელია დათმობები და კომპრომისები, სხვადასხვა საკითხების განხილვა, დისკუსია თემებზე და შემდგომ [მათი] პლატფორმებში ასახვა. შესაბამისად, რაც ხდება საქართველოში, ეს ჯანსაღი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია პარტიებმა ყურადღება გადაიტანონ საარჩევნო პროგრამებზე, რადგან ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს კონკრეტული პარტიის პლატფორმა და პროგრამა“, - განაცხადა გუშინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

ელჩი კელი დეგნანი, მეორე დღეა, ქუთაისს სტუმრობს. იგი ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ამერიკის ელჩი სხვა საკითხებთან ერთად რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს ეცნობა.

XS
SM
MD
LG